სამება, ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავის სიმბოლო – ჯანსუღ ბაბუნაშვილი

სამება, ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავის სიმბოლო – ჯანსუღ ბაბუნაშვილი

167
გაზიარება

ამ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ბატონი გიგა ბათიაშვილის ფეისბუქწერილი, რომელიც ეხება სამების ტაძრის მშენებლობისათვის ადგილის შერჩევას და მინდა გარკვეული კორექტირება შევიტანო ამ წერილში, თან მოგახსენოთ სამების ტაძრის მშენებლობისათვის ადგილის შერჩევის დოკუმენტებზე დაყრდნობილი მოკლე ისტორია:

ბატონი გიგა აღნიშნავს, რომ სამების ეკლესიის მშენებლობისათვის შეირჩა მახათას მთა, რაც არ არის სწორი. ტაძარის მშენებლობისათვის შეირჩა „ავლაბარი“(მახათას მთა უფრო შორს მდებარეობს) კერძოდ კი, ყოფილი მეგობრობის პარკის, ასევე, ყოფილი „ხოჯევანქის“ სასაფლაოს ტერიტორია. ტერიტორიას უფრო „ელია“ შეიძლება ეწოდოს, მაგრამ არც ეს არის სწორი მისამართი, რადგან „ელია“ რკინიგზის გადაღმა არსებობდა და არსებობს დღესაც.

ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ, პატრიარქმა 1988 წ. 24 აგვისტოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის დაარსების 1500 წლისთავთან დაკავშირებით, საქალაქო საბჭოს აღმასკომის მაშინდელ თავმჯდომარეს, აწ განსვენებულ ირაკლი ანდრიაძეს მიმართა წერილობით და ითხოვდა ავტოკეფალიის 1500 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში აშენებულიყო სამების სახელობის საკათედრო ტაძარი. ირაკლი ანდრიაძის რეზოლუციით, მაშინდელ მთავარ არქიტექტორს, ცხონებულ ბატონ შოთა ყავლაშვილს დაევალა ამ მიზნით წარედგინა სათანადო წინადადება. თავის მხრივ, ბატონმა შოთა ყავლაშვილმა, მოლაპარაკების მიზნით, წერილი დამაწერა მე ( ამ დროს ვხელმძღვანელობდი ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ინსპექციას, შემდგომში – სამმართველოს).

საკითხი იმდენად უმნიშვნელოვანესი იყო, რომ ჩემს და თუ გნებავთ, შოთა ყავლაშვილის დონეზე ვერ გადაწყდებოდა, რადგან სამების ეკლესია ქართველი ხალხის კუთვნილებაა, რომელმაც საუკუნეებს უნდა გაუძლოს, ამიტომ მოვილაპარაკეთ, რომ ქართველი ხალხის წარმომადგენლობით, შექმნილიყო კომისია, რომელიც შეიმუშავებდა წინადადებას და კონცეფციას ტაძრის ასაშენებლად ადგილის შერჩევის შესახებ. ხოლო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომს ვთხოვეთ ამ დავალების შესრულება გადაევადებინა გარკვეული დროით.

ამის შემდეგ შევადგინეთ კომისიის წევრების 19-კაციანი სია ფართო წარმომადგენლობით. კომისიის თავმჯდომარე იყო ბატონი ირაკლი ანდრიაძე, ხოლო მოადგილე ბატონი შოთა ყავლაშვილი. ამასთან კომისიაში მონაწილეობას იღებდნენ საპატრიარქოს წარმომადგენლებიც, მათ შორის, მისი უწმინდესობა ილია მეორე. კომისიის ერთ-ერთ წევრად ასევე არჩეული იქნა ბატონი გიგა ბათიაშვილიც.

კომისია შეიკრიბა მთავარი არქიტექტორის ოფისში და გაიმართა მწვავე კამათი და მსჯელობა. უნდა ითქვას, რომ კომისიის თითქმის ყველა წევრი წინააღმდეგი იყო თბილისში საკათედრო ახალი ტაძრის მშენებლობის. კომისიის წევრთა აზრით, საკათედრო ტაძრის თბილისში გადმოტანა აკნინებდა მცხეთას, როგორც საეკლესიო ცენტრს. გარდა ამისა, წინააღმდეგობა გამოითქვა ტაძრის სიმაღლის გამო (ტაძარი, პატრიარქის მოთხოვნით, უნდა ყოფილიყო სვეტიცხოველზე მაღალი და დიდი). გარდა ამისა, კომისიაზე წარმოითქვა აზრი, რომ ტაძრის მშენებლობას სჭირდებოდა საკმაოდ დიდი მიწის ნაკვეთი, ხოლო საპატრიარქოს მოთხოვნით, ტაძრისათვის ქალაქის ცენტრში უნდა გამოძებნილიყო მიწის ნაკვეთი. ასეთი თავისუფალი ტერიტორია კი ისტორიულ ნაწილში არ არსებობდა. სამწუხაროდ, კომისიაზე შედეგი ვერ იქნა მიღწეული, ამიტომ დავალების შესასრულებლად ვითხოვეთ დამატებითი დრო. მე ბატონ შოთა ყავლაშვილს შევთავაზე რიყის ტერიტორია, რაზედაც საპატრიარქოც თანახმა იყო, თუმცა რიყეზე ცუდი გეოლოგიის ( მტკვრის კალაპოტი) გამო, ეს ვარიანტი გამოირიცხა. შემდეგ, გიგა ბათიაშვილის წინადადებით, შეირჩა მაშინდელი ქალაქის ავტოინსპექციის, დღევანდელი პრეზიდენტის ყოფილი შენობის მომიჯნავე ტერიტორია, რაც ჩემს და შოთა ყავლაშვილის და არა მარტო ჩვენს (ამ იდეას ბევრი მოწინააღმდეგე ყავდა) წინააღმდეგობას იწვევდა, თუმცა უწმინდესმა მოიწონა ეს ადგილი და მიღებული იქნა კიდეც გადაწყვეტილება.

