“ხედი მამადავითზე” ალექსანდრე როინაშვილის ფოტოარქივიდან

“ხედი მამადავითზე” ალექსანდრე როინაშვილის ფოტოარქივიდან

165
გაზიარება

პირველი ქართველი პროფესიონალი ფოტოგრაფი ალექსანდრე როინაშვილი (ასევე ცნობილი მისი რუსიფიცირებული სახელით ალექსანდრ როინოვი).

ალექსანდრე როინაშვილი

დაიბადა 1846 წელს დუშეთში, ღარიბი გლეხის ოჯახში. მამამისი სოლომონი ყოფილა ხელოსანი, უნაგირების მკეთებელი. 14 წლის იყო ალექსანდრე, მამა რომ გარდაეცვალა და მისი აღზრდა მთლიანად დასწოლია კისერზე მის დედას, მარინეს. იმ რთულ პერიოდში როინაშვილების ოჯახს გვერდში დაუდგა დუშეთის გლეხობა, რომელთაც ითავეს როინაშვილზე მიწერილი ყოველგვარი სახაზინო გადასახადის გადახდა. საარქივო მასალებში შემონახულია ერთი საბუთი, რომელსაც ხელს აწერს 32 პირი.

პირველდაწყებითი განათლება მიიღო ჯერ დუშეთის სასწავებელში, ხოლო შემდეგ სამხედრო აღსაზრდელთა სკოლაში ანანურში. ანანურის სკოლას მეტსახელად კაზარმების სკოლას ეძახდნენ, რადგანაც იქ მოხვედრილ ბავშვებს ადმინისტრაცია არუსებდა, უკრძალავდა ქართულად ლაპარაკს, ამ სკოლაში ალექსანდრე დიდხანს არ გაჩერებულა. აუტანელი რეჟიმის გამო მან თავი დაანება სასწავლებელს და სახლში ბრუნდა. ხელმოკლეობისაგან შევიწროებულმა დედამ ის ქალაქ კავკავში წაიყვანა და მეწვრილმანე ვაჭარს მიაბარა, მალევე დაანება თავი ვაჭრობას და თბილისში ჩამოვიდა.

14 წლის ახალგაზრდა თბილისში მოწყობილა ცნობილ ფოტოგრაფ ხლამოვთან.

რაიმე ხელობის შესწავლა იმ დროს არ იყო ადვილი საქმე, მით უმეტეს ფოტოგრაფიისა. ყოველი ფოტოგრაფი ცდილობდა სხვისთვის არ გადაეცა თავისი ხელობის საიდუმლო.

ოთხი-ხუთი წლის მუშაობის შემდეგ ნიჭიერი ალექსანდრე ხლამოვის მარჯვენა ხელი ხდება. 1860-1865 წლებში ის ხლამოვის დახმარებით ტფილისში სასახლის ქუჩაზე (რუსთაველის პროსპექტი), ქართველი მედსენატის დავით სარაჯიშვილის ძველ სახლში გახსნა თავისი პირველი ფოტო სახელოსნო. როგორც თბილისის გუბერნატორის კანცელარიის განსაკუთრებულ მინდობილობათა მოხელის აღწერილობიდან ჩანს (რომელსაც დავალებული ჰქონდა სტამბების, წიგნის მაღაზიების, ბიბლიოთეკების, ფოტო ატელიების და სხვათა აღრიცხვა), თბილისში მრავალი არაქართველი ფოტოგრაფი ყოფილა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, ხოლო ქართველთაგან პირველ ფოტოგრაფად, რომელსაც თავისი საკუთარი სახელოსნო ჰქონდა იყო ალექსანდრე როინაშვილი.

მის შესახებ როინაშვილის თანამედროვე მოსე ჯანაშვილი წერდა:

„ა. როინაშვილი მიებარა ერთ კეთილ „მესურათხატეს“, ისწავლა მისგან ხატვა. მასწავლებელმა გაგზავნა ის „სურათხატების“ გადასაღებად კახეთს, ნუხას, ბაქოს, დაღესტანს, კავკავს, ოსეთს, იმერეთს, სამცხეს, ქართლს და სხვა. „მესურათხატემ“ მადლობა უთხრა მას და მან შეისყიდა მისგან სასურათხატო.

შემდეგ გაანახლასასურათხატო“ და მის კარიბჭეზე ეწერა: ა.როინაშვილი. მოაწყდა ქალი და კაცი, ვისაც სურდა ეხილა მხატვრობა თავისი სახისა, მხატვრობა კოხტად, ლამაზად და ღირსეულის ხელოვნებით გადაღებული.

