გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი ახალ შენობაში გადავიდა

გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი ახალ შენობაში გადავიდა

158
გაზიარება

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, გლდანის რაიონის გამგებელთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად, გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი ახალ შენობაში − სავაჭრო ცენტრ „გლდანი პლაზაში“ − გახსნა.

დღეიდან ის ახალ მისამართზე (ილია ვეკუას №14) განთავსდა. გლდანში საზოგადოებრივი ცენტრი 2017 წლის პირველ აგვისტოს გაიხსნა და სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ ფუნქციონირებდა. მისი მომსახურებით სარგებლობს გლდანის, მუხიანის, ნაძალადევისა და მიმდებარე რაიონების მოსახლეობა, სადაც ჯამში, 300 000-მდე ადამიანია რეგისტრირებული.

2017 წელს გლდანის საზოგადოებრივ ცენტრში თვეში, დაახლოებით, 12 000 ტრანზაქცია ხორციელდებოდა, დღეისათვის კი მათი რაოდენობა 20 000-მდეა გაზრდილი. მომხმარებელთა ნაკადის ასეთმა მატებამ საჭირო გახადა საზოგადოებრივი ცენტრის ახალ, უფრო დიდ სივრცეში გადასვლა, სადაც მოქალაქეებს 21-ის ნაცვლად, 39 ოპერატორი მოემსახურება და სერვისების მიღება კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული იქნება.

ახალ შენობაში გადასულ საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეები არა მხოლოდ 200-ზე მეტ საჯარო და კერძო სერვისს მიიღებენ, როგორც ეს დღემდე ხდებოდა, არამედ პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომსახურებითაც ისარგებლებენ. პრობაციის სერვისების საზოგადოებრივ ცენტრებთან ინტეგრირება იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებაა.

კომენტარი