რა ეტაპზეა “ღამის ეკონომიკის” პროექტი?

რა ეტაპზეა “ღამის ეკონომიკის” პროექტი?

285
გაზიარება

დედაქალაქის მერად არჩევის შემდეგ, კახი კალაძის ინიციატივამ „ღამის ეკონომიკის“ განვითარების შესახებ დიდი ინტერესი გამოიწვია. პროექტი, რომელიც თბილისის ყველა უბანში ღამის ცხოვრების გამრავალფეროვნებას ისახავს მიზნად, დღესაც აქტუალური განხილვის საგანია.

„ღამის ეკონომიკის“ პრეზენტაციაზე მოსახლეობისთვის ცნობილი გახდა, რომ სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს, საქართველო 11 მლნ ვიზიტორს ელოდება, რომელთაგან  50% ქალაქ თბილისს სტუმრობს. აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე, პროექტის მნიშვნელოვანი მიზანი გახდა  ტურისტთა  ვიზიტის დღეების რაოდენობის გაზრდა, რაც არსებულ რეალობაში დაახლოებით, 2.5-3 დღეს შეადგენს.

რაც შეეხება „ღამის ეკონომიკაში“ ჩართულ დარგებს, იგი მოიცავს ტრანსპორტის სექტორსა და კომუნიკაციას, სასტუმროებს, რესტორნებს, ტურიზმისა და ვაჭრობის სექტორს, სპორტს, კულტურის ინდუსტრიას. მოცემული სექტორების კოორდინირებულ მუშაობას თბილისის მერია უზრუნველყოფს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ხმაურის რეგულირება და უსაფრთხოების საკითხი.

უსაფრთხოების თვალსაზრისით, საგულისხმოა, რომ უკონტროლო ტერიტორიების ნაკლებობა, რასაც თან ახლავს მოქალაქეების გააქტიურება და  მეტი კომუნიკაცია ქუჩაში,  სამართალდარღვევების შემცირების წინაპირობაა. არსებული მოსაზრება დასტურდება შვეიცარიის მაგალითზე, სადაც ზემოხსენებულმა პროცესმა სამჯერ შეამცირა სამართალდარღვევის მაჩვენებელი.

ობიექტურ ფაქტებზე დაფუძნებული გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებისთვის, „ღამის ეკონომიკის“ კვლევაზე ტენდერი მეორედ გამოცხადდა. პირველი მცდელობა, ტენდერში მონაწილე კომპანიების დოკუმენტებში არსებული ხარვეზის გამო, უშედეგოდ დამთავრდა.

რაც შეეხება ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს, დედაქალაქში პარასკევს და შაბათს მოძრაობა დაიწყო N222 „ღამის ავტობუსმა“, რომელიც არამხოლოდ გართობის მსურველთა, არამედ ღამის საათებში დასაქმებულთა გადაადგილებასაც უზრუნველყოფს.

„ღამის ეკონომიკის“ ფარგლებში დაიგეგმა ე.წ. Food Trucks-ების გარკვეულ ლოკაციაზე  განთავსება. პროექტის იდეა ღამის კვების ობიექტებისადმი გაზრდილი ინტერესით არის გამოწვეული.

ინფორმაცია, თუ რა ტიპის პროექტები იგეგმება მომავალში ღამის ეკონომიკის კონცეფციის განსახორციელებლად, ამ ეტაპზე უცნობია.

City Kvira  ამ საკითხთან დაკავშირებულ ნებისმიერ სიახლეს შეგატყობინებთ.

კომენტარი