სტადიონებზე თამბაქოს მოწევა აიკრძალა

სტადიონებზე თამბაქოს მოწევა აიკრძალა

144
გაზიარება

პირველი იანვრიდან, სტადიონებზე,  თამბაქოს მოწევა აიკრძალება. დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ფიზიკური პირი 100, განმეორების შემთხვევაში კი, 200 ლარით დაჯარიმდება. აკრძალვა ყველა იმ სტადიონს ეხება, რომელსაც ადმინისტრაცია ჰყავს.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის ფარგლებში ამოქმედებული რეგულაციის შესრულების მონიტორინგი სტადიონების ადმინისტრაციებს დაევალება. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია მოწევის ფაქტზე რეაგირებას არ მოახდენს, ფიზიკურ პირთან ერთად 500 ლარით თავადაც დაჯარიმდება. ადმინისტრაციის მხრიდან დარღვევის განმეორებაზე სანქცია 1000 ლარია, ხოლო ყოველ მომდევნო ჯერზე 2000 ლარს მიაღწევს.

საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 17 მაისს მიღებული კანონი “თამბაქოს კონტროლის შესახებ” ძალაში 2018 წლის 1 მაისიდან შევიდა.

პირველ ეტაპზე მოწევა აიკრძალა ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში; საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა და კატერისა); საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე.

კომენტარი