შემოერთებული ტერიტორიების პრობლემა და პერსპექტივა – სპეციალისტთა მოსაზრებები

შემოერთებული ტერიტორიების პრობლემა და პერსპექტივა – სპეციალისტთა მოსაზრებები

686
გაზიარება

თბილისის ტერიტორიას სტატუს-კვო საქართველოს პარლამენტმა 2006 წლის 20 დეკემბრის დადგენილებით შეუნარჩუნა. დამტკიცდა ახალი საზღვრები და ქალაქს შემოუერთდა სოფლები მათი მიწებითა და შემოგარენის ბუნებრივი-ნახევრად ბუნებრივი სივრცეებით.

2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მონაცემებით, თბილისის ტერიტორიაზე წარმოდგენილია 22 სასოფლო დასახლება, ხოლო მათში მუდმივად მაცხოვრებელი მოსახლეობის რიცხვი 30 420-ია.

თბილისის გენერალური გეგმის მასალებზე დაყრდნობით, სივრცითი მონაცემები თბილისის სოფლების შესახებ ფრაგმენტირებული და მოძველებულია. ცალკეული სოფლების, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის გათვალისწინებული მიწისა და სხვა ბუნებრივი რესურსების საზღვრები არ არის დადგენილი და ამ ტიპის ინფორმაციას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი არ ფლობს. ცნობილია, რომ, საზღვრების ცვლილების შემდეგ, მუნიციპალიტეტის საზღვრებში წარმოდგენილია შემდეგი დაბები და სასოფლო დასახლებები:

•გლდანის რაიონი – სოფელი გლდანი;

•ვაკის რაიონი – ყოფილი დაბა: წყნეთი. სოფლები: აგარაკი, ახალდაბა, ბეთანია, თხინვალი, კვესეთი;

•კრწანისის რაიონი – სოფელი ფონიჭალა;

•საბურთალოს რაიონი – სოფლები: დიდგორი, ზურგოვანა, თელოვანი, სოფელი დიღომი, ძველი ვეძისი, ქოშიგორა;

• სამგორის რაიონი – დაბა: დიდი ლილო. სოფლები – ვარკეთილის მეურნეობა, ნასაგური, პატარა ლილო, წინუბანი.

რა საფრთხეები არსებობს ტერიტორიების შემოერთების პროცესში და როგორ უნდა განვითარდეს ასეთი დასახლებები? “სითი კვირა” დარგის სპეციალისტებს ესაუბრა:

მამუკა სალუქვაძე – „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით, ჩამოყალიბდა გადაწყვეტილება ახალი საზღვრებით შემოერთებულ ტერიტორიებზე, იმ დასახლებებზე, რომლებიც შემოუერთდნენ დედაქალაქს და ინარჩუნებენ გეგმარებით და სივრცით-მოცულობით თვითმყოფადობას, განაშენიანების საკუთარ პარამეტრებს. გენგეგმაში ჩადებულია, რომ არ უნდა შეიცვალოს ამ ტერიტორიების განაშენიანების ხასიათი და მშენებლობებმა არსებულ გარემოში დისონანსი არ უნდა შეიტანონ. განვითარება ამ ტერიტორიებზე დასახლებების გენერალური გეგმებით ან განაშენიანების რეგულირების გეგმებით უნდა დაისახოს. ამ ტერიტორიებზე სხვა სახის განვითარება არ უნდა მოხდეს. სოფლებში, დაბებსა და მსგავს ტერიტორიებზე 12-14-სართულიანი კორპუსების აშენება კატეგორიულად დაუშვებელია. მიუღებელია ამ არეალების ისეთ ურბანულ გარემოდ გადაქცევა, როგორიც ჩვენ ქალაქის განაშენიანებულ ნაწილში გვაქვს.

მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ განაშენიანების ტიპი, ფორმა და გარკვეული ცვლილებების საწინდარი არა წერტილოვანი მშენებლობები, არამედ საერთო ხედვა უნდა იყოს. ამ ტერიტორიებს დაბებს, სოფლებს ჩვენ მაქსიმალურად შევუნარჩუნეთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულები. ტერიტორიები, რომლებიც, ტრადიციულად, საძოვრად ან სათიბად გამოიყენება… განაშენიანებული ტერიტორიების ირგვლივ სწორედ ამგვარი ტერიტორიები უნდა იყოს, რათა სოფლის მოსახლეობას ჩვეული ცხოვრების საშუალება მიეცეს. მიმაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა და ამ საკითხს სხვანაირად ვერ მივუდგებოდით.

ჩვენ რომ ამ ტერიტორიებზე მსგავსი მიდგომა დავაფიქსირეთ, ამაზე მეტყველებს გენგეგმის ერთ-ერთი კონცეპტუალური მიმართულება- კომპაქტურობა. ურბანული ცოცვის თავიდან ასარიდებლად, მაქსიმალურად შევეცადეთ, ლანდშაფტური ზონირების ფორმით, რეკრეაციული და სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების თავდაპირველი ფუნქციით არსებობისთვის შეგვეწყო ხელი.

