რა ნაბიჯები გადადგა მერიამ თბილისში ქაოსური მშენებლობების წინააღმდეგ და როგორია შედეგი?

რა ნაბიჯები გადადგა მერიამ თბილისში ქაოსური მშენებლობების წინააღმდეგ და როგორია შედეგი?

218
გაზიარება

ქაოსური განაშენიანება, შეუსაბამო ნებართვები და არასწორი პრიორიტეტები – პრობლემა, რომელსაც, თითქმის, ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით. ზიანი, რომელიც თბილისს მსგავსმა პოლიტიკამ მიაყენა, სამწუხაროდ, ძალიან მასშტაბურია. ამ ზიანის ერთი ხელის მოსმით აღმოფხვრა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია, ქალაქმა საბოლოოდ უთხრას უარი მავნე პრაქტიკას და სწორი განვითარება იმ მიმართულებით განაგრძოს, სადაც “ბეტონის ჯუნგლების” ადგილი ყველაზე ნაკლებდაა.

ფაქტია, დედაქალაქის ახალმა ხელმძღვანელობამ ამ საკითხის მიმართ მიდგომა შეცვალა, თუმცა რამდენად საკმარისია ეს? რა ქმედითი ნაბიჯები გადადგა თბილისმა პრობლემის მოსაგვარებლად?

დედაქალაქის მერიაში რამდენიმე ძირითად ფაქტორს ასახელებენ:

  • ამოქმედდა თბილისის განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. შედეგად შეიქმნა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული განვითარებისა და საქალაქო მართვის ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტი;
  • გადამუშავდა განაშენიანების რეგულირების წესები, რომელთა  მიხედვითაც, ქალაქში აიკრძალა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის, კ2-ის მატება;
  • განხორციელდა რეორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც,  თბილისის არქიტექტურის სამსახურს გამოეყო ურბანული მიმართულება და მის ბაზაზე ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური შეიქმნა, რომელიც ქალაქის გეგმარებასა და განვითარებაზეა პასუხისმგებელი. არქიტექტურის სამსახური კი, სერვისებზე ორიენტირებულ სტრუქტურად ჩამოყალიბდა;
  • დედაქალაქში გარემოს დაცვისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, თბილისის არქიტექტურის სამსახურში შეიცვალა მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა. ახალი რეგულაციების მიხედვით, სამშენებლო ნებართვის მაძიებელს, სხვა სავალდებულო საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად, სატრანსპორტო მოძრაობის სქემისა და დენდროლოგიური პროექტის წარდგენა ევალება;
  • სტრუქტურის ოპტიმიზაციის შედეგად ადმინისტრაციული რესურსების სწორად გადანაწილების ხარჯზე შესაძლებელი გახდა არქიტექტურის სამსახურში შექმნილიყო ორი სტრუქტურული ერთეული – საინჟინრო განყოფილება და სტრატეგიული დაგეგმვის, შეფასების და მონიტორინგის განყოფილება:
  • საინჟინრო განყოფილების კონკურსის წესით შერჩეული სპეციალისტების მიერ ხდება ნებართვისთვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის უფრო კვალიფიციური შესწავლა, რითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა პროექტის შემოწმების ხარისხი.
  • სტრატეგიული დაგეგმვის, შეფასებისა და მონიტორინგის განყოფილების კონკურსის წესით შერჩეული სპეციალისტები ორიენტირებულნი არიან სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე, სამსახურში მომზადებული პასუხების ხარისხისა და ვადების კონტროლზე;
  • რეფორმის განხორციელებიდან მოკლე დროში თბილისის არქიტექტურის სამსახურში რეგისტრირებულ არცერთ განცხადებაზე ვადაგადაცილების ფაქტი არ დაფიქსირებულა. მნიშვნელოვნად ამაღლდა სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის ხარისხი;
  • ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში მიმდინარეობს გენგეგმით განსაზღვრული 11 არეალის კვლევები, განვითარების კონცეფციების დამუშავება და განვითარების გეგმების შემუშავება.

ცხადია, მთავარი ნაბიჯი და საფუძველი გენგეგმაა, რომელმაც გარკვეული შედეგი, არაერთი მიმართულებით, ამ მოკლე ვადაშიც მოიტანა. მისი მიღებიდან 1 წელიც არ არის გასული და გენგეგმის რეკომენდაციების შესრულება მერიამ აქტიურად დაიწყო. უფრო სწორად, დოკუმენტში მოაზრებული გარკვეული პროექტების განხორციელებას დოკუმენტის მიღებამდეც ჩაეყარა საფუძველი. თუმცა, რა არის მთავარი, რაც გენგეგმამ შეცვალა, რა არის ქალაქის მთავარი დოკუმენტის მთავარი მიღწევა?

