ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის პერსპექტივა თბილისში

ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის პერსპექტივა თბილისში

337
გაზიარება

2020 წლიდან თბილისი ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განვითარებას იწყებს. დედაქალაქის მერის მოადგილის, მაია ბითაძის მტკიცებით, მომავალ წელს თბილისის მერია სატრანსპორტო ნაკადების მართვის კომპლექსურ პლატფორმას შექმნის. იგეგმება შუქნიშნების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაცია და ტექნიკური აღჭურვა, შუქნიშნების მართვის ცენტრის მოდერნიზაცია, შუქნიშნების ერთმანეთთან სინქრონიზაცია და მართვის ცენტრთან კავშირი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტული მოძრაობის სისტემის დანერგვა, შუქნიშნების მაგისტრალებზე ე.წ „მწვანე ტალღების“ შექმნა და სხვადასხვა უწყებებში თავმოყრილი სატრანსპორტო სისტემების ერთიან ქსელში ინტეგრირება.

„ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების“ განვითარების მიზანი გზებზე ტრანსპორტის გამტარიანობის გაზრდა და საცობების შემცირებაა.

სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტთა ნაწილი ამ სიახლეს მიესალმება და იმედს გამოთქვამს, რომ პროექტი ნამდვილად განხორციელდება, თუმცა ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს. ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორის, ირაკლი იზორიას აზრით, იმისათვის, რომ სისტემამ იმუშაოს, ორი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო.

“ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემები, პირველყოვლისა, მოიაზრებს  საინფორმაციო შუქნიშნების ერთიან ბაზას, რომელიც ტრაფიკს ავტომატურ რეჟიმში გააკონტროლებს. იმისათვის, რომ სისტემა ამუშავდეს, საჭიროა კარგად დაგებული, დახაზული გზები და უსაფრთხოების სტანდარტების მაქსიმალურად ამაღლება.

მეორე საკითხი მძღოლების მხრიდან საგზაო წესების დაცვაა. თუ ისინი ისევ დაარღვევენ წესებს და მაგალითად, ორ ზოლში ერთმანეთის გვერდით 3 ავტომობილი დადგება, ამ შემთხვევაში, სისტემამ შესაძლოა გამართულად ვერ იმუშაოს. ეს გათვლილია იმაზე, რომ ყველა მძღოლმა დაიცვას მოძრაობის წესები და სისტემა შეეცდება, მაქსიმალურად მოუყაროს თავი ერთიან ბაზაში ყველა ინფორმაციას, რომელსაც შემდგომ დაამუშავებენ.

ასევე, ჭკვიანი სისტემები, თავისთავად, გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებულად მუშაობასაც. ტრანსპორტის გადაადგილების გრაფიკი, დრო და ადგილი უნდა შეესაბამებოდეს იმ გაწერილ გრაფიკს, რომელიც თავიდანვე იქნება დადგენილი. ხშირ შემთხვევაში, როცა საცობია, საქმეში საპატრულო პოლიცია ერთვება: ავტომობილებით კეტავენ გზას, გარკვეულ ნაკადს ატარებენ ან აჩერებენ. ჭკვიანი სისტემები კი საჭირო იმისთვისაა, რომ ერთიანი ხედვით მუშაობა შეძლონ. თუ მერიამ დააანონსა, რომ ამ სისტემის ამოქმედებას 2020 წლისთვის აპირებს, მანამდე ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევს.” – აცხადებს ირაკლი იზორია.

HUB GEORGIA-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე კი მიიჩნევს, რომ სისტემის წარმატებით ფუნქციონირებისთვის კვალიფიციური კადრების გადამზადებაა აუცილებელი. მისი აზრით, აღნიშნულ სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა საქართველომ ჯერ ვერ მოახერხა.

“ჩვენი ქვეყანა, ამ მიმართულებით, გაჭედილია ორ საუკუნეს შორის და აგიხსნით, რას ვგულისხმობ.

ჩვენთვის ცნობილია, რომ გასულ საუკუნეში საგზაო მოძრაობის ორგანიზება მიმდინარეობდა მათემატიკური გაანგარიშების საფუძველზე. ეს ყოველივე ხორციელდებოდა ადამიანური რესურსის მეშვეობით, რაშიც მონაწილეობას იღებდნენ ინსტიტუტები, უნივერსიტეტები, სტუდენტები. ამ პროცესში, გზაჯვარედინზე მყოფი პიროვნებები ითვლიდნენ სატრანსპორტო ნაკადებს, კონკრეტულ მონაკვეთში მოძრავი ავტომობილების რაოდენობას, დღის სხვადასხვა პერიოდში არსებულ დატვირთვას და ა.შ. მიღებული შედეგების დამუშავების შემდეგ, მთელი ქალაქის მასშტაბით, კომპლექსურად, იგეგმებოდა საგზაო მოძრაობა, რაც მოიცავდა ხიდების, ესტაკადებისა თუ შუქნიშნების მოწყობას აუცილებელ ზონებში.

თანამედროვე ტექნოლოგიებმა კი მოგვცა შესაძლებლობა, ადამიანური რესურსი ჩაგვენაცვლებინა ტექნიკური საშუალებებით. ამის მაგალითია ვიდეოკამერები, რომლებიც ავტომატურ რეჟიმში ითვლიან სატრანსპორტო ნაკადებს და მიღებულ ინფორმაციას გადასცემენ შესაბამის მართვის ცენტრს. არსებული პროგრესი საშუალებას აძლევს ადამიანებს, ზემოხსენებული დამხმარე მექანიზმების მეშვეობით, მართონ მთელი ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობა. მართვაში ვგულისხმობ შესაძლებლობას, განსაზღვრო პოლიტიკა და დაადგინო სად არის საჭირო გზის გაფართოება, სატრანსპორტო საშუალებების დამატება, ესტაკადის მშენებლობა, შუქნიშნის დამატება ან მოხსნა და სხვა. ამ ტიპის სამუშაოები იძლევა ეფექტურ შედეგს.

ჩვენს რეალობაში, სამწუხაროდ, არ ვიყენებთ არც ერთ ზემოხსენებულ მოდელს. თბილისის მერიამ ჯერ კიდევ 2010 წელს შეიძინა საკმაოდ ძვირადღირებული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც გზაჯვარედინებზე უნდა ემუშავა ე.წ. ჭკვიან შუქნიშნებს, რასაც ხელს შეუწყობდა ახალი კამერების დამონტაჟება. მიუხედავად ამისა, ინფორმაცია, რომელსაც ტექნოლოგია მართვის ცენტრს გადასცემდა, ადამიანური რესურსის არ ქონის გამო, სისტემამ ეფექტიანად ვერ გამოიყენა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნული პროგრამა გამორთეს და გადაიყვანეს ავტომატურ რეჟიმზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის, როდესაც ხდებოდა საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ხელოვნური ჩარევა, ეს პროცესი მიმდინარეობდა ზედაპირულად, ვარაუდების დონეზე და არა კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, ჩვენ მოვედით დღეს შექმნილ ვითარებამდე, როდესაც მოძრაობა ყოველგვარი გამოთვლების გარეშე რეგულირდება. სწორედ ამის შედეგია არსებული საცობები, გაუვალი ქუჩები, პარალიზებული გზები და ა.შ.

ვითარების გამოსწორებისთვის აუცილებელია შეძენილი პროგრამის დანერგვა და გამოყენება, რასაც ესაჭიროება კვალიფიციური კადრები, რომლებიც გადამზადდებიან და ეფექტურად შეასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.” – აცხადებს ვასილ ურუშაძე.

კომენტარი