რატომ იზრდება მიწის ფასი დედაქალაქში – სპეციალისტების მოსაზრება

რატომ იზრდება მიწის ფასი დედაქალაქში – სპეციალისტების მოსაზრება

611
გაზიარება

კომპანია Galt&Taggart-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც თბილისში უძრავი ქონების ბაზარს ეხება, დედაქალაქში მიწის ფასი იზრდება.

არქიტექტორი ლევან ბერიძე მიიჩნევს, რომ შექმნილი რეალობა გამოწვეულია ცენტრალურ უბნებში მიწის სიმწირითა და გარეუბნებში სამშენებლო სამუშაოების წარმოების ნაკლები ღირებულებით. ამასთანავე, იგი ხაზს უსვამს ახალი გენერალური გეგმის მნიშვნელობას.

„თბილისის ცენტრალურ უბნებში მიწების გაძვირება გამოწვეულია ასათვისებელი ტერიტორიების სიმწირით. ამ მოცემულობის შექმნაში თავის როლი აქვს გენგეგმასაც, რომელიც ითვალისწინებს ქალაქის პოლიცენტრულ განვითარებას. ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისის ყოველი რაიონი ისე უნდა იყოს კეთილმოწყობილი და განვითარებული ინფრასტრუქტურული და სერვისების თვალსაზრისით, როგორც ცენტრი. გარდა ამისა, ჯერჯერობით, გარეუბნებში ეკოლოგიური მდგომარეობა ხარისხობრივად უკეთესია და სივრცე იძლევა ახალი მშენებლობების საშუალებას, რაც განაპირობებს აღნიშნულ ტენდენციას. ამასთანავე, ცენტრალურ ნაწილში მშენებლობა დაკავშირებულია უკვე არსებული შენობების დემონტაჟსა თუ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან და საჭიროებს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რაც ძვირიც ჯდება და ართულებს დეველოპერებისთვის სასურველი რეალობის შექმნას. შედარებით იაფად გასაწევი სამუშაოები გაცილებით თავისუფალ ზონებში კი, ზრდის მათ შემოსავალს.“ – აღნიშნავს ლევან ბერიძე.

გარდა ამისა, არქიტექტორი არსებული ტენდენციის დადებით და უარყოფით ფაქტორებზე საუბრობს და ვითარების გაუარესების პრევენციისთვის საჭირო მიდგომების ჩამოყალიბებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ახალმა გენგეგმამ დაადგინა, რომ თბილისი უნდა იყოს კომპაქტური ქალაქი, რაც ნიშნავს, რომ ქალაქის ურბანული კონტურის გარეთ არ უნდა მიმდინარეობდეს მშენებლობები, რადგან ეს გამოიწვევს დედაქალაქის გარე ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი ზონების ჩამოყალიბებას, ხოლო ცენტრში ავარიული შენობები დარჩება. ასე რომ, ერთი მხრივ, შეგვიძლია დავინახოთ დადებითი ფაქტორი, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიას, ცენტრის მსგავსი ინფრასტრუქტურა შექმნას გარეუბნებში, თუმცა, მეორე მხრივ, ამ პროცესს ქალაქის შიდა რაიონებში არსებული სამშენებლო პრობლემებიდან გადააქვს ყურადღება.“ – აცხადებს არქიტექტორი.

მიწის ფაზის ზრდას, საბაზრო ეკონომიკიდან გამომდინარე, ბუნებრივად მიიჩნევს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი, თუმცა ახლად აშენებული კორპუსების სრული რეალიზაციის საკითხს სკეპტიკურად უყურებს. ამასთან ერთად, როსტომაშვილი მოსახლეობისთვის სასურველი ტიპის საცხოვრებელსა და მშენებარე თუ ახლად აშენებულ კორპუსებს შორის სხვაობაზეც საუბრობს.

“მოთხოვნა – მიწოდების ლოგიკის თანახმად, ფასი იზრდება ნებისმიერ საქონელზე, რომელზეც დეფიციტია. ეს წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ ფუნდამენტურ კანონს. ზოგადად, მიწის ფასის ზრდა ნიშნავს, რომ ჩვენი ტიპის ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ძალიან გაჭირდება ზემოხსენებულ ტერიტორიებზე ახლად აშენებული ბინების მასობრივი გაყიდვა. ამ მოცემულობაში, მოსახლეობის საკმაო ნაწილი ცხოვრობს ავარიული ტიპის ზონებში და მათი მიზანი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. შესაბამისად, თბილისში ნამდვილად არსებობს მოთხოვნა ბინებზე, თუმცა ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ შედარებით იაფფასიან საცხოვრებლებზე. ყოველივე ამან გამოიწვია ის, რომ მშენებლობების ცენტრმა გადაინაცვლა შედარებით ნაკლებად ძვირადღირებულ ტერიტორიებზე.” – განმარტავს ირაკლი როსტომაშვილი.

კომენტარი