თემო კალანდაძე – არქიტექტორი

როდესაც დედაქალაქს გარკვეული ტერიტორიები უერთდება, აუცილებელია ვიცოდეთ ადგილობრივი მოსახლეობის აზრი, თუ რამდენად ემხრობიან მათი საცხოვრებელი ტერიტორიის სტატუსის ცვლილებას. აქ გასათვალისწინებელია, მისაღებია თუ არა შემოერთებული ზონების მოქალაქეებისათვის რაიონული ხელისუფლების მიერ გაწეული მომსახურება. ყოველივე ეს განსაზღვრავს ცვლილების შედეგს. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება თავს ართმევს მასზე დაკისრებულ მოვალეობას ინფრასტრუქტურისა და სხვა მიმართულებებით, მაშინ რიგით მოქალაქეთა ინტერესში ეს პროცესი არ არის. ხოლო, თუ მათ მიაჩნიათ, რომ ცენტრი უკეთესად აგვარებს არსებულ გამოწვევებს, ესეც არჩევანის საკითხია. ამ მხრივ, ჩვენ გვაქვს ქალაქის სტატუსის მიღების როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა მაგალითი. აღნიშნული სიტუაციაა შექმნილი მუხათწყაროში, სადაც მოსახლეობის აზრი ორად არის გაყოფილი. აღსანიშნავია ისიც, რომ სტატუსის ცვლილება გარკვეულწილად იწვევს ცხოვრების სტილის შეცვლასაც, რასაც სოფელ დიღმის შემთხვევაში ვაწყდებით.

ჩვენ, აგრეთვე, არ უნდა გამოგვრჩეს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც თან ახლდა ამ პროცესს. მოსაზღვრე ზონების შემოერთებით, თბილისში ხელოვნურად გაიზარდა ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებელი, რაც დედაქალაქში არსებულ რეალურ კლიმატს ვერ ცვლის და მხოლოდ სტატისტიკისთვის თუ გამოდგება. რთულია, დაზუსტებული პასუხი გავცეთ კითხვას, თუ რა მიზნით განხორციელდა ზემოხსენებული მოქმედებები, თუმცა ჩვენ მიერ აღნიშნულმა ფაქტორმა ციფრებში ცვლილება თავისთავად განაპირობა.

ზურაბ ბაქრაძე – ქალაქმგეგმარებელი

ამ საკითხში მთავარი ის არის, თუ რამდენად იცავს კანონმდებლობა ამ ტერიტორიებს შეუსაბამო, ანუ სუბურბანული განაშენიანებისგან. თავის მხრივ, ქალაქის სუბურბანული განვითარება წარმოადგენს საკმაოდ არაჯანსაღ ფენომენს, რომელიც გარემოს დაბინძურებას იწვევს. ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, რამდენად შეუწყო ხელი აღნიშნულმა მოქმედებებმა თბილისს მიერთებული დასახლებული პუნქტების დაცვას არასასურველი ინტერვენციისგან. ჩემი აზრით, გადაწყვეტილების მიღებისას შესაბამის ორგანოებს უნდა ეხელმძღვანელათ პრინციპით, რომელიც ჩვენ მიერ ნახსენებ მიწებს დაუტოვებდა სასოფლო სამეურნეო, სარეკრეაციო და ტყის ზონის სტატუსს. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა აეღო ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელიც აღკვეთდა ყოველგვარ არაადეკვატურ სამუშაოს აღნიშნულ ტერიტორიებზე. ამისთვის კომპეტენტურ სამსახურებს უნდა გაეკეთებინათ დედაქალაქის შემოგარენის მიწათსარგებლობის გეგმები, ხოლო სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მოქმედებამ გაზარდა ქალაქში მწვანე ნარგავების მოცულობა, მოქალაქეებისთვის აბსოლუტურად არაფრისმომცემია, რადგან ქალაქის პერიფერიულ წერტილში არსებული გამწვანებული სივრცე შვებას ვერ მისცემს ცენტრალურ უბნებში დასახლებულ ადამიანებს.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ გადაწყვეტილებით, დედაქალაქის ბიუჯეტმა გარკვეული ფინანსური სარგებელი მიიღო, ვინაიდან შეერთებული სივრცეებისთვის განკუთვნილი თანხები დედაქალაქის საერთო ყულაბაში მოთავსდა. ამ ცვლილების შედეგად გაჩნდა ახალი, ინფრასტრუქტურულად გაუმართავი დასახლებები, რომლებიც სრულად არც ქალაქის ჭრილში ჯდება და არც სასოფლო სამეურნეო მიწის მახასიათებლებს აკმაყოფილებს. ამგვარი ტერიტორიები მთლიანად დამოკიდებულია ინდივიდუალურ ავტოტრანსპორტზე, წარმოადგენს მაცხოვრებელთა ღამის გასათევ ადგილს და დაცლილია ურბანული სოციალური ურთიერთობებისგან. გარდა ამისა, გაფართოების ასეთი ფორმა წინააღდმეგობაშია ქალაქის მიწათსარგებლობის გეგმასთან, სადაც აღნიშნულია, რომ თბილისი უნდა იყოს კომპაქტურად დასახლებული ტერიტორია.

კომენტარი