მწვანე სივრცეები და ველოსიპედები ავტომობილების ნაცვლად – ევროპული ქალაქების ტენდენცია

მწვანე სივრცეები და ველოსიპედები ავტომობილების ნაცვლად – ევროპული ქალაქების ტენდენცია

169
გაზიარება

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, ქალაქების განვითარების ვექტორი საგრძნობლად შეიცვალა. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის არქიტექტორები და ურბანისტები სულ უფრო მეტ დროს უთმობენ საზოგადოებრივი სივრცეების შექმნას. ისინი მაღალსართულიანი შენობებით სავსე ქალაქების გადახალისებას ვერტიკალური მწვანე ბაღებით ცდილობენ.

დიდი მანძილები ქალაქში ავტომობილებზე დამოკიდებულებას იწვევს, რაც, თავის მხრივ, გზების ქსელების განვითარებას გულისხმობს. როგორც WALK, Architecture & Landscape-ის დამაარსებელი ხუან ტური თვლის, დიდი ხნის განმავლობაში, ქალაქები სწორედ მანქანების სასარგებლოდ ვითარდებოდა, მაგრამ უკანასკნელი წლების მანძილზე მიმართულება ფეხით მოსიარულეების სასარგებლოდ შეიცვალა.

“ბოლო დროს ჩვენ თვალყურს ვადევნებდით ცნობიერების ამაღლების პროცესს, რაც აღნიშნულ სფეროში ინვესტიციების ჩადებით გამოიხატებოდა. გულგრილობის ათწლეულების შემდეგ ქალაქში მოქალაქეებისთვის საჯარო სივრცეების მოწყობით დაინტერესება შეიმჩნევა.

ჩვენს დროში უკვე არ არსებობს ორი აზრი იმის შესახებ, რომ ტრანსპორტით დაინტერესებული ქალაქები სხვა მოდელზე უნდა გადაეწყონ, რომელიც ველოსიპედისტებისა და ფეხით მოსიარულეებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე იქნება დაფუძნებული. ეს ისაა, რაც ევროპის დედაქალაქების განვითარებაში მკაფიოდ შეიმჩნევა.”- აცხადებს ხუან ტური.

დიდი ქალაქების მაცხოვრებლებისთვის გამოთქმა “დავისვენოთ ბუნებაში” ქალაქიდან ძალიან შორს წასვლასთან ასოცირდება, მაგრამ რადგანაც ქალაქში მწვანე სივრცეების მოწყობის ტენდენცია გამოიკვეთა,  ნელ-ნელა ხელმისაწვდომი ხდება დაცული ტერიტორიები, რაც მათ მუდმივ რეაბილიტაციას გულისხმობს. მაგალითად, ელისაბედ მეორის ბაღის ლანდშაფტისა და ღონისძიებების ორგანიზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რუთ ჰოლმსის თქმით, აღნიშნული ბაღი და სხვა ისტორიული, მწვანე სივრცე შესაძლოა გახდეს ტურისტებისა და ადგილობრივების მოსაზიდი ადგილი, რაც აღნიშნული ტერიტორიების მოვლა-პატრონობას გულისხმობს. ის მიიჩნევს, რომ ისტორიულ ტერიტორიებზე ახალი ტექნოლოგიების გამოყენების არ უნდა შეგვეშინდეს.

კომენტარი