რა უნდა გაითვალისწინონ ვაკის პარკის რეაბილიტაციისას – სპეციალისტების მოსაზრებები

რა უნდა გაითვალისწინონ ვაკის პარკის რეაბილიტაციისას – სპეციალისტების მოსაზრებები

220
გაზიარება

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მერია საჯარო შეხვედრას 7 დეკემბერს, 12:00-ზე ვაკის პარკშივე გამართავს. ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სივრცის რეაბილიტაციაზე კომპანია CBA იმუშავებს. სწორედ ამ კომპანიის წამრმომადგენლები გააცნობენ საკითხით დაინტერესებულ მოსახლეობასა და სფეროს სპეციალისტებს საკუთარ ხედვას და პარკის სამომავლო განვითარების კონცეფციას. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კომპანიაა მზადაა, მიიღოს საზოგადოების შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელთაც პროექტის განხორციელების პროცესში გაითვალისწინებს.

რა უნდა გაითვალისწინოს ვაკის პარკის რეაბილიტაციისას და რა პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს მუშაობის პროცესში კომპანია CBA-მ? “სითი კვირა” დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს წარმოგიდგენთ:

მამუკა სალუქვაძე – “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორი

პირველყოვლისა, გასათვალისწინებელია ის, რომ ეს არის საბაღე-საპარკო ხელოვნების ძეგლი და არა მხოლოდ რეკრეაციული ტერიტორია. ამ ტერიტორიაზე გარკვეული სამუშაოების, რეკონსტრუქციის თუ რეაბილიტაციის ჩატარებას განსაკუთრებული ცოდნა და ტაქტი სჭირდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მოხერხდეს მისი პირვანდელი სახით აღდგენა – გარკვეული ელემენტების, დეტალების, გეგმარებითი სტრუქტურის, კომპოზიციების, მცირე არქიტექტურული ფორმების, ხე-ნარგავების და ა.შ. საბაღე-საპარკო ხელოვნების ძეგლის რეკონსტრუქციები, მეთოდოლოგიურად, ასე კეთდება.

მსგავსი ტერიტორიის გადაქცევა უფრო თანამედროვე სტილის, სხვა დატვირთვების მქონე პარკად, რა თქმა უნდა, გამოიწვევს იმ იერსახის, ფუნქციისა და შინაარსის დაკარგვას, რაც თავიდანვე ჩადებული იყო ამ პარკის კონცეფციაში. ამდენად, ამ ყველაფრის მაქსიმალურად დაცვისკენ მოვუწოდებ მათ, ვინც ამ პროექტზე იმუშავებს.

ნინო ჩხობაძე – „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი

ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ პარკი განახლდეს პრინციპით, რომელიც მას შეუნარჩუნებს რეკრეაციული ზონის ფუნქციას.  ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე დარღვეულია მწვანე ზოლის სტრუქტურა. პარკში წარმოდგენილია შავი ფიჭვის გამხმარი ნაირსახეობა, რომელსაც ჩანაცვლება ესაჭიროება, რადგან ძლიერი ქარის შემთხვევაში, მისი ამ ფორმით არსებობა საფრთხისშემცველია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, პროექტი კვლევით მიღებულ ინფორმაციას ეფუძნებოდეს.

რაც შეეხება, რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებს, მთავარი საშიშროება რეკრეაციულ ზონასთან შეუსაბამო განაშენიანების რისკებს უკავშირდება. საშიშროების რეალურობა გამოწვეულია იმით, რომ ვაკის პარკის საკმაოდ მოცულობითი ზონები პრივატიზებულია.

ზურაბ ბაქრაძე – ქალაქმგეგმარებელი

რეკრეაციული ასპექტის გარდა, გასათვალისწინებელია ქალაქგეგმარების პრინციპები. როგორც ვიცით, ვაკის პარკი ესაზღვრება რამდენიმე მნიშვნელოვან არეალს, მათ შორის, ვაკის განაშენიანებას, ვერას, მთაწმინდამდე არსებულ ფერდობებს, ბაგების ტერიტორიას. აქედან გამომდინარე, საჭიროა ჩამოყალიბდეს მთელი არეალის განვითარების კონცეფცია, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი, როგორც აღნიშნულ ზონებს შორის ურთიერთკავშირი, ასევე ამ ზონათა გაერთიანების ბმა კუს ტბის ფერდობსა და დედაქალაქის დარჩენილ ტერიტორიასთან. აღნიშნული პრინციპი კი, არსებული ფორმით გამოცხადებულ ტენდერში, გათვალისწინებული არ იყო. რამდენად მოახერხებს გამარჯვებული კომპანია ამ ნაკლის აღმოფხვრას, უცნობია. იმედია, ამ საკითხს საჯარო განხილვის პროცესში გაითვალისწინებენ.

