რას ითვალისწინებს ახალი სატრანსპორტო რეგულაცია და რამდენად მიზანშეწონილია ის?

რას ითვალისწინებს ახალი სატრანსპორტო რეგულაცია და რამდენად მიზანშეწონილია ის?

292
გაზიარება

2020 წლის იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით, ახალი რეგულაციები ამოქმედდება. კერძოდ, მფლობელები ვალდებული იქნებიან, შეიძინონ კატალიზატორი, ცეცხლმაქრი, სააფთიაქო ყუთი და უსაფრთხოების სამკუთხედი. ჩამონათვალიდან ყველაზე პრობლემატურ საკითხად კატალიზატორის შეძენა სახელდება, რომლის ღირებულება საკმაოდ დიდია. გაცხადებული სიახლის შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნული რეგულაციის ამ ეტაპზე მიღება? აქვთ თუ არა ფინანსური მზაობა საქართველოს მოქალაქეებს, სრულად გაუმკლავდნენ კანონით დადგენილ ვალდებულებებს? როგორ უნდა მოხდეს აღჭურვილობის რეალური მფლობელების დადგენა და ტექნიკურ დათვალიერებასთან დაკავშირებული მანიპულაციების კონტროლი? ამ კითხვებით “სითი კვირამ” დარგის სპეციალისტებს, მევლუდ მელაძესა და გელა კვაშილავას მიმართა.

მევლუდ მელაძე – საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი

-ჩემი აზრით, ამგვარი გადაწყვეტილებების მიღებისას არ არის საჭირო სიჩქარე, რადგან კონკრეტულ შედეგამდე მიღწევას გარკვეული ეტაპები სჭირდება. ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება კარგია, მაგრამ ერთდროულად რამდენიმე რეგულაცია შესაძლოა, მძიმედ დააწვეს მოსახლეობას. კანონი აქამდეც ითვალისწინებდა ავტომობილში მინი აფთიაქის ქონას, რაც საჭიროა და უცხოეთში წარმოებულ პროდუქტს ეს აღჭურვილობა მოჰყვება, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის სირთულე, რომელიც მოქალაქეს ექმნება კატალიზატორის შეძენის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ჰაერის დაბინძურების კოეფიციენტიდან გამომდინარე, ჩვენთან აუცილებელია სატრანსპორტო საშუალების კატალიზატორით აღჭურვა, აუცილებელია ახალი რეგულაცია შემოვიდეს იმ ფორმით, რომელიც გავრცელდება არა არსებულ, არამედ მომავალში იმპორტირებულ ავტომობილებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობას ძალიან გაუჭირდება დაკისრებული მოვალეობის შესრულება. დარჩენილ აღჭურვილობასთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ, რომ მინიმალური პაკეტის დაკმაყოფილება მიზანშეწონილია არამხოლოდ სტანდარტებისთვის, არამედ მათი პრაქტიკული გამოყენებისთვის.
რაც შეეხება ტექნიკურ დათვალიერებაზე სხვისი აღჭურვილობით გამოცხადების პრობლემას, ვფიქრობ, გარკვეული დრო სჭირდება ამ მიმართულებით კულტურის ჩამოყალიბებას. აღნიშნულ საქმეში მნიშვნელოვანია პოლიციის როლი, რომელმაც ამა თუ იმ სავალდებულო ნივთის შესახებ ინფორმაცია მძღოლთან უნდა მოიკითხოს. აღსრულების ეს ფორმა მიგვიყვანს მოცემულობამდე, როდესაც საზოგადოება მიიღებს იმ ნორმებს, რომლებიც აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოებისთვის.

გელა კვაშილავა – ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარე

-როგორც ცნობილია, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სისტემის აღდგენა საქართველოში ორი წლის წინ დაიწყო. გაცხადებული იყო, რომ ეს იქნებოდა ეტაპობრივი პროცესი. რეგლამენტში ეწერა, რომ 2020 წლიდან დაიწყებოდა ბოლო ფაზა, რაც ავტომობილში კატალიზატორის დაყენებას ითვალისწინებს. ახალი დადგენილებით, რომელსაც გავეცანი, სავალდებულო ხასიათი შეეხება მხოლოდ 2020 წლის გაზაფხულიდან საქართველოში შემომავალ სატრანსპორტო საშუალებებს. ჩვენ ვიცით, რომ ტექნიკური ინსპექტირების კუთხით, გაიხსნა კონკრეტული ზონები, სადაც მოწმდება უსაფრთხოების ხარისხი, ასევე გადამზადდა პერსონალი და დაიწყო სისტემის დანერგვა, რაც მისასალმებელი და აუცილებელია. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, რაც გამორიცხავს კორუფციულ საქმიანობას. ამ ტიპის შემოწმებები ევროპული სტანდარტის უპირობო მოთხოვნას წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელსაც აქვს უზარმაზარი დატვირთვა და რომლის გამართულ ფუნქციონირებაზეც უამრავი ადამიანია დამოკიდებული. ზემოხსენებული ცვლილებების მიმდინარეობის ამ ეტაპზე ხელისუფლებას უნდა გამოეცხადებინა, თუ რა იქნებოდა შემდეგი ნაბიჯი. ბუნებრივია, კატალიზატორებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს სჭირდება გარკვეული წინაპირობები და თანმიმდევრული პოლიტიკა. მე ვემხრობი მიდგომას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო კერძო ბიზნესთან თანამშრომლობით შექმნიდა პროგრამას, რომლიც მოქალაქეებს ამ პროდუქტის განვადებით შეძენაში შეუწყობდა ხელს. აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების კუთხით ჩვენ გვაქვს პროგრესი, თუმცა რაც შეეხება გარემოს, დღესდღეობით, სწორედ კატალიზატორის არ ქონის გამო, საწვავის ხარისხის შემოწმება შეუძლებელია. ამიტომ, ტექნიკური გამართულობის თვალსაზრისითაც აუცილებელია ავტომობილის შესაბამისი ნაწილით აღჭურვა. მით უფრო, როდესაც სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა იზრდება, რაც ავტომატურად ნიშნავს მავნე ნივთიერებების გაზრდილ ოდენობას. შესაბამისად, საჭიროა ელემენტარული სტანდარტების არსებობა და დაცვა. გარდა ამისა, კატალიზატორებთან დაკავშირებული რეგულაცია, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულებაც ითხოვს, სრულად არ ამოქმედდება, რადგან გასათვალისწინებელია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, რაც სახელმწიფოს თანადგომას საჭიროებს.

მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ხშირად ვრცელდება ჭორები კატალიზატორის აუცილებლობის უარყოფასთან დაკავშირებით, ჩვენ ამ ყალბ თეორიებს რეალური ფაქტები უნდა დავუპირისპიროთ. კატალიზატორის ფუნქცია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გაწმინდოს გარემო იმ მავნე ნივთიერებებისგან, რომელსაც სატრანსპორტო საშუალება გამოყოფს. ამიტომ, ამ სტანდარტის დაკმაყოფილება ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის სავალდებულოა. საბოლოო ჯამში, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია, როგორც დასამკვიდრებელი ახალი წესრიგის გააზრება, ისე მის დასამკვიდრებლად საჭირო ზომების მიღებაში მოსახლეობის მხარდაჭერა.

კომენტარი