დღეიდან N 80 სამარშრუტო ხაზზე ახალი ავტობუსი იმოძრავებს

დღეიდან N 80 სამარშრუტო ხაზზე ახალი ავტობუსი იმოძრავებს

126
გაზიარება

დღეიდან დედაქალაქში მოძრავი N80 სამარშრუტო ავტობუსი ISUZU-ს მარკის ახალი 8-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდა, რომელიც მგზავრებს ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაიყვანს. ავტობუსის სამარშრუტო ხაზზე გასვლის პროცესს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრი გიორგი ახვლედიანი, საკრებულოს წევრ ნინო რუხაძესა და მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.
გიორგი ახვლედიანის თქმით, ავტობუსების ჩანაცვლების საკითხი, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
,,მიხარია, რომ დღეს დედაქალაქის ერთ-ერთ დატვირთულ მარშრუტზე ძველი ავტობუსი, ISUZU-ს მარკის ახალი ავტობუსით ჩანაცვლდა. დედაქალაქში არსებული მუნიციპალური ავტოპარკის განახლება ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტული საკითხია. ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ მუნიციპალური ავტოტრანსპორტით გადაადგილება მოსახლეობისთვის მეტად უსაფრთხო და კომფორტული იყოს,“ – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მდივნის, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის წევრის ნინო რუხაძის თქმით, მუნიციპალური ავტოპარკის განახლება აქტიურად მიმდინარეობს და ძველი ავტობუსები ქალაქის ყველა უბანში ჩანაცვლდება.
,,დედაქალაქის მთავრობა სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით გაწერილი გეგმის შესაბამისად მოქმედებს. ჩვენი მიზანია, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი თბილისში გამართული იყოს,“ -განაცხადა ნინო რუხაძემ.

ავტობუსები დედაქალაქის მთავრობამ მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შეიძინა. 220 ერთეული ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები, ისევე როგორც MAN-ის მარკის ავტობუსები euro6 ემისიის სტანდარტის დიზელის ძრავზე მუშაობს. ტრანსპორტი სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი.

კომენტარი