ფინეთში სამუშაო დღეების შემცირების შესახებ ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდა – რა მოხდა სინამდვილეში

ფინეთში სამუშაო დღეების შემცირების შესახებ ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდა – რა მოხდა სინამდვილეში

951
გაზიარება

“როგორ იქცა ფინეთის მიერ 4-დღიანი სამუშაო კვირის შესახებ გავრცელებული ყალბი სიახლე ფაქტად ევროპულ მედიაში” – ამ სათაურით სტატიას ფინური გამოცემა – „News Now Finlald”  – აქვეყნებს.

„შეიტყეთ ახალი ამბის შესახებ, რომელიც ფინეთის პრემიერ-მინისტრის, სანა მარინის მიერ მოსალოდნელ რადიკალურ გადაწყვეტილებას გვამცნობს?

„ფინეთის პრემიერი სანა მარინი აცხადებს, რომ დაგეგმილია 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლა“ – წერდა ”The Guardian”.

დაახლოებით, იდენტური შინაარსის სიახლეს გვამცნობდნენ: “The Independet”, “ITV”, “Trumpets Metro”, “Daily mail” და სხვა მედიასაშუალებები. ამ ტენდენციას ელვის სისწრაფით შეუერთდა ბელგიური, ირლანდიური, ავსტრალიური, ინდური თუ ამერიკული მედია.

გავრცელებული ინფორმაცია კი ყალბია.

საქმე ის გახლავთ, რომ ზემოხსენებული ინიციატივის განხორციელება ფინეთის მმართველ პარტიაში არათუ უახლოეს მომავალში, არამედ შორეულ პერსპექტივაშიც არ განიხილება.

რა მოხდა სინამდვილეში?

გასული წლის აგვისტოში სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები და აქტივისტები ფინეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ტურკუში პარტიის 120 წლის იუბილეს აღნიშნავდნენ. მას შემდეგ, რაც ფინეთის ყოფილმა პრემიერმა, ანტი რინემ  წარმოთქვა სიტყვა, დადგა პანელური დისკუსიის დრო, რომელშიც სხვა მინისტრებთან ერთად, ფინეთის ამჟამინდელი პრემიერი, სანა მარინიც მონაწილეობდა.

მიუხედავად მოდერატორის მიერ წარმართული სადისკუსიო ფორმატისა, აღნიშნული დღე პარტიის ისტორიის გახსენებასა და ზეიმს უფრო დაეთმო, ვიდრე სახელმწიფო პოლიტიკის ფორმულირებასა და განსაზღვრას. თავის მხრივ, პარტიის პროგრამა ამ შეხვედრამდე 2 თვით ადრე დამტკიცდა.

დისკუსიის მსვლელობისას სანა მარინმა წამოაყენა იდეა, რომლის მიხედვითაც, ფინეთის პროდუქტიულობა გაიზრდებოდა, თუ სახელმწიფო 4-დღიან სამუშაო კვირაზე ან 6-საათიან სამუშაო დღეზე გადავიდოდა (მას არ განუცხადებია ამ ორი ინიციატივის ერთდროულად განხორციელების თაობაზე).

მარინმა ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც დაწერა. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სამუშაო საათების შემცირება ფინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიზანია, თუმცა ფაქტია, რომ იმჟამინდელ ხელისუფლებას მსგავსი რეფორმის გატარება დაგეგმილი არ ჰქონია.

ამ ინიციატივას ფინეთში არც თუ დიდი გამოხმაურება მოყვა, თუმცა სიახლემ სწრაფად დაიწყო გავრცელება.

2019 წლის 16 დეკემბერს, ტურკუში გამართული ღონისძიებიდან 4 თვის შემდეგ,  ავსტრიულმა საინფორმაციო წყარო „Konstrast – მა“ მომხდარის შესახებ დაწერა.

ჟურნალისტი პატრიცია ჰაბერი მარინის სიტყვებს ციტირებს : „4-დღიანი სამუშაო კვირა და 6-საათიანი სამუშაო დღე? რატომაც არა? 8 საათიანი სამუშაო დღე უკანასკნელი ჭეშმარიტებაა? მე ვფიქრობ, ადამიანები იმსახურებენ, რომ მეტი დრო დაუთმონ თავიანთ ოჯახებს, ჰობს და ცხოვრების სხვა ასპექტებს, მაგალითად, კულტურას. რატომ არ შეიძლება ეს იდეა იყოს ჩვენი სამუშაო ცხოვრების შემდგომი ნაბიჯი?”

აღნიშნული ციტატა, ფაქტობრივად, თანხვედრაშია ფინური მედიის მიერ გავრცელებულ პირვანდელ ინფორმაციასთან.

შემდეგი თარიღი, რომლითაც ამბავი გრძელდება, 2020 წლის 2 იანვარია, როდესაც გაზეთმა “New Europe” გამოაქვეყნა ჟურნალისტ ზოი დიდილის სტატია, რომელშიც ვკითხულობთ: „დეკემბერში არჩეული ფინეთის ახალი პრემიერი ითხოვს მშრომელებზე მორგებულ სამუშაო განრიგს, რომელიც შესაძლოა განისაზღვროს 4-დღიანი სამუშაო კვირითა და 6-საათიანი სამუშაო დღით“.

ამის მიხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს, ეს მარინის პრემიერად არჩევის შემდეგ გამოთქმული ინიციატივაა.

როგორც ჩანს, სწორედ ეს სტატია გახდა ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა ყალბი სიახლის წყარო.

კომენტარი