თბილისი ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემაზე გადადის – რას მოიცავს ახალი კონცეფცია?

თბილისი ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემაზე გადადის – რას მოიცავს ახალი კონცეფცია?

214
გაზიარება

თანამედროვე სამყაროში ნარჩენების მართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთ განვითარებად სახელმწიფოებში, როგორიც საქართველოა. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ვითარების გამოსასწორებლად არაერთ ღონისძიებას ატარებენ და ამ მხრივ, გამონაკლისი არც თბილისი იქნება. როგორც ირკვევა, ამ მიმართულებით, დედაქალაქის ხელმძღვანელობა გარკვეულ სიახლეებს გეგმავს.

როგორც “სითი კვირას” „თბილსერვის ჯგუფში“ განუცხადეს, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმით გათვალისწინებულია მთელი რიგი საკითხების მოგვარება. კერძოდ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ნარჩენების შეგროვების სისტემის ფარგლებში, გატარდება შემდეგი ღონისძიებები:

  • მარშრუტების არსებული სქემის განხილვა და განახლება;
  • კონტეინერების განთავსების მეთოდოლოგიის შემუშავება, რომელიც განსაზღვრავს კონტეინერების განთავსების სქემას შემდეგი ასპექტების გათვალისწინებით: მოსახლეობის სიმჭიდროვე, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი, მოსახლეობის და კომერციული სექტორის სინთეზი ნარჩენების წარმოქმნის სპეციფიკის გათვალისწინებით, ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის ეტაპობრივი დანერგვა, ასევე ღამე დაცლის რეჟიმი;
  • კონტეინერების განაწილების დაბალანსებული სისტემის დანერგვა;
  • არსებული „ზარის სისტემის“ ჩანაცვლება ნარჩენების შეგროვების კონტეინერული სისტემით, სადაც ეს განხორციელებადია.

გარდა ამისა, იგეგმება ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ეფექტიანობის გაზრდა, ნარჩენების გადატვირთვის სისტემის გაუმჯობესება, დიდი ლილოს ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია და უჯრედების დახურვა, სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენების განთავსების სისტემის მოწესრიგება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე ნარჩენების აღდგენის სისტემის ეტაპობრივი დანერგვა და ხელშეწყობა.

“გამომდინარე იქიდან, რომ სეპარირებული შეგროვების სისტემაზე გადასვლის მთავარი მიზანი არის ნარჩენების გადამუშავების ხელშეწყობა, რამაც, თავის მხრივ, უნდა უზრუნველყოს დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე განსათავსებელი ნარჩენების რაოდენობის შემცირება, მნიშვნელოვანია, ქალაქს ჰქონდეს გააზრებული სამოქმედო გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს თბილისში წარმოქმნილი ნარჩენების სხვადასხვა მიზნით გადამუშავებას.” – აღნიშნავენ “თბილსერვის ჯგუფში”.

კომენტარი