გარდა ამისა, ტენდერმა არ გაითვალისწინა მიდგომა, რომელიც უზრუნველყოფდა ვაკის პარკის დაახლოებას ბუნებრივ პირობებთან. ქალაქი ვითარდება ცალმხრივად, რაც გამოიხატება ხელოვნური ჩარევით გამოწვეულ გარემოს დაბინძურებასა და ხმაურში. ამიტომ, აუცილებელია, უარი ითქვას უკანასკნელ წლებში ჩამოყალიბებულ განვითარების პრაქტიკაზე, კერძოდ, რეკრეაციულ ზონებში ატრაქციონების მოწყობაზე, რასაც ამჟამინდელი გარემო პირობების ფონზე, საკმაოდ უარყოფითი გავლენა აქვს.

ამასთანავე, მოსაწესრიგებელია ვაკის პარკისა და კუს ტბის ფერდობების სამანქანო გზების საკითხი. მიწათსარგებლობის გეგმაში სატრანსპორტო ზონის სტატუსი აქვს ამ ტერიტორიაზე არსებულ რამდენიმე გზას, რაც მძიმე შეცდომაა. აღნიშნული კავშირი გამოწვეულია ზემო ვაკეში გაჩაღებული უკონტროლო მშენებლობებით, რაც მწვანე ლოკაციებს გარდაუვალ განაშენიანებას უქადის. მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებულ ტერიტორიაზე არსებული გზების რეაბილიტაციას მხარს უჭერენ მშენებლობის მსურველი აქტორები, საჭიროა ვაკიდან კუს ტბასთან დამაკავშირებელი გზის გარდა, ყველა არსებული კავშირის გაუქმება.

ბიძინა გიორგობიანი – გარემოს დამცველი

პარკის ისტორიული იერსახე უნდა შენარჩუნდეს. საჭიროა მცენარეული საფარის გაახალგაზრდავება, ბავშვებისთვის დამატებითი გასართობი და რეკრეაციული ზონების შექმნა. დღევანდელი მდგომარეობით, პარკს უმეტესწილად უფრო ხანდაზმული ადამიანები და შვილების სასეირნოდ გამოსული ახალგაზრდა მშობლები იყენებენ. ამ ეტაპზე, ჩემთვის პროექტის კონცეფცია უცნობია, თუმცა კარგი იქნება, თუ ეს საკითხი საჯარო კომუნიკაციის ფარგლებში განიხილება და გადაწყდება. ზოგადად, პარკების რეაბილიტაციას და განახლებას მივესალმები.

თემო კალანდაძე – არქიტექტორი

დღეს ვაკის პარკი განიხილება არა იმ ტერიტორიად, რადაც უნდა განიხილებოდეს, არამედ ძალიან მცირე ნაწილზე. რეალურად, ბევრად დიდია. თავდაპირველად, ვაკის პარკისთვის გამოიყო 200 ჰექტარი მიწა, თუმცა პროექტი 120 ჰექტარზე გაკეთდა. ეს 120 ჰექტარი განიხილებოდა ვაკის პარკად. არქიტექტორმა ნელი ციციშვილმა ვაკის პარკი ორ ნაწილად გაყო: ერთი მოწესრიგებული, გაზონებიანი და შადრევნებიანი ნაწილი იყო, მეორე კი – ბუნებრივი პირობებით, სადაც მკაცრად განსაზღვრა, თუ რა უნდა დარგულიყო. შესაბამისად, ვაკის პარკი შედგებოდა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ორი ნაწილისგან.

დავით ნარმანიას მერობისას, დიდი ბრძოლის შედეგად, ვაკის პარკის ტერიტორიას, რომელიც, ოფიციალურად, 19 ჰექტარი იყო, 15 ჰექტარი მოვამატებინე და 34 ჰექტარი გახდა. მიუხედავად ამისა, არც ეს არის საკმარისი.

ახლა, სანამ რეაბილიტაციის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მივწერე მერის მოადგილეს, მაია ბითაძეს, დაგვედგინა ვაკის პარკის რეალური საზღვრები, ყოველი შემთხვევისთვის, იმ ნაწილის მაინც, რაც დაგვრჩა და არ გასხვისდა. ასე რომ, სანამ რეაბილიტაციაზე ვისაუბრებთ, აუცილებელია ამ ტერიტორიის განსაზღვრა და მერე იმის განხილვა, თუ როგორ უნდა რეაბილიტირდეს ვაკის პარკი.

კომენტარი