თბილისის მეტროსადგურებში “ღიმილით” გადაიხდით – ბარათი საჭირო აღარ იქნება

თბილისის მეტროსადგურებში “ღიმილით” გადაიხდით – ბარათი საჭირო აღარ იქნება

807
გაზიარება

“საქართველოს ბანკმა” ინოვაციური პროდუქტი შეიმუშავა, რომლის დახმარებითაც, თბილისის მეტროსადგურებში მგზავრობის თანხას, ბარათის ნაცვლად, “ღიმილით” გადავიხდით. აღნიშნული სერვისი, საცდელი პროექტის სახით, უკვე ფუნქციონირებს მეტროსადგურ “ავლაბარში”.

როგორც “სითი კვირას” “საქართველოს ბანკში” განუცხადეს, გადახდის პროცესი ასეთია: როდესაც თქვენ ტურნიკეტთან მიხვალთ, შეხედავთ კამერას, რომელიც აღიქვამს თქვენს სახეს. 0.5 წამის განმავლობაში, გაიხსნება ტურნიკეტი და თქვენ გასვლას შეძლებთ. იმისათვის, რომ ამ მომსახურებით ისარგებლოთ, საჭიროა, შეხვიდეთ “მობაილ” ბანკში, სადაც გამოჩნდება ღილაკი, რომელზე ხელის დაჭერის შემდეგაც თქვენ გადაიღებთ სელფს. შემდეგ ის ბაზაში აიტვირთება. გარდა ამისა, თქვენ უნდა მიუთითოთ, თუ რომელი ბარათის დამატება გსურთ. ეს ის ბარათია, რომლიდანაც მგზავრობის საფასური ჩამოგეჭრებათ. ყოველ ჯერზე, როცა მეტროთი ისარგებლებთ და სახის ამომცნობ სისტემას გაივლით, თანხა ავტომატურად ჩამოგეჭრებათ ისე, რომ ბარათის თან ქონა საჭირო არ იქნება.

როგორც “საქართველოს ბანკში” აღნიშნავენ, ასე მგზავრობა მოქალაქეებისთვის უფრო კომფორტული და მოსახერხებელი იქნება. მათივე მტკიცებით, ამომცნობი სისტემის მოტყუება შეუძლებელია და სხვისი სახე თქვენსაში არ აერევა.

მომავალი წლიდან ეს ინოვაცია სხვა მეტროსადგურებშიც დაინერგება.

გარდა ამისა, “საქართველოს ბანკი” 2020 წელს ინოვაციების წლად აცხადებს, ამიტომ სიახლეები სხვა მიმართულებითაც გამოჩნდება. მაგალითად, თქვენ შეძლებთ “ღიმილით განაღდებას“, რაც ბანკომატიდან თანხის განაღდების შემთხვევაში ბარათის გამოყენების საჭიროებას ხსნის და კვების ობიექტებში მომსახურე პერსონალისთვის “სამადლობელის” დატოვებას.

 

კომენტარი