მიწისზედა მეტრო, ახალი საბაგირო გზები და 18-მეტრიანი ავტობუსები თბილისში

მიწისზედა მეტრო, ახალი საბაგირო გზები და 18-მეტრიანი ავტობუსები თბილისში

534
გაზიარება

სატრანსპორტო სიახლეების ტალღა თბილისს, იმედია, მალე გადაუვლის. ყოველი შემთხვევისთვის, დედაქალაქის ხელმძღვანელობა მასშტაბური სატრანსპორტო ცვლილებების მოახლოებას ირწმუნება. როგორც დედაქალაქის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ “სითი კვირასთან” საუბრისას განაცხადა, ახლო მომავალში თბილისს მიწისზედა მეტრო, ახალი საბაგირო გზები და დიდი, 18-მეტრიანი ავტობუსები შეემატება. აღსანიშნავია, რომ სამგორი-ლილო-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ILF Consulting Engineers Austria GmbH-მა უკვე დაასრულა, თუმცა მერია სხვა მიმართულებებსა და პროექტებსაც განიხილავს. თუ რომელი იქნება პირველი, ამას მალე გავიგებთ.

“დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ თითოეული პროექტი, რომელსაც მუნიციპალიტეტი მთავრობის დახმარებით ახორციელებს, შესაბამის კვლევებს ეყრდნობა. სატრანსპორტო პოლიტიკაზე მუშაობა ჩვენ სატრანსპორტო სქემების მოწესრიგებით დავიწყეთ. წინასწარი გათვლებისა და ხარჯთსარგებლიანობის დაანგარიშების შედეგად, დავიწყეთ ქუჩების მოდერნიზება, მულტიმოდალური განაწილების თვალსაზრისით, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო ერთმანეთს დაუკავშირდებიან ისე, რომ ურბანული მობილობა ჩვენი მოსახლეობისთვის უფრო კომფორტული გახდეს.

ამასთან, გამოვლინდა ისეთი მიმართულებები, სადაც არსებული სატრანსპორტო საშუალებები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა განახლებას საჭიროებს. შესაბამისად, მუშაობა ძალიან ბევრი მიმართულებით მიმდინარეობს. ჩვენ ძალან მალე წარვუდგენთ თბილისს საბაგიროს ახალი ქსელის პროექტს, რომელიც დედაქალაქში სამომავლოდ უნდა განვითარდეს და ჩაანაცვლოს ის საპროექტო წინადადებები, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა. ასევე, უნდა შეიცვალოს მოძველებული საბაგირო  ინფრასტრუქტურა.

გარდა ამისა, დავიწყეთ მუშაობა გენერალურ სატრანსპორტო გეგმაზე და კონკრეტულ კვლევებზე, მათ შორის, მიწისზედა მეტროების სხვადასხვა მიმართულებით საჭიროების გამოვლენისა და შემდგომ დაპროექტების თვალსაზრისით. ძირითადად, 2 ასეთი მიმართულება გვაქვს, სადაც დღეს არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის საკმარისი ნაკადების გადასაყვანად და მოსახლეობის სრულფასოვნად მომსახურებისთვის. საუბარია ლილოსა და დიდი დიღმის მიმართულებებზე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია თბილისსა და რუსთავს შორის და თბილისსა და მცხეთას შორის აგლომერაციის პრობლემის გათვალისწინება, რადგანაც ყოველდღიურად ამ ქალაქებიდან თბილისში სამუშაოდ ძალიან დიდი ნაკადი შემოდის და შემდეგ უკან ბრუნდება. პირველი მიმართულება, რაზეც მუშაობა დავიწყეთ და თანხაც გამოიყო, სამგორი-ლილოს ხაზის ხარჯთსარგებლიანობისა და მშენებლობის ეფექტიანობის კვლევის ჩატარება იყო, რომლის მეორე ეტაპიც აეროპორტი-რუსთავის მიმართულებაა. ძალიან სერიოზულ საერთაშორისო კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ. პირველი ეტაპი, პრაქტიკულად, დასრულებულია. კომპანიამ რამდენიმე სცენარი მოგვაწოდა, რომელთა შორისაც უნდა შეირჩეს ოპტიმალური, ხარჯთსარგებლიანი ვარიანტი, რომელიც ეფექტიანი იქნება როგორც მგზავრთა დროში გადაყვანიდან, ასევე, ამ ტერიტორიების სამომავლო განაშენიანებიდან გამომდინარე.

პარალელურად, მიმდინარეობს გენერალურ გეგმაზე მუშაობა, რომელმაც, დიდი დიღმის მიმართულებით, ზუსტი ინფორმაცია უნდა მოგვცეს – რა დამატებითი ინფრასტრუქტურა იქნება საჭირო იმისათვის, რომ მგზავრების გადაყვანა სრულყოფილად მოხერხდეს. წინ უკვე ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით და ზუსტად ვიცით, ურბანული განაშენიანებიდან გამომდინარე, სად რომელი ტრანსპორტი დაგვჭირდება მომავალი 10-20 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც სრულად ჩანაცვლდება ავტობუსები, მათი გაბარიტებიც გაიზრდება (მერია 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას გეგმავს) და ჩაგვბარდება გენერალური გეგმა, რომელიც ზუსტად გამოავლენს დიდი დიღმისა და გლდანის მიმართულებით დამატებითი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საჭიროების შექმნის საკითხს, დეტალურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. დავიწყებთ პირველი საბაგირო ხაზის მშენებლობის სამუშაოებს, რომლებიც გარეუბნების ცენტრთან და ტურისტულ ადგილებთან დაკავშირების კონცეფციას ეყრდნობა. საბაგირო ხაზები იმ კვანძებს შეაერთებს, სადაც ჩვენ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს მოვისაკლისებთ. არ შეიძლება, რომ ამ საკითხების გათვალისწინების გარეშე, სპონტანურად მივიღოთ გადაწყვეტილებები. საერთო სურათის შეკვრის შემდეგ გადავწყვეტთ, თუ რომელი ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება პირველი. მანამდე კი, მთლიანად უნდა ჩავანაცვლოთ ავტობუსები, და როგორც უკვე ვთქვი, გავზარდოთ მათი გაბარიტები.” – განაცხადა მაია ბითაძემ და აღნიშნა, რომ სამგორი-ლილოს მიმართულებით, კომპანიამ მერიას მიაწოდა 3 სცენარი, რომელთაგან ოპტიმალური ვარიანტი რკინიგზის ლიანდაგთან მინიმალურ კვეთას გულისხმობს, რაც გადაადგილების დროს ამცირებს.

კომენტარი