სოფელი, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს

სოფელი, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს

291
გაზიარება

კედარი, მისი არომატები, ჩიტების ჭიკჭიკი – ვერ დაიჯერებ, რომ აქ ოდესღაც სოფელი იყო. განიერი ქუჩა ათობით სახლით, სკოლა, კლუბი, მაღაზია… აქ ცხოვრება ისე დუღდა, როგორც ძველ ფილმებშია ხოლმე. დღეს სოფოლ კაკოვოში, რომელიც რუსეთში მდებარეობს, მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს. 

ამ სოფლის მოძებნა უკვე რუკაზეც შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ის ქალაქ ჩიტასთან ერთი საათის სავალზე მდებარეობს. იქ ტყე, მდინარე, უძირო ცა და წკრიალა სიჩუმე თუ დაგხვდებათ. სოფლის შესასვლელში განთავსებულმა აბრამ შესაძლოა შეგაშინოთ კიდეც.

ტყე მინდვრად იშლება და მისი მასპინძელიც გვხვდება – არც მეტი, არც ნაკლები, ტაიგის მბრძანებელი. კაკოვოში მუდმივად მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს – ნიკოლაი პასტუშენკო.
2000 წლის 1-ელ მაისს სოფელში დიდი ხანძარი მძვინვარებდა. შედეგად, ტყის საფარი თითქმის სრულად განადგურდა, ყველაზე ტრაგიკული კი ის აღმოჩნდა, რომ ადგილობრივებმა სოფელი დატოვეს.
“თქვენი აზრით, ეს ბუნებაა? არა… თქვენ ადრე უნდა გენახათ, რა იყო აქ ხანძრამდე. შეხედეთ, აი, იმ ნაძვნარს. სრულიად გაანადგურა ხანძარმა. მეც აქ ვიყავი”,- ყვება ნიკოლაი. 

ახლა დამწვარი ტყის მაგივრად ახალი ხეებია გაზრდილი, ახალგაზრდა ნაძვნარი ჯერ დაბალია, მაგრამ მსუყედ ამწვანებს გარემოს – ახალი სიცოცხლის სიმბოლოდაც იქცა. 2000 წელს მომხდარი ხანძრის დროს კაკოვოში სახლების ნაწილიც დაიწვა, მაგრამ მაშინაც სოფელში მაინცდამაინც ბევრი მოსახლე არ იყო, როგორც სხვა სოფლებში.
ხანძრამდე აქ ხის ჭრით იყვნენ დაკავებული, ხალხი სამუშაოდ ჩამოდიოდა: უყვარდებოდათ, ქორწინდებოდნენ და ხანდახან ოჯახებით რჩებოდნენ კიდეც.

ნიკოლაი პასტუშენკო კაკოვოში დაიბადა. მისი მშობლებიც აქ მუშაობდნენ.

თავად ნიკოლაის ადგილობრივ სკოლაში არ უსწავლია. ჯერ კიდევ მის ბავშვობაში ოჯახში ტრაგედია დატრიალდა და ნიკოლაის უფროსი და დაიღუპა. მაშინ დედამ ვერ შეძლო იმ ადგილას გაჩერება, სადაც ეს ყველაფერი მოხდა და ოჯახი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. უკვე გაზრდილი ნიკოლაი 1987 წელს სოფელში მარტო დაბრუნდა. მაშინ ტყის ჭრა თითქმის შეჩერებული იყო, სოფელი ხალხისგან თითქმის დაიცალა.
“ვიღაც ახალი უფროსი მოვიდა, ჩათვალა, რომ აქ ტყე არ იყო. ხალხი სოფლიდან ნელ-ნელა წავიდა. თავიდან, გამდიდრების მიზნით, ჩინოვნიკებმა დარჩენილი ტყის მოჭრა გააგრძელეს. შემდეგ სახლები დაშალეს. სამხედროებს აქ პიონერული ბანაკის აშენება უნდოდათ. ყველაფერი მოიპარეს, რისი მოპარვაც შეიძლებოდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მაშინ უკვე ყველაფერი საბოლოოდ განადგურდა”,- იხსენებს ნიკოლაი. 
თავად მან აქ საკუთარი თავი იპოვა. ყოველ დილით მზის ამოსვლას ხვდება. ზაფულში სხვადასხვა ბალახის სურნელს სუნთქვას, ზამთარში კი, ხრაშუნა თოვლზე დააბიჯებს. მან აქ ყოველი ბილიკი იცის.
მდინარესთან ერთი სახლი დგას. მეპატრონე აქ მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდის. ნიკოლაიმ ხუმრობით მის სახლზე აბრა ჩამოჰკიდა – “სანაპიროს ქუჩა”. თავისი სახლის მიმდებარე ტერიტორიას კი, “ცენტრალური ქუჩა” უწოდა.
კითხვაზე, ხომ არ ეშინია იქ მარტო ყოფნა, ნიკოლაი იღიმის. ალბათ, ესმის, რომ ის ერთადერთია, რომელიც ამ სოფელს სიცოცხლეს უნარჩუნებს, ერთადერთია, ვინც მის ხსოვნას ინახავს.

კომენტარი