რუსული პროპაგანდისტული საიტის ტყუილების კასკადი თბილისზე

რუსული პროპაგანდისტული საიტის ტყუილების კასკადი თბილისზე

337
გაზიარება

რუსულმა პროპაგანდისტულმა საიტმა, რომელიც ახალი ამბების ფედერალურ სააგენტოს ეკუთვნის, თბილისის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. მფლობელის მიუხედავად, სააგენტო არაა ფართოდ ცნობილი, შესაბამისად, როგორც ჩანს, ის ცდილობს მკითხველის ყვითელი მასალებით მოზიდვას.

სტატიაში რეალურად არსებულ პრობლემებთან ერთად, როგორიცაა მიშენებები და ქუჩის ვაჭრობა, მოყვანილია ასევე აშკარა ტყუილები – ისეთები, როგორიცაა, მაგალითად, ის რომ თბილისში გამეფებული კრიმინალის გამო, აქაურები აშენებენ ეზოებში ჟანგიან ფარეხებს – ეს მაშინ, როდესაც რეალურად ფარეხები აშენდა ჯერ კიდევ საბჭოთა დროს.

„კომერსანტი“ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

ბარაკები, ნაგვის მთები, აგრესიული მათხოვრების ჯოგები, არალეგალური მოვაჭრეები, თაღლითები, ჩამოშლილი ფასადები, კანალიზაციის და გათბობის არარსებობა, ქაოსი გზებზე, გამვლელების აღრენილი სახეები და უწყვეტი მიტინგები ცენტრალურ ქუჩებში – აი ასეთია დღეს საქართველოს დედაქალაქი თბილისი. ახალი ამბების ფედერალური სააგენტოს კორესპოდენტი ჩავიდა და ქალაქი ადგილზე შეისწავლა.

საქართველოში გამგზავრების მიზეზი გახდა ანტირუსული აქციები, რომლებიც დაიწყო 2019 წლის ივნისში. ხელისუფლება აცხადებს, რომ რუს ტურისტებს საქართველოში არაფერი ემუქრებათ, თუმცა, საპროტესტო აქციები ახლაც გრძელდება.

თბილისის ბარაკები

თუ არ მივაქცევთ ყურადღებას პოლიტიკას და ნაციონალიზს, ტურისტებს საქართველოში, დედაქალაქშიც კი, პირველ რიგში ტოტალური გაპარტახება ემუქრებათ.  ადგილობრივი ხელისუფლება ვერ აკონტროლებს ვითარებას ქალაქის ვერც ერთ ნაწილში – ვერც ცენტრში, და ვერც გარეუბნებში.

მრავალსართულიანი კორპუსები არ გარემონტებულა ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან, კარები და ელექტროსადენები მოპარულია, მთელი საცხოვრებელი სექტორი  საშინელ მდგომარეობაში იმყოფება, ცხელი წყალი და ცენტრალური გათბობა 1992 წლიდან არ არის, ლიფტები ფასიანია, თუმცა, ისინიც კი  მხოლოდ ყოველ მე-3 სახლში მუშაობს.

დანაშაულმა მიაღწია ისეთ მასშტაბებს, რომ ავტომფლობელები იძულებულები არიან ააშენონ სქელი არმატურიდან რკინის გალიები, იმისთვის, რომ მანქანები პირდაპირ ეზოდან არ გაიტაცონ.

შენობებს არა მხოლოდ არ არემონტებენ, არამედ მათ საშინელ მიშენენებს უმატებენ.

მახინჯი აივნები – მიშენებები – გახდა თბილისის სავიზიტო ბარათი.

მარტივი რკინის კონსტრუქციებს წყალობით, აივანი გადაიქცევა დამატებით ოთახად, თუმცა, ამით ხდება შენობის ზომის ზრდა. იქმნება ნგრევის რეალური საფრთხე. მით უმეტეს, რომ თბილისი  სეისმიურად საშიშ ზონაში მდებარეობს  და აქ  მიწისძვრები საკმაოდ ხშირია.

კორესპოდენტმა გადაიღო ასობით ასეთი შენობა, თანაც არა მხოლოდ გარეუბნებში, არამედ ცენტრში – იქ სიარული საშიშია სიცოცხლისთვის, თუმცა, ადამიანები მაინც დადიან, რადგანაც სხვა სასიარულო ადგილი არ არსებობს.

ხელისუფლებას არ შეუძლია აიძულოს ადგილობრივი მოსახლეობა  შენობებს პირვანდელი იერსახე დაუბრუნოს, რადგანაც ეს გამოიწვევს პროტესტებს და დარბევებს, რომლებიც დღეს საქართველოს დედაქალაქში ისედაც საკმარისზე მეტია.

