რა ხდება მაშინ, თუ სიჩქარეს მხოლოდ კამერის წინ ვანელებთ და შემდეგ ისევ...

რა ხდება მაშინ, თუ სიჩქარეს მხოლოდ კამერის წინ ვანელებთ და შემდეგ ისევ ვუმატებთ?

250
გაზიარება

საქართველოს მასშტაბით, გზებზე, დაახლოებით, 3000-მდე ჭკვიანი კამერაა დამონტაჟებული. კამერა აფიქსირებს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, რომლებსაც ავტომობილის მძღოლი ჩადის. ხშირად მძღოლები საგზაო მოძრაობის წესებს, ჯარიმის გამოწერის შიშით, მხოლოდ კამერების წინ იცავენ.

“ინფო რუსთავი” დაინტერესდა, რა ხდება მაშინ, როდესაც მძღოლი სიჩქარეს მხოლოდ კამერის წინ ანელებს და კამერის გავლის შემდეგ მკვეთრად ზრდის. ცნობისთვის, კამერები დამონტაჟებულია კონკრეტულ მონაკვეთებზე და სიჩქარის შეზღუდვა აღნიშნულ მონაკვეთზე ვრცელდება. ისინი დამონტაჟებულია მონაკვეთის დასაწყისსა და დასასრულს. იმ შემთხვევაში, თუკი მძღოლი სიჩქარეს მონაკვეთის დასაწყისში დაყენებული კამერის წინ შეანელებს და მისი გავლის შემთხვევაში ისევ გაზრდის, ის მაინც დაჯარიმდება, რადგან სამართალდარღვევას მონაკვეთის ბოლოში დაყენებული კამერა დააფიქსირებს.

,,ჭკვიანი კამერები A პუნქტიდან B პუნქტამდე ითვლის საერთო მაჩვენებლის სიჩქარესა და დროს. აღნიშნულ მონაკვეთში თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი  დაშვებულ სიჩქარეს და პლუს 15 კმ/სთს გადააჭარბებს, ის ადმინისტრაციულ კანონს დაარღვევს”- აცხადებს პატრულ-ინსპექტორი ლევან წიკლაური.

მაგალითისთვის, თუ კონკრეტულ მონაკვეთზე შეზღუდული სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მძღოლს შეუძლია გაიაროს 75კმ/სთ-თ.

შეგახსნებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის მძღოლი სიჩქარეს გადააჭარბებს, ადმინისტრაციულ სამართალდაარღვევათა კოდექსის 125 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაჯარიმდება 50 ლარის ოდენობით, თუმცა როგორც შსს მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შესაძლოა ჯარიმა გაორმაგდეს.

წყარო: inforustavi.ge

კომენტარი