მიყვარს თბილისი თავისი ისტორიითა და ტრადიციული ცხოვრების წესით – მირიან ხოსიტაშვილი

მიყვარს თბილისი თავისი ისტორიითა და ტრადიციული ცხოვრების წესით – მირიან ხოსიტაშვილი

803
გაზიარება
მირიან ხოსიტაშვილი - ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, ეთნოლოგიის დოქტორი

მასალა მომზადებულია რუბრიკისთვის “თბილისი ერთ აბზაცში


თბილისი, თავისი არსებობის მანძილზე, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი  სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა და თავისი ორიგინალური, სტრატეგიული მდებარეობით ყოველთვის გამოირჩეოდა.

თბილისს ქარტეხილებით სავსე ისტორია აქვს, იგი საუკუნეების მანძილზე ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური და კულტურული ზეგავლენის ქვეშ ექცეოდა,  ამ ქალაქში მუდმივად იყრიდნენ თავს სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები, რაც თავისებურ მრავალფეროვნებას ქმნიდა. ამ მრავალფეროვნების მიუხედავად, თბილისი საკუთარი ორიგინალური ყოფითი კულტურით გამოირჩეოდა. ყოველი ახალი უცხო ეთნოსის წარმომადგენელი, რომელიც შემოდიოდა საქართველოს დედაქალაქში, მალევე ითვისებდა თბილისური ცხოვრების წესს და თბილისელად ყალიბდებოდა.  ასეთი მულტიკულტურული ქალაქი ჩემთვის პროფესიული თვალსაზრისითაც განსაკუთრებით საინტერესოა, რადგანაც ეთნოლოგი გახლავართ. თბილისი, თავისი მრავალფეროვნებით, საინტერესო იყო ყოველთვის ყველა იმ სტუმრისთვის, მწერლისა თუ მოგზაურისთვის, რომელიც ჩვენს ქალაქს სწვევია. ჩვენ მათ არაერთ ჩანაწერს ვიცნობთ, რომლებიც  დიდი შთაბეჭდილებებითაა სავსე. თბილისი უცხოელი მხატვრების ტილოებზეც არაერთხელ ასახულა ორიგინალური რაკურსით. სხვადასხვა კულტურის  ნაზავი ისეთ კოლორიტს ჰქმნიდა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ამ ქალაქს ახასიათებდა.

დღეს თბილისს გარდამავალი ეტაპი უდგას და ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს – ერთი მხრივ, ძველი ქალაქის შენარჩუნების და მეორე მხრივ, ახალი, თანამედროვე, ქაოსური ქალაქის გაშენების. ამ პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია, არ დაირღვეს თბილისის ისტორიის ის ხაზი, რომელსაც ქალაქი საუკუნეების მანძილზე მიჰყვებოდა, რის შედეგადაც შექმნა თავისი ისტორიული სახე. ჩვენ კი, ჩვენი გადაწყვეტილებებით, არ უნდა დავკარგოთ თბილისის ხასიათი და ისტორია.

საქვეყნოდ ცნობილია, რომ ყველა დიდ ქალაქში, მეგაპოლისში მოსახლეობა  ცენტრიდან პერიფერიებში ინაცვლებს და საგარეუბნო ზონის ტერიტორიებზე იწყებს დასახლებას. დღეისათვის თბილისსაც ეს ვითარება აქვს. ცენტრალური უბნების მაცხოვრებლები ნელ-ნელა გადიან ქალაქგარეთ, ეკოლოგიურად, შედარებით, სუფთა გარემოში. პარადოქსია, სამმილიონნახევრიან ქვეყანას მილიონორასიათასიანი დედაქალაქი ჰქონდეს, რომლის მოსახლეობაც პერიოდულად მილიონნახევარსაც აჭარბებს, რაც შიდა შრომითი მიგრაციითაა განპირობებული, რთული ეკონომიკური პირობების გამო.  თბილისის ურბანული განაშენიანების ტემპი დღეისათვის ძალიან მაღალია. ჩვენ უნდა შევძლოთ, თბილისის დაგეგმარებაზე ვალდებულ პირებთან ერთად, გავინაწილოთ პასუხისმგებლობა. საჭიროა, მეტი პატივისცემით მოვეკიდოთ იმ სივრცეს, რომელშიც ვცხოვრობთ და თბილისის სწორ განვითარებაზე კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ :  მოვუფრთხილდეთ ქალაქს, არ დავაბინძუროთ და არ დავამახინჯოთ მისი იერსახე შეუსაბამო არქიტექტურით.

თბილისი არის ქალაქი, სადაც მინდა, რომ მეც და ჩემმა შვილებმაც ვიცხოვროთ. ეს ის ქალაქია, რომელშიც უნდა იცხოვროს ყველა იმ ადამიანმა, ვისაც იგი უყვარს. თბილისი მარადიული თემაა, რომელიც პატივისცემასა და ზრუნვას იმსახურებს.

კომენტარი