მამუკა სალუქვაძე – “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორი

ერთია ის, რაც ციფრებში და გარკვეულ მონაცემებში გამოიხატა გენგეგმის ამოქმედების შემდეგ და მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი – მენტალიტეტის ცვლილებაა, რასაც გენგეგმამ ხელი ძალიან შეუწყო. ამის კარგი მაგალითია ის ცვლილებები, რომლებიც უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს შეეხო, სადაც იურიდიული საკითხებიც მოგვარებული იყო და ნებართვებიც გაცემული. მაგალითად: ვაკის პარკში სასტუმროს არ აშენება; კუს ტბის ასახვევთან, რესტორან “ოტიუმთან” შეჩერებული მშენებლობა, ძველ იპოდრომთან კორტების ტერიტორიის დაცვა… მწვანე სივრცეების შენარჩუნების გადაწყვეტილება, რომელიც მერიის ხელმძღვანელობამ მიიღო, სწორედ გენგეგმის კონცეპტუალური იდეის – მწვანე ქალაქის გამარჯვებაა. კარგია, რომ მერია მიჰყვება ამ პოლიტიკას და ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას და შეინარჩუნოს გამწვანებული ტერიტორიები. მეტიც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე ლოკაციაზე ახალი გამწვანებული ტერიტორიების დაპროექტება სრულდება და მალე ფიზიკური სამუშაოებიც დაიწყება. პირველ რიგში, საუბარია დიღმის ჭალებსა და თემქის ხევზე. საინტერესო კონკურსი ჩატარდა გორგასლის ქუჩის გასწვრივ, სანაპიროზე ბულვარის მოწყობასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მენტალიტეტის ცვლილებას, ყველაზე სასიხარულო ისაა, რომ ამ პროცესმა არა მხოლოდ ქალაქის მმართველობით რგოლში, არამედ საზოგადოებაშიც მოიკიდა ფეხი. ადრე იმისთვის ვიბრძოდით, რომ თითოეული ხე შეგვენარჩუნებინა, ახლა კი მოსახლეობა საკუთარ საცხოვრებელ არეალებში ახალ-ახალ გამწვანებულ სივრცეებს ითხოვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მწვანე ქალაქის კონცეფცია საზოგადოებამაც კარგად გაითავისა. შესაბამისად, სკეპტიციზმი შეცვალა სურვილმა, მათი რაიონი იყოს პირველი, სადაც მსგავსი სიახლეები დაინერგება. მოკლედ, ქალაქმა სწორი მიმართულებით აზროვნება და ცხოვრება დაიწყო.

თემო კალანდაძე – არქიტექტორი

თუ ჩვენ საუბარი გვაქვს კოეფიციენტით ვაჭრობის შეწყვეტაზე და ზონალური სპეც ნებართვების გამკაცრებაზე, ეს მოცემულობა არსებულმა მუნიციპალიტეტმა აკრძალა. ამ გადაწყვეტილებამ, გარკვეულწილად, გამოიწვია მშენებლობების შემცირება, რაც დედაქალაქისთვის ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეიძლება შეფასდეს.

გარდა ამისა, გენგეგმამ დღევანდელი მოთხოვნების მიხედვით დაარეგულირა სიტუაცია და მშენებლობებზე ნებართვის გაცემა უკვე ახალი წესით მიმდინარეობს. შესაბამისად, სამშენებლო კომპანიებს მოუწევთ გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს იმას, რომ უწინდებურად, ნებისმიერი მოთხოვნის მიხედვით, ნებართვა აღარ გაიცემა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გეგმაში დარჩა გამონაკლისის წესი, რომელიც კონკრეტულ მოცემულობებში იძლევა არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას, რასაც არ ვეთანხმები. ამ ტიპის გამონაკლისები უნდა დაიშვას ძალიან სიღრმისეული კვლევის საფუძველზე და არ უნდა მიიღოს სისტემური ხასიათი.

რაც შეეხება არსებული ცვლილების ზოგად შეფასებას, პროცესი სასიკეთო ცვლილების წინაპირობა შეიძლება გახდეს, თუმცა ამისთვის აუცილებელია, რომ საკითხის გადაწყვეტაში მაქსიმალურად მონაწილეობდნენ სფეროს პროფესიონალები და საზოგადოებრივი ჯგუფების კომპეტენტური წარმომადგენლები.

კომენტარი