ერთ წიგნში ასახული 1918-1921 წლების თბილისის ყოველდღიური ყოფა

ერთ წიგნში ასახული 1918-1921 წლების თბილისის ყოველდღიური ყოფა

202
გაზიარება

მირიან ხოსიტაშვილისის, ოთარ ჯანელიძისა და ალექსანდრე დაუშვილის ავტორობით, გამოიცა წიგნი – “თავისუფალი საქართველოს დედაქალაქი. თბილისი 1918 – 1921 წლებში”. წიგნს აქვს ალბომის სახე და შეიცავს იმ მნიშვნელოვან დოკუმენტურ მასალებს, რომლებიც სწორედ დამოუკიდებლობის 3-წლიან პერიოდს და თბილისის ცხოვრებას ეხება.

როგორც “სითი კვირასთან” საუბრისას ერთ-ერთი ავტორი, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი აღნიშნავს, წიგნი თემათა ფართო სპექტრს მოიცავს. მასში განხილულია სოციალური საკითხები, თვითმმართველი ორგანოები, ყოველდღიური ყოფა, საინტერესო ამბები, სამედიცინო საკითხები, კრიმინალური ვითარება, სტუმრები, კულტურული ყოფა, განათლება, კინო, თეატრი და ა.შ.

“წიგნი დაფუძნებულია დოკუმენტურ მასალებზე არქივებიდან და ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებიდან. გამოყენებულია იმ პერიოდის პრესა, სხვადასხვა ტიპის გამოცემები, რომლებიც 100 წლის წინ გამოდიოდა. პრაქტიკულად, მასში დედაქალაქის ცხოვრების ყოველდღიური ქრონიკაა ასახული. ამ ტიპის გამოცემა, ერთ წიგნში რომ ყველა ასეთ ინფორმაციას მოეყარა თავი, აქამდე არ არსებობდა. ის ქართულ და ინგლისურ ენაზეა და უცხოელი სტუმრებისთვისაც არის ხელმისაწვდომი.” – განმარტავს მირიან ხოსიტაშვილი.

“თავისუფალი საქართველოს დედაქალაქი. თბილისი 1918 – 1921 წლებში” მერიის მხარდაჭერით გამოიცა. ზემოხსენებულ საკითხებთან ერთად, წიგნში შესულია ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ბევრი ფოტომასალა და ის ამ მხრივაც ძალიან საინტერესოა. წიგნი არ გაიყიდება. მისი ეგზემპლარები დაურიგდებათ ბიბლიოთეკებს და ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე საზოგადოებისთვის ელექტრონული ვერსიაც იქნება ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება წიგნის პრეზენტაციას, ღონისძიება 11 იანვარს, თბილისის საკრებულოშია დაგეგმილი. გამოცემა 300 გვერდამდეა.

კომენტარი