თავისუფალი ფართები ქალაქში თითქმის არაა – ყველგან, სადაც შესაძლებელია გაშლილია ლეგალური ან სტიქიური ბაზრები. ვაჭრობენ ვაგზლის და აეროპორტის ტერიტორიებზეც კი, ავტომაგისტრალებზე  და მიწისქვეშა გადასასვლელებში.

ჯიბის ქურდები და მათხოვრები

სიღარიბე და უმუშევრობა ზრდის კრიმინალს ქართულ საზოგადოებაში, რომელიც  კანონმორჩილებით და პატიოსანი შრომისკენ მიდრეკილებით ადრეც არ გამოირჩეოდა. ქართველი და ბოშა ჯიბის ქურდების დიდი ნაწილი მუშაობს რუსეთში და ევროპაში, თუმცა, მათი რაოდენობა სამშობლოშიც იზრდება.

თუ ჯიბგირები ცდილობენ ჩრდილში დარჩენას, მათხოვრები მოქმედებენ ღიად და თავხედურად – ბინძური მამაკაცების, ქალების და ბავშვების მთელი ჯოგები ყარაულობენ ტურისტებს ღირსშესანიშნაობებთან და კაფეებთან – ფულს არათუ სთხოვენ, არამედ მოითხოვენ. თუ ტურისტი უარს იტყვის ფულის მიცემაზე, მას ან დაარტყამენ, ამ შეაფურთხებენ.

ასევე ძალიან ბევრია ძალ-ღონით სავსე ქალები და მამაკაცები, რომლებიც  თავს გიდებად ასაღებენ. ისინი არ ეშვებიან ტურისტებს და მოითხოვენ მათგან ფულს – ასეთი ესკორტისგან განთავისუფლების ტაქსაა 20-25 ლარი.

მეტრო და მიწისზედა ტრანსპორტი

თბილისის მეტროს სადგურების აღმოჩენა ქუჩიდან საკმაოდ ძნელია. როგორც წესი, ეს არის ჯიხურებით და მოვაჭრეებით ჩახერგილი მიწისქვეშა გადასასვლელები. სადგურები არ გარემონტებულა საბჭოთა დროიდან, სუსტია განათება, ესკალატორები მოძველებული. ჩამოშლილ კედლებს ფარავენ რეკლამით, მატარებლები დადიან იშვიათად, რადგანაც ვაგონების დიდი ნაწილი უვარგისია, ახლების შესაძენად კი  საკმარისი ფული არ არის. თბილისის მეტროში, მოსკოვის და სანქტ-პეტერბურგისგან განსხვავებით, არავინ არსად არ ჩქარობს – ამის მიზეზებია უმუშევრობა და ქართველებისთვის დამახასიათებელი ზოგადი მოშვებულობა.

მეტროს შემადგენლობაში 4 ვაგონია, პიკის საათში ყველა გადატენილია, სავსეა მათხოვრებით და ჯიბგირებით. ადგილობრივი პოლიცია ურჩევს მგზავრებს  მეტროში ფასეული ნივთები არ ატარონ.ყველაზე გავრცელებული მიწისზედა ტრანსპორტია მიკროავტობუსები, შედარებით ნაკლებად – ავტობუსები და ტაქსები.

თუმცა, თბილისში მოძრაობა საშიშია – აქ არავინ არ იცავს წესებს, ფეხმავლებს არ ატარებენ, მანქანების კი აჩერებენ იქ, სადაც  მძღოლი  მოინდომებს- მათ შორის ტროტუარებზე და გაზონებზე. თანაც მძღოლები დაუსრულებლად უსიგნალებენ ერთმანეთს, როგორც სადმე ეგვიპტეში და სომალიში.

ადამიანებისადმი  დამოკიდებულება

თბილისში ადვილად დაინახავთ ადამიანებს, რომლებიც ისაქმებენ ქუჩაში ან მიწისქვეშა გადასასვლელებეში. ამიტომაც, ყურადღებით იყავით.

გარდა ამისა, თბილისში თვალშისაცემია უპატრონო ცხოველების დიდი რაოდენობა – მტრედებიდან და ვირთხებიდან დაწყებული, ძაღლების დიდი ჯოგებით დამთავრებული. ისინი მოითხოვენ საჭმელს არანაკლებად ენერგიულად, ვიდრე პროფესიონალი მათხოვრები.

თბილისში ყველგან ეწევიან – მათ შორის რესტორნებში და ტაქსებში. მოწევის ნებართვის თხოვნა არაა მიღებული.

მაღაზიებში და რესტორნებში ქვითრის მიღება არაა მიღებული, მაშინაც კი, თუ კლიენტი ამას დაჟინებით მოითხოვს. ასევე მომსახურების გადასახადი რესტორნებში შედის ანგარიშში კლიენტის სურვილისგან დამოუკიდებლად. მომხმარებელი იხდის ბონუსს მაშინაც კი, თუ მომსახურება არ მოეწონა.

ავტორი:თენგიზ აბლოთია

წყარო: commersant.ge

 

 

კომენტარი