ქუჩაში გამონაბოლქვის კონტროლი მაქსიმალურად სწრაფად უნდა დაიწყოს – ეკა ლალიაშვილი

ქუჩაში გამონაბოლქვის კონტროლი მაქსიმალურად სწრაფად უნდა დაიწყოს – ეკა ლალიაშვილი

120
გაზიარება

რამდენიმე დღის წინა დაანონსდა, რომ შინაგან საქმეთა და გარემოს დაცვის სამინისტროების თანამშრომლობით, შეიქმნება ეკიპაჟები, რომლებიც გზაზე სატრანსპორტო საშუალებებს შეამოწმებენ. აღნიშნული ქმედების მთავარ მიზეზად ავტომობილების მიერ გამოყოფილი მავნე გამონაბოლქვი სახელდება, რომლის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის ჯგუფს საშუალება ექნება მძღოლი დააჯარიმოს.

არასამთავრობო ორგანიზაციის – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ – თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ამ გადაწყვეტილებას მიესალმება და მიიჩნევს, რომ, პრობლემის საფრთხისშემცველობიდან გამომდინარე, სიახლე მაქსიმალურად მალე უნდა დაინერგოს.

“უნდა ითქვას, რომ ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა სერიოზულად არის დისკრედიტირებული, რადგან მიუხედავად სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ გაწეული ძალისხმევისა, გამოდის, რომ გამონაბოლქვის მიმართულებით რეფორმამ გამოცდა ვერ ჩააბარა. ჩემი აზრით, სახელმწიფოს ინტერესშია, რომ, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ქუჩაში გამონაბოლქვის კონტროლი, რადგან მძღოლების მიერ განხორციელებულმა ერთჯერადმა მანიპულაციებმა აზრი დაკარგოს. ჩვენ მოვისმინეთ პარლამენტში ამ სიახლის შესახებ, მაგრამ პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს და  სახელმწიფოს მეტი აქტიურობაა საჭირო.

საუბარია მუქი ფერის გამონაბოლქვზე, რომლის გამოვლენის შემთხვევაში, შესაძლებელია ჯარიმის დაკისრება. აღნიშნული პროცესი რეგლამენტში უკვე გაწერილია და აუცილებელია მისი აღსრულება. ზემოხსენებული მოქმედებები შეამცირებს იმ იმედგაცრუებას მოსახლეობაში, რომელიც სუფევს ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის არასრულფასოვნად განხორციელების გამო, რამაც მძღოლებს სიტუაციის გამოსწორების ნაცვლად, მანიპუალციებისკენ უბიძგა. ამ მხრივ, ასევე გასათვალისწინებელია იმ მძღოლების მდგომარეობაც, რომელთაც კეთილსინდისიერად მოაწესრიგეს თავიანთი სატრანსპორტო საშუალებები და დღეს უთანასწორო ვითარებაში იმყოფებიან. განვმეორდები, რომ რაიმე ტიპის ზედმეტი პასუხისმგებლობა არავის ეკისრება და აღნიშნული პრობლემის მოგვარების ვალდებულება სახელმწიფოს ევროდირექტივით აქვს ნაკისრი.“ – აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

კომენტარი