თბილისური ეზოების ტრადიცია გასაგრძელებელია, ესაა ხალხის მოთხოვნა – პაპუნა ძიძიგური

თბილისური ეზოების ტრადიცია გასაგრძელებელია, ესაა ხალხის მოთხოვნა – პაპუნა ძიძიგური

427
გაზიარება

კომპანია “სფერო ჰოლდინგი”, მერიისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით, მუშაობს პროექტზე, რომელიც დედაქალაქში თბილისური ეზოების დაბრუნებას გულისხმობს. “სფერო ჰოლდინგის” ხელმძღვანელის, გიგა წულეისკირის განცხადებით, კომპანია გეგმავს, მთაწმინდის, კრწანისის, სოლოლაკისა და ჩუღურეთის უბნებში ანუ იქ, სადაც მდგომარეობა ყველაზე სავალალო და მოსახლეობა მერიას საკუთარი სახლებიდან დროებით საცხოვრებელში ქირით ჰყავს გადაყვანილი, თბილისური ეზოები და სახლები აღადგინოს.

ამ ინიციატივას მიესალმება ურბანისტი პაპუნა ძიძიგური და მიიჩნევს, რომ მსგავსი პროექტის განხორციელება ქალაქისთვის აუცილებელია. მისივე მოსაზრებით, აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება მერიის მხარდაჭერა, რის გარეშეც პროექტი ვერ შედგება.

“ძველ ქალაქში პრობლემა მასშტაბი, სივრცითი გარემო და სხვა ცნობილი შეზღუდვებია. ამის გამო, რიგი პროცესები შეჩერებულია. ჩვენ არავის გვინდა, მანდ მაღალი ნაგებობები ააშენონ. ვიცით ეს პრეცედენტები. თბილისური ეზოების მოწესრიგება და ამ უბნების შენარჩუნება როგორც სპეციალისტების, ასევე, მთელი საზოგადოების მოთხოვნაა. მეტიც, მთელ მსოფლიოს სწორედ მსგავსი ისტორიული ადგილები აინტერესებს, ტურისტებიც ასეთ ადგილებში ჩამოდიან და ფულიც აქ იხარჯება. ამ ყველაფრის შესანარჩუნებლად საზოგადოების კუთვნილი ფულია გადახდილი. მერიამ უნდა შეძლოს და ხელი შეუწყოს ინვესტორს, რათა ძველ უბნებში არსებული ფონდი განახლდეს და შესრულდეს საზოგადოების მოთხოვნა. ამაში უნდა დაიხარჯოს ფული, რომელიც ისეც ჩვენ გვეკუთვნის. სხვა შემთხვევაში, გვექნება ის საშინელება, რომელიც დღეს გვაქვს.

ძალიან საინტერესო ექსპერიმენტია და მე ცალსახად მხარს დავუჭერ, თუ კარგი პროექტი იქნება, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მერიის მხარდაჭერის გარეშე ეს არ მოხერხდება. მარტო რეკონსტრუქცია და ფასადების გაკეთება საქმეს არ შველის. ახალი სივრცეებია შესაქმნელი და გასაგრძელებელია ტრადიციები, რომლებიც თბილისური ცხოვრების წესზეა მორგებული.” – მიიჩნევს პაპუნა ძიძიგური.

კომენტარი