ვაკის რაიონის გამგებელმა საზოგადოებას საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარუდგინა

ვაკის რაიონის გამგებელმა საზოგადოებას საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარუდგინა

142
გაზიარება

ვაკის რაიონის გამგებელმა, ნოდარ ტურძელაძემ რაიონის მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციას თბილისის მერი, კახა კალაძე დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

დედაქალაქის მერმა ვაკის გამგებელსა და გამგეობის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„პირველ რიგში, მინდა, ნოდარ ტურძელაძეს მადლობა გადავუხადო. ასევე, ვაკის რაიონის გამგეობის თითოეულ თანამშრომელს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც თავის რაიონსა და ქალაქზე გული შესტკივა. რაც შეეხება მომავალს, 2020 წელს ჩვენი ბიუჯეტი ისტორიულ ნიშნულს აღწევს, რადგან ის დაახლოებით, 300 მილიონით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ პროექტების განსახორციელებლად 300 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება. ქალაქში არსებული პრობლემები რამდენიმე ათეული წელია მოგვყვება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პრობლემების არ გვეშინია. ძალიან მოტივირებული ვართ, რადგან რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერას ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ. როდესაც ამ მხარდაჭერასა და თანაგრძნობას გრძნობ, მეტი მოტივაცია და შემართება გაქვს. იგივე მოტივაცია და შემართება აქვს ჩემს თითოეულ თანამშრომელს. ჩვენ ვალდებული ვართ, ხალხს 24-საათიან რეჟიმში ვემსახუროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2020 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული, სოციალური და ჯანდაცვის სფეროები პრიორიტეტული იქნება.

„არაერთი გადაჭრილი პრობლემის მიუხედავად, ჯერ კიდევ რჩება ბევრი ოჯახი, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ვაკის გამგეობა რაიონში მცხოვრებ ასეთ ოჯახებს მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში და ქალაქში, რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი მოქალაქე იყოს. შემართებით ვართ და გვაქვს ამბიცია, რომ როდესაც უფლებამოსილებას დავასრულებთ, ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები ხელშესახები იყოს. ჩვენ ყველას ერთად გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა, რომ ამ ქალაქს მოვუაროთ და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, მწვანე სივრცეებითა და გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ჩვენს შვილებსა და მომავალ თაობებს გადავცეთ. ერთსულოვნებით ყველა პრობლემას მოვაგვარებთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ვაკის გამგებელმა საქმიანობის ორი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე რაიონში უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ნოდარ ტურძელაძის განცხადებით, ორი წლის მონაცემებით, საგზაო ინფრასტრუქტურა 211 369 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, რომლის ფარგლებშიც, ბეთანიაში მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა – ასფალტის საფარი პირველად, ოთხ ქუჩაზე დაიგო.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, განხორციელდა 42 სკვერისა და შიდა ეზოს მოწყობა-რეაბილიტაცია; დამატებით, სამ მისამართზე კაპიტალურად მოეწყო დასასვენებელი სივრცეები; გასული ორი წლის განმავლობაში, 806 მისამართზე გამწვანებისა და მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის სხვადასხვა სამუშაო ჩატარდა.

ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მოეწყო 24 ფიტნეს ზონა და ღია – Street Workout-ის ტიპის სავარჯიშო მოედნები; განხორციელდა 11 მულტიფუნქციური სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია; ფერდობის ჩამოშლის საფრთხისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით, 13 მისამართზე აშენდა გრუნტის დამჭერი კედელი; სანიაღვრე სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია 16 მისამართზე ჩატარდა.

გარდა ამისა, სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის, კიბეების, უსაფრთხოების მოაჯირების მოწყობა და დასასვენებელი სკამების მონტაჟი 218 მისამართზე განხორციელდა. რაც შეეხება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამას“, ბოლო ორი წლის განმავლობაში, სხვადასხვა სახის 264 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა; 156 ოჯახს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა; კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ორგანიზებით, კულტურული და სპორტული 17 ღონისძიება გაიმართა.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მოვახერხეთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციით გავაკეთეთ და თითოეული სკვერის, გზის, სპორტული მოედნისა თუ ფიტნეს ზონის მოწყობისას, მათი მოთხოვნები მაქსიმალურად გავითვალისწინეთ“, – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

ვაკის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 32 081 189 ლარი დაიხარჯა.

ანგარიშის პრეზენტაციას დედაქალაქის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მთავრობის წევრები, ასევე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები კობა კობალაძე და ირაკლი აბუსერიძე ესწრებოდნენ.

კომენტარი