ეკა ლალიაშვილი – ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა შეუფერხებელ გადაადგილებაში დაგვეხმარება

ეკა ლალიაშვილი – ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა შეუფერხებელ გადაადგილებაში დაგვეხმარება

130
გაზიარება

2020 წლიდან თბილისი ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განვითარებას იწყებს. დედაქალაქის მერის მოადგილის, მაია ბითაძის მტკიცებით, მომავალ წელს თბილისის მერია სატრანსპორტო ნაკადების მართვის კომპლექსურ პლატფორმას შექმნის. იგეგმება შუქნიშნების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაცია და ტექნიკური აღჭურვა, შუქნიშნების მართვის ცენტრის მოდერნიზაცია, შუქნიშნების ერთმანეთთან სინქრონიზაცია და მართვის ცენტრთან კავშირი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტული მოძრაობის სისტემის დანერგვა, შუქნიშნების მაგისტრალებზე ე.წ „მწვანე ტალღების“ შექმნა და სხვადასხვა უწყებებში თავმოყრილი სატრანსპორტო სისტემების ერთიან ქსელში ინტეგრირება.

„ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების“ განვითარების მიზანი გზებზე ტრანსპორტის გამტარიანობის გაზრდა და საცობების შემცირებაა.

აღნიშნულ ინიციატივას დადებითად აფასებს არასამთავრობო ორგანიზაციის – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ – თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი და სასურველი შედეგის მისაღწევად,  ხაზს კომპეტენტური კადრების აუცილებლობას უსვამს.

„სატრანსპორტო სფეროში ჭკვიანი სისტემები აპრობირებულია იმ ქვეყნებში, რომლებშიც ზრუნავენ უსაფრთხოებაზე და მართავენ ტრანსპორტის ნაკადებს. აღნიშნული მექანიზმი ითვლის მოძრავი ობიექტების რაოდენობას, სიჩქარეს, დროს და მიღებული მონაცემების საფუძველზე, აორგანიზებს სატრანსპორტო მოძრაობას, რაც დადებითად მოქმედებს საცობების პრევენციის თვალსაზრისით. ვინაიდან ყოველივე ამის შესარულება შეუძლებელია მხოლოდ ადამიანური რესურსის მეშვეობით, თანამედროვე ტექნოლოგიების დამატება მიზნის მიღწევას გვიადვილებს, რაც მისასალმებელია.

რაც შეეხება ადგილობრივ კონტექსტს, ჩვენს რეალობაში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ამ სისტემის სასიკეთოდ გამოყენება, რადგან იგი ხელს უწყობს გზებზე არსებული სიმჭიდროვის განტვირთვას, რაც დადებითად აისახება, როგორც მძღოლების, მგზავრებისა და ზოგადად, ტრანსპორტის შეუფერხებელ გადაადგილებაში.

ჩვენ ყოველთვის გვქონდა, გვაქვს და გვექნება გარკვეული ტიპის გამოწვევები, თუმცა, მთავარია, რომ გავაცნობიეროთ ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტის მნიშვნელობა, რომელიც საკმაოდ დიდ ფუფუნებას წარმოადგენს. ამიტომ, თუ ქალაქს თავის სტრატეგიაში განსაზღვრული აქვს ზემოხსენებული სისტემის დანერგვა, ეს ხელს შეუწყობს თანამედროვე ქალაქის ჩამოყალიბებას ამ კონკრეტული მიმართულებით. ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად არსებობს, უბრალოდ, გასათვალისწინებელია, თუ რამდენად ეფექტიანად გამოვიყენებთ არსებულ რესურსს, რომელმაც კვალიფიციური კადრების დახმარებით უნდა იმუშაოს.“ – აღნიშნავს ეკა ლალიაშვილი.

კომენტარი