„რაც სირაჩხანაში ღვინით სავსე რუმბებია“ – კინტოს თვალით დანახული ახალი წელი

„რაც სირაჩხანაში ღვინით სავსე რუმბებია“ – კინტოს თვალით დანახული ახალი წელი

120
გაზიარება

გაზეთი “ივერია”, 1887 წელი

„დული იაბლოკი დუ…ლიიი! ახალ-წელიწადია! ეს ერთი წელიწადიც ჩავაბარეთ პატრონს, თავისი დავი-დარაბიანი ჯოჯოხეთის ნუგბარი ისევ უკან წაიყვანოს. სხვას რას გვეტყვის, რად წამოგვედავება? თუ იმან არ აგვყარა ნალები, ჩვენ იმისთვის არა დაგვიკლია-რა! ვა! ვა! მართლა ბიჭო და რა ოხერი წელიწადი იყო! უჰ, იმისი სიფათი კი დაიქცეს!

ჯერ ხომ იმითი გაგვიწყვიტა ბარაქა, რომ ამოდენა ბაღებსა და ვენახებს სულ ნაცარ-ტუტი აადინა, სულ გააოხრა, ახლა შარშან ორთაჭალის ბაღებში ორჯელ ისე მჟეჟეს, რომ ორ-ორი კვირა დუქნის ბალახანაში ვიწექი; სულ ცოტა რომ ვსთქვათ, ერთი ოცდა-ათი ღამეც პოლიციაში მძინებია, მოდი და ლოცვა-კურთხევა შეუთვალო, იმ ვირისთავსა, იმასა!

არა, ჯანჯალი წელიწადი იყო, ჯანჯალი! ამას გარდა, ჯერ ერთი, რომ საბურთალო და ფიქრის გორა დაგვიქცია და მეორე, ეს ოხერი ბალდახინები მოიგონა. [ბალდახინი – 1. მდიდრულად მორთული ჩარდახი (უძრავი ან გადასატანი); 2. მიცვალებულის გასასვენებელი ჩარდახიანი ეტლი;] ამ ბალდახინებმა ხომ ზაჰლა წაიღეს [ზაჰლა წაიღო – თავი მომაბეზრა] რაღა, მთელი დღე სულ წკარა-წკური გაუდით, ასე გონია წყნეთიდგან ჯორებით ნახშირი ჩამოუტანიათო. აფსუს აბრუშკას ფაიტონო! ვა, მაშა-კაცო! საითაც მინდა იქით მივაბრუნებ, „ნოვი სვეტში“ არ მინდა, ეშპეტაშვილის დუქანში მივაგრიალებ ფაიტონს, დიდუბეში, და იქ ვიქეიფებ. მაგ ოხერს ბალდახინს ინდაურივით აუღია და სულ ერთს გზაზედ მიდის, ასე გონია, რამე დაუკარგავს და მას ეძებსო. სადაც გინდა და საქმე გაქვს, იქ ჩამოხტიო. ბიჭოს! ჩამოხტომა რათ მინდა, მე ის მინდა, რომ მიკიტნის დუქნის კარებთან დავდგე ფაიტონით და ერთი სველი ჩარექიანი ზედ ფაიტონზედვე გადავუძახო მოუკრავში.

ამბობენ, ახალ-წელიწადს რომ რამე ინატროს კაცმა, უეჭველად აუხდებაო. მამა უცხონდათ! რაც შარშან ვინატრე ის ხომ ამიხდა და ახლა წრეულს მოუყვები. შარშან შეიტან-ბაზარი და სირაჩხანა ვინატრე, ჩემი იყოს-მეთქი, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ნატვრა ამსრულებიყო, შეითან-ბაზარში დუქანი გავაღე და გავკოტრდი, სირაჩხანაში კიდევ დღე ვერ გამივლია, აბრუა სირაჯისა ოთხის თუნგის ჭუჭყი მმართებს და მეშინიან, ნისია არ წამომედავოს-მეთქი.

არა ძმაო, თუ შენ თითონ არ გაისარჯე, ახალი წელიწადი ისეთი ნამარდი ჯეელია, რომ თუ ზარალი არა, სიკეთეს არას დაგაყრის! არა, ახალ-წელიწადი რომ კაი კაცი იყოს, ზამთარში მოვიდოდა! აბა ერთი რომელი ვარდი და ხეხილი ხარობს ზამთარში? ერთად-ერთი ღვიაა, რომელსაც ზამთარ-ზაფხულ ბაიყუშივით სულ ერთი ფერი აქვს და ისიც მხოლოდ მკვდრისთვის არის გამოსადეგი და გამოსაყენებელი.

მაგრამ მაინც ეშმაკს შევაფურთხებ და ვინატრებ, ვირი ხომ არა ვარ, ერთხელ რომ ტალახში ჩავარდე, მეორედ იმ გზაზედ აღარ გავიარო. შარშან თუ არ ამისრულდა, იქნება წრეულს ღმერთმა იპრიანოს და ამისრულდეს.

მაშ რა ვინატრო!

ეჰ, რაც გახდეს, გახდეს, ბევრს არ გამოვუდგები და სულ უბრალო რამეს ვინატრებ: ღმერთმა ისეთი სიმდიდრე მომცეს, რომ ორთაჭალის ბაღი ჩემი იყოს, შიგ ერთი ბუზმენტიანი კარავი მედგეს და რაც სირაჩხანაში ღვინით სავსე რუმბებია, სულ ამ კარავში იდგეს. კუპრია მეზურნე ბიჭადა მყავდეს და როცა ეშხზედ მოვიდე, მაშინ ავაბზუილებინო ტკბილი დუდუკი.

ეს მინატრია.

თუ ეს ახალი წელიწადიც შარშანდელივით თარსი და ზეთი გამოდგა, შენ კარგად იყავ, მეორე ახალ-წელიწადსაც ერთს კარგად შევუკურთხებ, ის თავისთვის და მე ჩემთვის. მაშ არა და!..“

ტექსტი გამოქვეყნებულია მადათოვზე

კომენტარი