რას უნდა ითვალისწინებდეს თბილისური ეზოების რეაბილიტაციის პროექტი – ლევან ბერიძის მოსაზრება

რას უნდა ითვალისწინებდეს თბილისური ეზოების რეაბილიტაციის პროექტი – ლევან ბერიძის მოსაზრება

194
გაზიარება

საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქში ე.წ. იტალიური ეზოების ანუ თბილისური ეზოების რეაბილიტაციის პროექტი იგეგმება. სარესტაცვრაციო არეალი იმ ტერიტორიებს მოიცავს, სადაც ყველაზე მძიმე მდგომარეობა აღინიშნება, კერძოდ, მთაწმინდას, კრწანისს, სოლოლაკსა და ჩუღურეთს. აღნიშნულ სამუშაოებს კომპანია „სფერო ჰოლდინგი“ თბილისის მერიისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პატრონაჟით განახორციელებს.

საკითხთან დაკავშირებით, „სითი კვირა” არქიტექტორ ლევან ბერიძეს ესაუბრა, რომელიც პროექტის იდეას  მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა განსახორციელებელი სამუშაოების დეტალებით ინტერესდება.

„ეს საკითხი დიდი ხანია, დღის წესრიგშია. თბილისური ეზოების მოწესრიგება, რა თქმა უნდა, დადებითი მოვლენაა, თუმცა საინტერესოა, როგორ წარიმართება პროცესი. აუცილებელია, რომ პროექტის განხორციელება მჭიდროდ უკავშირდებოდეს დედაქალაქის გენერალურ გეგმას, რადგან ამ ისტორიულ ზონებთან დაუშვებელია ზერელედ მიღებული გადაწყვეტილება და ფასადურად გაკეთებული სამუშაოები.

აღნიშნული სივრცეები სერიოზული პრობლემატიკით ხასიათდება. აქ საუბარია უპირობოდ მოსაწესრიგებელ საინჟინრო კომუნიკაციებზე, ასევე საგულისხმოა ამ ტერიტორიებზე არსებული უკანონო მშენებლობები თუ მიშენებები. საჭიროა მთელი დასამუშავებელი არეალის გაწმენდა და საფუძვლიანად მომზადება პირვანდელი სახის აღსადგენად. ყოველივე ეს კი, კარგად კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ნაგებობების გარეშე წარმოუდგენელია.“ – აცხადებს ლევან ბერიძე.

არქიტექტორი ყურადღებას იმ კომპონენტებზეც ამახვილებს, რომელთათვისაც დაგეგმილი პროექტი გარკვეული სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს.

„ჩემი ზოგადი შეფასებით, ეს პროცესი დადებით მოვლენად შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც ქალაქისთვის, ტურისტული თვალსაზრისით, ისე მოსახლეობისთვის, რომელსაც საგრძნობლად გაუუმჯობესდება სოციალური პირობები.“ – აღნიშნავს ლევან ბერიძე.

კომენტარი