პირველი რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აანთეს

პირველი რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აანთეს

227
გაზიარება

პირველი რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ცერემონიას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო.

დედაქალაქის მერის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებები ყოველდღიურად, 13 იანვრის ჩათვლით პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე გაიმართება.

„მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ღონისძიების მომზადებაში იყო ჩართული, მადლობა ყველა აქ მოსულ ადამიანს, მადლობა მათაც, რომელთაც გულით უნდოდათ მოსვლა და ვერ მოახერხეს. დღეიდან 13 იანვრის ჩათვლით ყოველდღე შესაძლებელია მობრძანდეთ აქ, საახალწლო სოფელში, სადაც 12:00 საათიდან 00:00 საათამდე გელოდებათ სხვადასხვა საინტერესო კონცერტი, წარმოდგენები, მულტფილმების გმირები. ქალაქში ორი ლოკაცია იქნება: პირველი რესპუბლიკის მოედანი და ორბელიანის მოედანი, სადაც საახალწლო ღონისძიებები გაიმართება და შეგიძლიათ, თქვენს შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად მობრძანდეთ“, – განაცხადა კახა კალაძე.

მისივე თქმით, მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე ბუნებრივ ნაძვის ხესთან ყოფილიყო მიმსგავსებული, რაც მსოფლიო ტრენდს წარმოადგენს.

ღონისძიება საგანგებო წარმოდგენით გაიხსნა, რომელმაც მაყურებელი ზღაპრული მატარებლით დროში ამოგზაურა. ცნობილმა არტისტებმა საყვარელი საბავშვო ფილმების გმირები გააცოცხლეს.

წარმოდგენის რეჟისორი იყო ნიკოლოზ შველიძე, კომპოზიტორი – მიხეილ მდინარაძე, ხოლო ქორეოგრაფები ანჟელა თოხაძე და ნატალია კიკალეიშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ნინო ქათამაძე, ლევან მასპინძელაშვილი, დუტა სხირტლაძე, ნატალია ქუთათელაძე, რუსკა მაყაშვილი, მიშო ჯავახიშვილი, ეკა დოლიძე, ნიკო ვასაძე, თბილისის ბავშვთა კაპელა, ანსამბლი „ბზიკები“ და ნინო ანანიაშვილის ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლა.

წარმოდგენა ფოიერვერკით დასრულდა. თბილისის მერმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფელიც დაათვალიერა.

კომენტარი