კახა კალაძე – ვარკეთილის „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს

კახა კალაძე – ვარკეთილის „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს

437
გაზიარება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვარკეთილის „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და მერიას ანალოგიური მიდგომა საბურთალოზე და დიღომშიც მდებარე ავარიულ კორპუსებზეც ექნება.

როგორც დედაქალაქის მერი აცხადებს, „ვარკეთილი დეველოპმენტთან“ დაკავშირებით, რომელიც „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტს ახორციელებს, არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს, მერიამ კომპანიას 30 ათასი კვ.მ-ის ფართის მიწის ნაკვეთი გადასცა, რის სანაცვლოდაც მერიას 7 ათასი კვ.მ-ის საცხოვრებელი ფართი უნდა დაუბრუნოს.

„ეს არ არის სწორი ინფორმაცია, გადაეცათ კონკრეტული მიწა საინვესტიციო ღირებულებით. აქედან 7ათას კვ.მ-ზე ცოტა მეტი უნდა გადმოსცეს მერიას. არანაირი ზარალი არ გვაქვს. ყველას შეეძლო მიეღო მონაწილეობა ტენდერში, უფრო მეტი ფართი გადმოეცათ მერიისთვის და იქნებოდა ის გამარჯვებული. ეს არის „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პირველი პროგრამა და დარწმუნებული ვარ, წარმატებით განვითარდება. ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება იქნება სხვა რაიონებშიც. ფასი ჩვენთვის მისაღებია“, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე არის თუ არა კომპანია „არქი“ გარეული ამ საკითხში?- კალაძემ უპასუხა: „რა მნიშვნელობა აქვს? ვინც მონაწილეობა მიიღო, ის გახდა გამარჯვებული“.

„იყო გამარჯვებული სხვა კომპანია, რომელმაც ვერ წარმოადგინა საბანკო გარანტიები და გადავედით სხვა კომპანიაზე. ეს არის მისაღები, ძალიან მნიშვნელოვანი და მაგარი პროექტია. იგივე დამოკიდებულება გვექნება სხვა რაიონებშიც. საბურთალოზეც გვაქვს ავარიული კორპუსები, დიღომშიც. იგივე დამოკიდებულება გვაქვს კოოპერატივით ბინათმშენებლობით დაზარალებულებთან დაკავშირებით. გამოყოფილი გვაქვს ფართები და გადავცემთ გამარჯვებულ კომპანიას იმ პირობით, ვინც უფრო მეტ ადამიანს დააკმაყოფილებს საცხოვრებელი ფართებით“, – განაცხადა კალაძემ.

წყარო:interpressnews.ge

კომენტარი