ვარძია

გაძლიერდა მუშაობა მთიული გლეხის შვილებისავე თანამონაწილეობით. „სასურათხატომ“ გადაიღო სახეები საქართველოს წარჩინებულ მეფეებისა, მწერლებისა, მღვდელ-მთავრებისა სურათები შესანიშნავ ადგილებისა, ტაძრებისა, ციხეებისა, მხატვრობანი ხატთა, სამკაულთა, ქანდაკებათა, ფულთა; გადაიღო ყოველივე ეს და თავის „სასურათხატოსშესთვისა ნაციონალური იერი.“

ქართული ისტორიული ძეგლების განადგურებამ, სამუზეუმო ნივთების აღვირახსნილმა მიტაცებამ, რის მოწმეც თავად როინაშვილი იყო, ის იმ დასკვნამდე მიიყვანა რომ მხოლოდ ფოტოგრაფიით შეიძლებოდა უტყუარი დოკუმენტური მასალის შემონახვა და დაცვა, უცხოეთში გატანა და ჩვენება იმისა, რისი პატრონი და შემქმნელი იყო ქართველი ერი თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე. „ისტორიულ ნივთებს გვპარავენ, ძეგლები ინგრევა, ცხოვრება წინ მიდის, ადამიანის ყოფა-ცხოვრება იცვლება, ფოტოსურათები მაინც დარჩეს წარსულის საბუთადო“ — ამბობდა ხოლმე როინაშვილი.

ალექსანდრე როინაშვილს არ გამორჩენია თითქმის არც ერთი მისი თანადროული საზოგადო მოღვაწე (მწერალი, პოეტი, არტისტი, ისტორიკოსი და სხვა.), რომელთა ფოტოსურათი არ გადაეღოს. მის მიერ არის გადაღებული ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, ი. გოგებაშვილი, ნ. ცხვედაძე, დ. კიფიანი, ლ. მესხიშვილი, ილია ხონელი, პ. კარბელაშვილი, ე. ჩერქეზიშვილი, თ. რაზიკაშვილი, დუტუ მეგრელი, დ. ჩუბინაშვილი, ან. ფურცელაძე, ვ. გუნია, ია ეკალაძე, ნინო ორბელიანი, მამია გურიელი და სხვები.

ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო შოთა რუსთაველის პორტრეტის დაბეჭდვაც რადგანაც მისი სახება ისევე როგორც ვეფხისტყაოსნის ბევრი ხელნაწერი თითქმის უკვალოდ განადგურებულიყო დროთა განმავლობაში.

ალექსანდრე როინაშვილის ფოტო

ა. როინაშვილი არა მარტო მის თანამედროვე მოღვაწეების სურათებს იღებდა და ნეგატივებს უნახავდა მომავალ თაობებს, არამედ თავგამოდებით ეძებდა ძველ მხატვრული პირების სურათებს, რათა ფოტორეპროდუქციის საშუალებით დაღუპვისაგან გადაერჩინა და, ამავე დროს, საზოგადოებაში გაევრცელებინა.

1880 წლიდან იწყება მისი მეტად ნაყოფიერი მოგზაურობა ფოტო აპარატით ხელში. თბილისიდან წასული როინაშვილი, თელავში სახლდება.

1881 წელს მან დასტოვა კახეთი, სადაც მან გადაიღო ყველა ღირსშესანიშნავი ხუროთმოძღვრული ძეგლი და გადავიდა დაღესტანში, თემირ-ხან შურაში დასახლდა და იქ დარჩა რვა წელიწადს. მან ფეხით დაიარა ყველა ისტორიული ძეგლი, შეაგროვა დიდი ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური მასალა, შესიწავლა და აღწერა ადგილობრივთა ყოფა.

1885 წლის 2 დეკემბერს ის დაღესტნიდან წერილს სწერს ცნობილ ქართველ ისტორიკოსს დიმიტრი ბაქრაძეს.

„… დღეს ერთი თვეა რაც დავბრუნდი დაღესტანში მოგზაურობიდან, სადაც თითქმის მთელი ზაფხული ვმოგზაურობდი და ბევრი კარგი ხედები გადავიღე. გარდა ხედებისა, დარესტანში მცხოვრებლებთაგან ვიყიდე ოცდაატამდინ ძლიერ კარგი და შესანიშნავი ნივთები… გიგზავნით ორ სურათსა, რომელნიც ადგილობრივ მე გამოვხატე. კუბაჩის ძველი მეჩეთის კედლებიდგანა და რომელიც ნამდვილს ამტკიცებს, რომელიც ნამდვილს ამტკიცებს, რომ ეს მეჩეთი ოდესმე ყოფილა ქრისტიანთა ეკლესია… ბატონო დიმიტრი! ახლა ორიოდე სიტყვა მინდა მოგახსენოთ ჩემს მოგროვილ ნივთებზე და ჩემს განზრახვაზედ. ამგვარ ნივთების შეძენა და მოპოვება ისე მეხალისება და ისე მიყვარს, რომ თითქმის ყველაფერს ნაკლებულობას დიდის სიამოვნებით ავიტან ხოლმე ოღონდ კი შევიძინო და შევმატო რამე ჩემს კოლექციასა. ამგვარი ხასიათის წყალობით დღეს თითქმის ექვსასი ნაჭერი ნივთი შევიძინე და ვაპირებ მოძრავი მუზეუმის გამართვას. ამგვარი მუზეუმის შედგენა მისთვის განვიზრახე, რომ მინდა ჩემი სიცოცხლის შემდეგ დავუტოვო წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას; საიდგანაც ექნება მუდმივი შემოსავალი თუ საქმეს კარგად აწარმოებს…“

