როგორ უნდა გააკონტროლონ ავტომობილების გამონაბოლქვი – გელა კვაშილავას მოსაზრება

როგორ უნდა გააკონტროლონ ავტომობილების გამონაბოლქვი – გელა კვაშილავას მოსაზრება

348
გაზიარება

რამდენიმე დღის წინ დაანონსდა, რომ შინაგან საქმეთა და გარემოს დაცვის სამინისტროების თანამშრომლობით, შეიქმნება ეკიპაჟები, რომლებიც გზაზე სატრანსპორტო საშუალებებს შეამოწმებენ. აღნიშნული ქმედების მთავარ მიზეზად ავტომობილების მიერ გამოყოფილი მავნე გამონაბოლქვი სახელდება, რომლის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის ჯგუფს საშუალება ექნება მძღოლი დააჯარიმოს.

ტრანსპორტის სპეციალისტი გელა კვაშილავა ამ გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ სიახლის წარმატებით დასანერგად ეკიპაჟების თანამედროვე აპარატურით აღჭურვაა აუცილებელი. გარდა ამისა, სპეციალისტის მოსაზრებით, ამ პროცესში ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოც უნდა ჩაერთოს.

„რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის მიხედვით, დაახლოებით, 1 300 000 ავტომობილის ტექნიკური გამართულობა შემოწმდა, საიდანაც ნახევარზე მეტმა შემოწმება ვერ გაიარა. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა ეტაპობრივია და ამ პროცესში მთავარი პრობლემა, რომელმაც თავი იჩინა, არის ის, რომ შენარჩუნებულია მავნე გამონაბოლქვის მატარებელი ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი. ინსპექტირების პროცესი გულისხმობს შემოწმებას, როგორც სპეციალურ ცენტრებში, ისე გზებზე და ამ მიმართულებით, სახელმწიფოს ინსტრუმენტი არ გააჩნია. იმისათვის, რომ რეფორმა იყოს სისტემური და გამართული, აუცილებელია სახელმწიფოს ქონდეს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისას გადამოწმების უფლება. თუმცა, ეს უნდა მოხდეს არსებული თანამედროვე აპარატურის მეშვეობით, რომლის გადაადგილება შესაძლებელია და რომელიც ძალიან სწრაფად აგნებს პრობლემატურ არეალებს.

იყო შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ამ პრობლემის მოსაგვარებლად მიმართავდნენ 112-ს, მაგრამ არ იყო ადეკვატური რეაგირება. ახლა კი საქმე გვაქვს ერთგვარ მცდელობასთან, რომ შეიქმნას მექანიზმი, რომელიც უფრო ეფექტურად გაუმკლავდება ამ გამოწვევას. აღნიშნული მცდელობა მისასალმებელია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოც უნდა იყოს ჩართული, სადაც აკრედიტაციის ცენტრია, რადგან ტრანსპორტის პოლიტიკაზე მათ წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრიათ. შესაბამისად, ჩემთვის გაურკვეველია, ამ რეფორმის ფარგლებში რატომ მოიაზრება მხოლოდ შსს და გარემოს დაცვის სამინისტრო. ამ ტიპის ბერკეტის შექმნა და კოორდინაცია მნიშვნელოვანია, თუმცა სასურველია ეს მიმართულება ერთმა კონკრეტულმა უწყებამ ჩაიბაროს. მაგალითად, უკრაინასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში ტრანსპორტის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი უწყება აგრეთვე პასუხს აგებს მის აღსრულებაზე. არ არის აუცილებელი, რომ ეს ფუნქცია ზედმეტად დიდი ჯგუფის ხელში აღმოჩნდეს, მაგრამ საჭიროა მობილური გუნდის შექმნა, რომელიც მხოლოდ ამ საკითხზე იქნება ორიენტირებული.

ჩვენთვის ცნობილია, რომ შსს-ს, საპატრულო პოლიციის სახით, საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით, თავისი მოვალეობები აქვს, ხოლო გარემოს დაცვის სამინისტრო საწვავის ხარისხს ამოწმებს, ამიტომ ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკის გასატარებლად, მიმაჩნია, რომ ეს მიმართულება ერთმა უწყებამ უნდა ჩაიბაროს. თუმცა, აუცილებელია, რომ რეფორმამ მოსპობს სისტემაში არსებული შავი ხვრელები და შექმნას კორუფციის პრევენციის მექანიზმი.“ – აცხადებს გელა კვაშილავა.

კომენტარი