ჩემთვის თბილისი ბავშვობის მოგონებებია – ირაკლი როსტომაშვილი

ჩემთვის თბილისი ბავშვობის მოგონებებია – ირაკლი როსტომაშვილი

92
გაზიარება
ირაკლი როსტომაშვილი - „მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი

მასალა მომზადებულია რუბრიკისთვის “თბილისი ერთ აბზაცში


თბილისთან დაკავშირებით, ჩემთვის არსებობს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორები. ნებისმიერი ქალაქი გლობალიზაციის ეპოქაში ბუნებრივად მოითხოვს გარკვეულ ცვლილებას, როდესაც პროგრესისკენ გადადგმულ ნაბიჯს შესაძლოა, თან ახლდეს უარყოფითი ასპექტები. ეს შესაძლოა, მოიცავდეს პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია ეკოლოგიასთან, ტრანსპორტთან, თუ საზოგადოებრივი სივრცეების გაქრობასთან.

ჩემთვის თბილისი ბავშვობის მოგონებებია. მე მთაწმინდაზე დავიბადე და მახსოვს, პატარაობაში, ადგილობრივებმა კარგად იცოდნენ, თუ ვისი ოჯახიდან ვიყავი, დღეს ამგვარი მდგომარეობა აღარ გვხვდება. შესაძლოა, ეს ჩემი ნოსტალგიის ნაწილია, თუმცა მაშინ ქალაქში განსხვავებული ურთიერთმიმართება ვლინდებოდა. ურთიერთობებში მეტი სიმშვიდე და სიმარტივე იგრძნობოდა.

მახსოვს, პირველად საკმაოდ ზრდასრულ ასაკში გავიგე ადამიანების ეთნიკურ წარმომავლობაზე ხაზგასმის შესახებ, რადგან ჩემს ბავშვობაში ამაზე აქცენტს არავინ აკეთებდა, ამგვარი დაყოფა ძალიან უცხო იყო ჩვენთვის.

რაც შეეხება იმას, თუ რას შევცვლიდი თანამედროვე თბილისში, ალბათ, საზოგადოების დამოკიდებულებებს გარკვეული საკითხების მიმართ. დღეს აქტუალური თემაა ბეტონის ჯუნგლებზე საუბარი, თუმცა ჩემი აზრით, ამ ვითარების შექმნაში დამნაშავე არა არქიტექტორი და მშენებელი, არამედ ამგვარი შენობების დამკვეთები არიან. ამ მაგალითზე მე ყურადღებას გავამახვილებდი არა თბილისის ცენტრში ბოლო დროს აღმართულ შენობებზე, არამედ პერიფერიულ ზონებში მოსახლეობის მიერ კოლექტიურად, თვითნებურად წარმოებულ მშენებლობებზე, რაც არანაკლებ საზიანოა დედაქალაქისთვის. ყოველივე ეს კი ადამიანებს შორის საერთო თვითშეგნებისა და სოლიდარობის ნაკლებობის შედეგია, რაც მომხმარებლურ დამოკიდებულებაში ვლინდება და არსებული საერთო რესურსის მაქსიმალურ ინდივიდუალურ ათვისებას გულისხმობს.

კომენტარი