“ბეტონის ჩონჩხების” ნაცვლად – შესაძლოა, დედაქალაქში თბილისური ეზოები დაბრუნდეს

“ბეტონის ჩონჩხების” ნაცვლად – შესაძლოა, დედაქალაქში თბილისური ეზოები დაბრუნდეს

266
გაზიარება

დედაქალაქში მალე თბილისური ეზოები დაბრუნდება. პროექტზე, რომელიც მერიისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით განხორციელდება, კომპანია „სფერო ჰოლდინგი“ მუშაობს. ე.წ. იტალიური ეზოების, უფრო ზუსტად კი თბილისური ეზოების დაბრუნების შესახებ, სფერო ჰოლდინგის ხელმძღვანელი, გიგა წულეისკირი “2020NEWS”-თან საუბრობს.

„ამჟამად მოსახლეობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გადაწყვეტილი გვაქვს, შევიდეთ იმ ლოკაციებზე, რომლებიც ყველაზე მძიმე მდგომარობაშია. საუბარია მთაწმინდის, კრწანისის, სოლოლაკისა და ჩუღურეთის უბნებზე. მოსახლეობა ამჟამად სახელმწიფოს გასახლებული ჰყავს და მათ უმეტესობას ქირას უხდის. გვინდა, სახელმწიფოს ხელი შევუწყოთ“, – აცხადებს გიგა წულეისკირი.

მისი თქმით, პროექტის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს ძველი ურთიერთობების აღდგენას, რაც მანამდე თბილისის ჩაბეტონების ანუ კორპუსების აშენების შემდეგ თითქმის დაიკარგა. „თბილისელები კორპუსებში გამოიკეტნენ და შესაძლებელია, ამ პროექტით გარეთ გამოვიყვანოთ. დედაქალაქში ჩამოსული ტურისტები სწორედ ძველი თბილისის არქიტექტურით არიან მოხიბლულები. ქალაქმა თავისი ლამაზი ისტორია კიდევ უფრო ცნობადი უნდა გახადოს. ძველი სილამაზის და ხიბლის დაბრუნება ძნელი ნამდვილად არ არის. მთავარი მონდომებაა“,- აცხადებს გიგა წულეისკირი.

„თბილისმა თავისი მე უნდა დაიბრუნოს. ჩვენი სლოგანია „შევუნარჩუნთ თბილისს ძველებური იერსახე“. ბეტონის ჩონჩხების ნაცვლად, გვინდა თბილისური ეზოების მსგავსი პროექტები ავაშენოთ. თბილისური ეზოების აღდგენის გარდა, რეგიონებშიც ვმუშაობთ. ვმუშაობთ იმაზე, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით შეჩერებული მშენებლობები განახლდეს“, – განაცხადა გიგა წულეისკირმა სააგენტოსთან საუბარში.

როგორც ცნობილია, თბილისი სავსეა ე.წ. იტალიური ეზოებით. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ევროპელმა არქიტექტორებმა შენობების ევროპულ სტილში დაპროექტება დაიწყეს, ხოლო შიდა ეზოებს ადგილობრივი, თბილისური ეზოების სახე მისცეს. თბილისური იერსახის შეცვლა საქართველოს გასაბჭოებიდან დაიწყო. ამავე პერიოდიდან გაჩნდა ტერმინი იტალიური ეზო. კომუნისტები გამოსახლებული მენშევიკების ბინებში ათობით ოჯახს ასახლებდნენ, რამაც თავისთავად, ეზოებში ხმაური წარმოქმნა. ეზოებში ატეხილი ხმაური იტალიელი ხალხის ტემპერამენტს შეადარეს და ეზოებს იტალიური დაერქვა. თუმცა, ბევრმა არც იცის, რომ იტალიაში თბილისური ეზოების მსგავსი არ არსებობს.

წყარო:2020news.ge

კომენტარი