ასეთი გადაწყვეტილებით, ავლაბრის ეს ნაწილი, ფაქტობრივად, კარგავდა თავის მეტად საინტერესო ავთენტურობას, რომელიც შემდგომში ხელს შეუშლიდა როგორც ტაძრის, ასევე ამ უბნის ნორმალურ ფუნქციონირებას. თუმცა გადაწყვეტილება მიღებული იყო და მე, როგორც ამ საქმის ორგანიზატორს, მხოლოდ ამ გადაწყვეტილების მიხედვით უნდა მემოქმედა.

პარალელურად, გამოცხადებული იქნა ტაძრის პროექტირებაზე კონკურსი, რომლის ჟიურის თავმჯდომარე იყო მისი უწმინდესობა. კონკურსზე წარმოდგენილი იქნა ბევრი საინტერესო პროექტი, მათ შორის, მოდერნის სტილშიც (ავტორი ნ.ქვათელაძე). ვინაიდან საპატრიარქოს კატეგორიული მოთხოვნა იყო ტაძრის კანონიკურად აგება, ჟიურის გადაწყვეტილებით, არჩევანი შეჩერდა, უფრო სწორად, უწმინდესის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად გამოვლინდა აჩიკო მინდიაშვილის პროექტი, რომელმაც სიმართლე უნდა ითქვას, ბრწყინვალედ გაართვა თავი ტაძრის მშენებლობის ბოლომდე მიყვანას.

ასევე, პარალელურად, დაიწყო წითელ ხაზებში მოქცეული საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობის გაყვანის პროცედურა (გასაყვანი იყო, თუ მეხსიერება არ მღალატობს, 130-ზე მეტი ოჯახი). სხვათა შორის, ადგილობრივ მოსახლეობას არანაირი წინააღმდეგობა არ გამოუთქვამს მათი ამ ადგილიდან გასახლების გამო. შემდეგ ეტაპზე დაიწყო კიდეც სამრეკლოს მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები, თუმცა გეოლოგები გვარწმუნებდნენ, რომ ადგილი არ იყო სანდო ტაძრის მშენებლობისათვის, რადგან აქ დღესაც მოუწესრიგებელია მიწისქვეშა წყლების პრობლემა.

1990-იან წლებში ქვეყანაში ცნობილმა მოვლენებმა შეაფერხა მოსახლეობის გაყვანა და მშენებლობაც დაკონსერვდა. უკვე ნათელი იყო, რომ შერჩეულ ადგილზე ტაძარი ვერ აშენდებოდა, რადგან ქალაქს არანაირი რესურსი არ გააჩნდა საიმისოდ, რომ შერჩეული ადგილიდან მოსახლეობა გაეყვანა. ასე განვლო წლებმა, თუმცა ტაძრის მშენებლობის იდეას ერთი წუთითაც არ დაუკარგავს აქტუალობა და 1995 წელს ძალიან მარტივად შერჩეულ იქნა დღევანდელი ადგილი გამარჯვების პარკის, ადრინდელი „ხოჯევანქის“ სასაფლაოს ტერიტორია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პარკი უნიკალურ პარკად ითვლებოდა ქალაქში, რადგან ის 1.5-2 მ. დიამეტრის ძელქვის ხეებით იყო დაფარული. პარკის გაშენება უკავშირდება გასულ საუკუნეში 30-იან წლებში სასაფლაოს დახურვას და მის ადგილზე, ბერიას გადაწყვეტილებით, პარკის მოწყობას.

უნდა აღინიშნოს, რომ სამების კომპლექსის მთლიანი მშენებლობისათვის დღესაც არ არის გამოთავისუფლებული მის მიწის ნაკვეთის წითელ ხაზებში მოქცეული ტერიტორია. მეტად მწვავედ იდგა საკითხი ტაძრის მომიჯნავედ არსებული სომხური ე.წ. პანთეონის წითელ ხაზებში მოხვედრაზე, რომელიც საბოლოოდ გაიმიჯნა ტაძრისაგან და დარჩა როგორც პანთეონი. სხვათა შორისა ამ ე.წ. პანთეონში დაკრძალულია ოვანეს თუმანიანი.

დღეისათვის სამების ტაძრის სივრცითი მოცულობითი გადაწყვეტა თვალს და უკვე გარემოსაც შეგუებული ნაგებობაა, რომელმაც საუკუნეებს უნდა გაუძლოს.

თანდართული მასალები:

 

 

ავტორი: ჯანსუღ ბაბუნაშვილი

კომენტარი