მიწისზედა მეტრო – გენგეგმის მორიგი რეკომენდაცია, რომელსაც მხარს პრემიერ-მინისტრი უჭერს

მიწისზედა მეტრო – გენგეგმის მორიგი რეკომენდაცია, რომელსაც მხარს პრემიერ-მინისტრი უჭერს

532
გაზიარება

დედაქალაქის ხელმძღვანელობა მასშტაბური სატრანსპორტო ცვლილებების მოახლოებას ირწმუნება. თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ “სითი კვირასთან” საუბრისას განაცხადა, რომ ახლო მომავალში თბილისს მიწისზედა მეტრო, ახალი საბაგირო გზები და დიდი, 18-მეტრიანი ავტობუსები შეემატება. აღსანიშნავია, რომ სამგორი-ლილო-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ILF Consulting Engineers Austria GmbH-მა უკვე დაასრულა, თუმცა მერია სხვა მიმართულებებსა და პროექტებსაც განიხილავს.

ხსენებული პროექტი ერთ-ერთია მათგან, რომლებიც “სითი ინსტიტუტი საქართველომ” თბილისის განახლებულ გენგეგმაში რეკომენდაციის სახით შეიტანა. მასზე მუშაობა, ფაქტობრივად, გენგეგმის მიღებისთანავე დაიწყო – მერიამ გამოაცხადა 3-ეტაპიანი ტენდერი, რომელშიც ILF Consulting Engineers Austria GmbH-მა გაიმარჯვა. როგორც “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორი მამუკა სალუქვაძე აღნიშნავს, სწორედ ამ კომპანის კვლევამ უნდა განსაზღვროს პროექტის სიცოცხლისუნარიანობა.

“ყველა ველოდებით კვლევის შედეგების პირველ ეტაპს, რომელმაც, ტექნიკურად, ამ მარშრუტის არსებობის შესაძლებლობა და შემდეგ ის პერსპექტივა უნდა დაადასტუროს, რომელიც რუსთავს უკავშირდება. უნდა განისაზღვროს კონკრეტული მარშრუტი, რომელიც ახალმა მიწისზეწდა ელექტროტრანსპორტმა უნდა გაიაროს. სამწუხაროა, რომ კვლევის შედეგები ჩვენ ჯერ ისევ არ ვიცით, თუმცა ლაპარაკი მაინც და მაინც მიწისზედა მეტროზე არ არის. ეს შეიძლება იყოს ე.წ. S-Bahn ან ელექტროტრანსპორტის რაიმე სხვა საშუალება, თუმცა ის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი, რომელიც ქალაქისათვის ძალიან მნიშვნელოვან პუნქტებს შეაერთებს.

დამაიმედებელია პრემიერ-მინიტრის, გიორგი გახარიას პოზიციაც, რომელიც ყოველთვის უჭერდა მხარს ამ პროექტს. ვფიქრობ, თუ კვლევები საშუალებას გვაძლებს, მერიამ ამ ქალაქისთვის ისტორიული და მსხვილი პროექტის განხორციელებაზე უარი არ უნდა თქვას.” – მიიჩნევს მამუკა სალუქვაძე.

Image result for s bahn

მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი გარკვეულ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს, ის იქნება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პროექტი, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური და ეკოლოგიური თვალსაზრისით. გარდა ამისა, მიწისზედა მეტრო გამოაცოცხლებს იმ ტერიტორიებს, სადაც ის გაივლის.

“როდესაც პროექტის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ლილოს მიმართულება გამართლებული არ არის და იქ განვითარების საშუალება არ არსებობს, ჩვენ ვამბობთ, რომ პირიქით – სწორედ ლილოს მიმართულებაა მნიშვნელოვანი, რადგან აქაა ის საწარმო ტერიტორიები, რომელთა განვითარების პრეტენზიაც გვაქვს. ეს ადგილები არ უნდა იყოს ისე მიგდებული, როგორც დღესაა.” – აცხადებს მამუკა სალუქვაძე.

პროექტის განხორციელების იმედი აქვს „ლილო მოლის“ გენერალურ დირექტორს, გიორგი კვარაცხელიასაც. როგორც ის “სითი კვირასთან” საუბრისას აღნიშნავს, „ლილო მოლი“ პროექტში საკუთარი სახსრებით ჩაერთვება.

“ველოდებით გადაწყვეტილებას, უფრო სწორად, პრეზენტაციას, რომელსაც ქალაქის მერი დაგვპირდა. პრმეიერმა კი დაგვარწმუნა, რომ 2020-2021 წლები ამ პროექტის განხორციელების პერიოდი იქნება. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ ვუთხარით მერიას, რომ იმ სადგურს, რომელსაც ჩვენი სახელი ერქმევა, ჩვენი სახსრებით ავაშენებთ და წვლილს შევიტანთ ამ დიდ პროექტში.” – აცხადებს გიორგი კვარაცხელია.

კომენტარი