მოძრავი მუზეუმის გამართვას ალ. როინაშვილი 1887 წლიდან შეუდგა. “კავკასიური მუზეუმის” გამოფენები მოეწყო თემირ-ხან შურაში, ასტრახანში, მოსკოვსა და პეტროგრადში. იგი შედგებოდა არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური განყოფილებებისაგან. წარმოდგენილი იყო ათასზე მეტი ფოტოსურათი.

1886 წელს როინაშვილი თბილისში გადმოდის და გადმოაქვს მთელი მისი მოძრავი ქონება. იმდროინდელი ჟურნალი თეატრი წერდა:

„ამ მოკლე ხანში თემირ-ხან შურიდან ჩამოვიდა ქართველი მოგზაური და ფოტოგრაფი ა. როინაშვილი და დიდძალი საარქეოლოგიო ძველი ნივთები და სურათები ჩამოიტანა.“

36 წლის ასაკში როინაშვილი წერს ანდერძს რომლის თანახმადაც ის თავის ქონებას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას დაუტოვებდა.

ანდერძის გაფორმების შემდეგ ის ისევ თემირ-ხან შურაში დაბრუნდა.

1889 წელს ალ. როინაშვილი თბილისში ბრუნდება საბოლოოდ სადაც მან გააგრძელა ქართული კულტურაზე ზრუნვა და პოპულარიზაცია. როინაშვილს თბილისში სამი ფოტო ატელიე ეკუთვნოდა.

ალექსანდრე როინაშვილი იყო იმ პირველთაგანი რომელიც იღწვოდა რომ თბილისში გახსნილიყო ეროვნული მუზეუმი, სადაც თავს მოიყრიდა და შეინახებოდა კავკასიის ეთნოგრაფიული მასალა მათ შორის კი მის მიერ ოცი წლის მანძილზე დაგროვილი უნიკალური მასალა.

1886 წლის 22 მაისს თავისი ნაღვაწი სანოტარო წერილით უანდერძა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. მთელი მისი ქონება: ფოტოგრაფიული სახელოსნოები, ნეგატივები, აპარატები, ფოტო სურათები, არქეოლოგიური და ანტიკვარული ნივთები, აგრეთვე კაპიტალი და მოძრავი ქონება მისი სიკვდილის შემდეგ გადადიოდა საზოგადოების საკუთრებაში.

იქედან გამომდინარე რომ საზოგადოებას არ გააჩნდა შენობა სადაც მუზეუმს განათავსებდა მან თხოვნით მიმართა ზუბალაშვილს შეეწირა მათთვის მიწა მუზეუმისათვის. არქიტექტორ პ.ფ. შტერნს შეადგენინა შენობის პროექტი.

1898 წლის 11 მაისს ალექსანდრე როინაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ნეშტი დაკრძალეს დიდუბის პანთეონში.

1905 წელს ფოტო სახელოსნო ა. როინაშვილის მიერ გადაღებულ ნეგატივებთან ერთად გადავიდა ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის საკუთრებაში.

11 წლის შემდეგ ერმაკოვიც გარდაიცვალა. ექვთიმე თაყაიშვილის ძალისხმევით, რომელიც სპეციალურად გაემგზავრა ქ. ბაქოში ქართველი მრეწველებისაგან ფინანსური დახმარების მიღების მიზნით, დ. ერმაკოვის ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა ა. როინაშვილის ნეგატივების ჩათვლით შეიძინა ისტორიულ-ეთნოგრაფიულმა საზოგადოებამ თბილისის უნივერსიტეტთან ერთობლივად.

პირველი პროფესიონალი ქართველი ფოტოგრაფის და საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე როინაშვილის საფლავის ქვაზე დიდუბის პანთეონში ამოკვეთილია:

„სამაგალითო ქველმოქმედს და თავის ქვეყნისათვის სიყვარულით სავსეს

ალექსანდრე როინაშვილს

1846-1898

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“

წყარო: საქართველოს ფოტომატიანე; nplg.gov.ge.

კომენტარი