რა შედეგი შეიძლება მოიტანოს მიკროავტობუსების ჩანაცვლებამ?

რა შედეგი შეიძლება მოიტანოს მიკროავტობუსების ჩანაცვლებამ?

140
გაზიარება

თბილისის მერიამ მიკროავტობუსების კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწია. მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი დაიწყება ისე, რომ მოსახლეობას მგზავრობის ტარიფი არ გაეზრდება. მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ქალაქის მთავრობა და მიკროავტობუსების კომპანია სატრანსპორტო საშუალებების ჩანაცვლებაზე ერთად იმუშავებენ. მეტიც, უახლოეს პერიოდში, 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით, ტენდერი გამოცხადდება.

ჩანაცვლების პროცესი მომავალი წლიდან დაიწყება. დარგის სპეციალისტა ნაწილი ამ იდეას ეჭვის თვალით უყურებს და მიიჩნევს, რომ ახალი გადაწყვეტილება ბევრ კითხვას აჩენს. “საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილის მოსაზრებით, ამ ნაბიჯის გადადგმა ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას გამოიწვევს.

“სპეკულაციები იმის შესახებ, რომ ჩვენ უნდა გვიხაროდეს ახალი მიკროავტობუსების შეძენა, რომლის ტარიფიც არ გაიზრდება, მიუღებელია. აქ უნდა დაისვას მთავარი კითხვა : რატომ არ გამოაცხადა მერიამ კონკურსი და რატომ არ მოიწვია საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ხარისხიანად შეძლებდნენ მგზავრების მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ამ ალტერნატიული რეალობით, ჩვენ არ მოგვიწევდა თანხების ბიუჯეტიდან გაღება. თავის დროზე მოქმედი ყვითელი ავტობუსებიც ამ პრინციპის საფუძველზე შემოვიდა, თუმცა შემდგომ ვერ განვითარდა და ბუნებრივად მივიღეთ ის სავალალო შედეგი, რომლის გამოსწორებასაც ვცდილობთ. საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვთანხმდებით, რომ არსებული ტრანსპორტი ვერ პასუხობს ჩვენ წინაშე მდგარ გამოწვევებს, თუმცა აბსოლუტურად გაუგებარია პრობლემის გადაწყვეტის გაცხადებული გეგმა.

მიკროავტობუსების შესაძენად 30 მილიონი ლარის დახარჯვა სატრანსპორტო სფეროს არცოდნაზე მიუთითებს. არც ერთ განვითარებულ სახელმწიფოში მუნიციპალიტეტი არ ხარჯავს ფულს ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალების შეძენაზე. იქ ტრანსპორტის განვითარება მიმართულია ტრამვაიზე, მეტროსა და ავტობუსებზე. მათ მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებებით ირკვეოდა, რომ ავტობუსები უნდა შესულიყვნენ მიკროავტობუსებთან კონკურენციაში, რაც ამ უკანასკნელის საერთო წილის შემცირებას გამოიწვევდა. თუმცა, რა მივიღეთ დღეს –  ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა. ცალკე განხილვის საგანია დათქმა იმის შესახებ, რომ შემდგომში იგეგმება შეძენილი სატრანსპორტო საშუალებების გაყიდვა. გაუგებარია, რა კანონმდებლობით ხელმძღვანელობენ და რა ლოგიკას ექვემდებარებიან. მერიამ ჯერ თავად უნდა შეიძინოს მიკროავტობუსები და გარკვეული დროის შემდეგ უნდა მიყიდოს კერძო კომპანიას. დავუშვათ, ამ კომპანიას შეექმნა ფინანსური პრობლემები ან საერთოდ დაიხურა, გაუგებარია მერე ვინ შეისყიდის მიკროავტობუსებს ან რა ბედი ელით მათ? და თუ რამდენიმე წლის შემდეგ კონტრაქტორმა მოახერხა სატრანსპორტო საშუალებების ყიდვა, მათი ფასი, პირვანდელთან შედარებით, ბევრად დაბალი იქნება. ჩვენ არ ვიცით, ზოგადად, რომელი ქვეყნის პრაქტიკით ხელმძღვანელობს დედაქალაქის მერია. ასევე, უცნობია, რომელი კომპანია გაიმარჯვებს ტენდერში. ეს უკანასკნელი საკითხი ყურადსაღებია, რამდენადაც არსებობს საშიშროება, რომ დაანონსებული ახალი ტრანსპორტის სახელით, ჩვენ მივიღოთ რუსული კომპანია Газ Групп-ის მიერ წარმოებული პროდუქტი.” – აღნიშნავს დავით მესხიშვილი და მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა, 300 მიკროავტობუსის ნაცვლად, 100 ავტობუსი შეგვეძინა, რადგან ამის საჭიროება თვალშისაცემია. ახალი ავტობუსები მხოლოდ ძველს ანაცვლებს და რაოდენობრივი ზრდა არ შეინიშნება.

“საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე „City Park-ის“ შემთხვევას იხსენებს, როცა კომპანიის მიერ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა კონტრაქტის გაწყვეტით დასრულდა.

“თუ „City Park – ის“ შემთხვევაში, კომპანიის მიერ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა დასრულდა მათთან კონტრაქტის გაწყვეტით, ჩნდება კითხვა, რატომ არ ვიღებთ იმავე გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაშიც? რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ ტარიფის არგაზრდის მოტივით, მერია მიკროავტობუსებს თავად ყიდულობს, ეს არის ბლეფი. თუ მათ ტრანსპორტის საფასურის გაძვირება არ უნდათ, შეუძლიათ იმავე ლოკაციებში გაუშვან ახალი ავტობუსები. საბოლოოდ, გაჟღერებულმა ინიციატივამ უფრო მეტი კითხვა გააჩინა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიდრე აქამდე ისმოდა.” – აცხადებს დავით მესხიშვილი.

ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორი ირაკლი იზორია კი მიიჩნევს, რომ აჯობებდა, მერიას სატრანსპორტო მასტერპლანის შემუშავებამდე მოეცადა და მერე გადაეწყვიტა, თუ როგორ მიუდგებოდა მიკროავტობუსების საკითხს.

“მოგეხსენებათ, სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც თბილისში ავტობუსების რაოდენობას, ტრამვაის ან ჩქაროსნული ავტობუსების ზოლების საჭიროებას განსაზღვრავს, ჯერ არ არსებობს. ახალი ავტობუსები რომ შემოვიდა და კიდევ აპირებენ შემოყვანას, ძალიან კარგია, თუმცა რამდენად რელევანტური იქნება 300 მიკროავტობუსის შემოყვანა, ძნელი სათქმელია. ალბათ, ისევ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში უნდა იმოძრაონ, რაც მდგომარეობას გაართულებს და სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევს. მიკროავტობუსები ე.წ. მიზიდულობის ცენტრებიდან გადატყორცნილი უნდა იყოს, არ უნდა დადიოდნენ ცენტრალურ უბნებში და იქ გადანაწილდნენ, სადაც უფრო პატარა დასახლებებია. კარგი იქნებოდა, სატრანსპორტო დოკუმენტის მიღების შემდეგ ემსჯელათ, მას შემდეგ, რაც ცენტრალურ მაგისტრალებზე სატრანსპორტო კორიდორები გაკეთდებოდა. ამის მერე იქნებოდა უპრიანი კონკრეტული მარშრუტების განსაზღვრა.

შეიძლება, ამჟამინდელი მიკროავტობუსების გამონაბოლქვის, მდგომარეობისა და კომფორტულობის გათვალისწინებით, ახლებმა ძველებს აჯობოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ მიკროავტობუსები ქალაქის ცენტრში შემოვლენ, გადატვირთულობის პრობლემა ისევ იარსებებს.” – აღნიშნავს ირაკლი იზორია.

კომენტარი