რა პრინციპებით უნდა განვითარდეს გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორია?

რა პრინციპებით უნდა განვითარდეს გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორია?

269
გაზიარება

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციო სივრცედ გარდაქმნას აპირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საჯარო კონსულტაცია მოსახლეობასთან უკვე გაიმართა, სადაც არსებული პროექტის განვითარებაზე ისაუბრეს.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი, ნინო ჩხობაძე მიიჩნევს, რომ გლდანის ტბის მიმდებარედ შექმნილ მთავარ პრობლემას არსებული ნაგავსაყრელი წარმოადგენს, რომლის მოწესრიგება თბილისის თითოეული მოქალაქის ინტერესშია.

“გლდანის ტბა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, მიმდებარე ტერიტორია ნაგავსაყრელად არის ქცეული, რაც მეტწილად განპირობებულია ადგილზე დიდი რაოდენობით სამშენებლო ნაგვის არსებობით. აქედან გამომდინარე, ამ სივრცის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ ზოგადად ქალაქისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებით შექმნილია ერთგვარი სათათბირო ჯგუფი, რომელშიც ჩვენც ვართ ჩართული და ვიმედოვნებთ, რომ პროექტი გეგმის მიხედვით განხორციელდება.“

რაც შეეხება იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც პროექტის ინიციატორებმა უნდა გაითვალისწინონ, ჩხობაძის აზრით, მნიშვნელოვანია, როგორც სტატუსის განსაზღვრა, ისე სარეაბილიტაციო და სარეკრეაციო განაშენიანებისთვის საჭირო სამუშაოები.

„პირველ რიგში, ტბას უნდა მიეცეს კონკრეტული სტატუსი. ასევე, მიზანშეწონილია, ტბის გარშემო თანამედროვე სტანდარტების პარკის გაკეთება, რადგან მხოლოდ აღდგენითი სამუშაოები შექმნილ ვითარებას ვერ გამოასწორებს. ამასთანავე, დაუშვებელია არსებულ ზონაში კერძო პირებისა თუ ორგანიზაციების მიერ წარმოებული განაშენიანება, რომელიც წაართმევს ტბის ნაწილს რეკრეაციულ ფუნქციას. როგორც აღვნიშნე, რაკი ეს სივრცე მთლიანად ნაგვის თავმოყრის ადგილია, ამ ცვლილებების გარეშე, სასურველი შედეგის მიღება ძალიან გართულდება. თუ დასრულებული პროექტი აღნიშნულ პირობებს დააკმაყოფილებს, ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან საინტერესო ზონა ქალაქისთვის.” – აცხადებს ნინო ჩხობაძე.

“სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორის, მამუკა სალუქვაძის შეფასებით, სასურველი შედეგის მისაღებად, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საკითხთან დაკავშირებული იმ ფასეულობების დაცვა, რომელზეც ჩვენი კანონმდებლობა დგას.

“ისევე, როგორც თბილისის სხვა ნაწილებში, მათ შორის, გლდანის ტბის ზონაში, გენგეგმამ აქცენტი გააკეთა როგორც განაშენიანების, ისე ნაკვეთების გაცემის სტიქიურობაზე, რაც რეალური პრობლემაა. მე მიმაჩნია, რომ გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს წყალსატევებთან დაკავშირებული იმ ნორმების დაცვა, რომელსაც, როგორც წესი, არ იცავდნენ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, განისაზღვრა ის არეალები, სადაც განაშენიანება შეიზღუდება. გადადგმული ნაბიჯები ცხადყოფს, რომ დედაქალაქის არაერთ მნიშვნელოვან ნაწილს დასასვენებელი ფუნქცია მიენიჭება. აღნიშნულ არეალებში მოიაზრება გლდანის ტბაც, რომელიც ერთგვარ ბუნებრივ წყალსატევს წარმოადგენს და იგი მხოლოდ რეკრეაციული ზონით უნდა შემოიფარგლებოდეს.“

იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც დასახულია, მთავარია, რომ დაცული იყოს და არ შეილახოს გლდანის ტბასთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო ინტერესები. ყოველივე ეს, თავისთავად, გულისხმობს ადგილზე არსებული სტიქიური განაშენიანების დასრულებას და გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების ინტენსიურ განხორციელებას.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ არსებული ზონის სტატუსის გათვალისწინებით, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს არა ერთეულების, არამედ მოსახლეობის ინტერესებს. ეს გულისხმობს იმას, რომ ამ ერთობ ფასეულ სივრცეში დაუშვებელია კერძო ზონების არსებობა, რადგან მთელ ტერიტორიაზე წვდომა ყველას უნდა ჰქონდეს.” – მიიჩნევს მამუკა სალუქვაძე.

კომენტარი