თბილისის ბიბლიოთეკების სახელდების პროცესი დასასრულს უახლოვდება

თბილისის ბიბლიოთეკების სახელდების პროცესი დასასრულს უახლოვდება

72
გაზიარება

თბილისის ბიბლიოთეკების უმრავლესობას ამჟამად მხოლოდ ნუმერაცია აქვს მინიჭებული. თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიისა და ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ ინიციატივით დაწყებულია მუშაობა, რომ ყველა ბიბლიოთეკას სახელი მიენიჭოს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 26 ნოემბერს თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის მორიგ სხდომაზე ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ ფილიალების სახელდების საკითხი განიხილეს.

სახელდების სრული პროექტის საზოგადოებისთვის წარდგენა მომავალი წლის იანვარში იგეგმება.

„თბილისის ბიბლიოთეკებისთვის სახელწოდებების მინიჭება მათი ახალი სიცოცხლის დაწყების სიმბოლოდაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამასთან საზოგადოებას იმ ადამიანებსაც გავაცნობთ, რომლებსაც საქართველოში წიგნიერების განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი, თუმცა, მათ ნაწილს, ფართო საზოგადოება ნაკლებად იცნობს“, – ამბობს თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

ბიბლიოთეკების სახელდებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა მიმდინარე წლის ივლისში გაიმართა. კომისიაში თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლების გარდა შედიოდნენ ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი და მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძე.

კომისიამ სახელდებისთვის ის მწერლები და საზოგადო მოღვაწეები შეარჩია, რომლებსაც ქართული ლიტერატურისა და წიგნიერების განვითარებაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი, ზოგი მათგანი კი ფართო საზოგადოებისთვის შედარებით უცნობია. მათ შორის არიან: ძმები ზუბალაშვილები, ეკატერინე თამამშევა, მარო მაყაშვილი, მარიამ დემურია, ოლღა გურამიშვილი, აკაკი შანიძე, შალვა ნუცუბიძე, ტერენტი გრანელი, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი, იაკობ მანსვეტაშვილი, ოთარ ჭილაძე, მერაბ მამარდაშვილი, გიორგი ყაზბეგი და სხვები.

კომენტარი