გამონაბოლქვის კონტროლი პირდაპირ შედეგს არ მოიტანს, თუმცა მოგვცემს სტატისტიკას – მევლუდ მელაძე

გამონაბოლქვის კონტროლი პირდაპირ შედეგს არ მოიტანს, თუმცა მოგვცემს სტატისტიკას – მევლუდ მელაძე

123
გაზიარება

გასული წლის მიწურულს დაანონსდა, რომ შინაგან საქმეთა და გარემოს დაცვის სამინისტროების თანამშრომლობით, შეიქმნება ეკიპაჟები, რომლებიც გზაზე სატრანსპორტო საშუალებებს შეამოწმებენ. აღნიშნული ქმედების მთავარ მიზეზად ავტომობილების მიერ გამოყოფილი მავნე გამონაბოლქვი სახელდება, რომლის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის ჯგუფს საშუალება ექნება, მძღოლი დააჯარიმოს.

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი მევლუდ მელაძე ამ გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნაბიჯი პირდაპირ შედეგს არ მოიტანს. სამაგიეროდ, მოგვცემს სტატისტიკას, რომლის საშუალებითაც, სამომავლოდ პრობლემის მოგვარების კონკრეტული გზების მოძებნა გახდება შესაძლებელი.

მევლუდ მელაძე – საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი

“ვფიქრობ, მთავარი ის სტატისტიკაა, რომელსაც ამ ყველაფრის შედეგად მივიღებთ. ქუჩაში გამონაბოლქვის შემოწმება მოკლე ვადაში შედეგს არ მოგვცემს, მაგრამ თუ მიღებულ ინფორმაციას კარგად გადავამუშავებთ, შემდეგ შევძლებთ, დავსახოთ კონკრეტული გზები, თუ როგორ მოვაგვაროთ გამონაბოლქვის პრობლემა. ასე ვნახავთ, რა სურათი გვაქვს ტექდათვალიერებაზე და რა ხდება რეალურად.

ჩვენთვის, მოსახლეობისთვის, მთავარია, მივიღოთ სასურველი ეფექტი – ნაკლებად გვავნოს გამონაბოლქვმა და მაქსიმალურად გაიწმინდოს ჰაერი. ამდენი ავტომობილის გამონაბოლქვი გაუსაძლის მდგომარეობას ქმნის. ფაქტია, ტექდათვალიერებას შედეგი არ მოჰყოლია. გამონაბოლქვის მაჩვენებელი არ გაზრდილა, თუმცა არც შემცირებულა, ამიტომ საჭიროა დამატებითი ჩარევა, გადამოწმება და შემდეგ უფრო მძაფრი რეაგირება.” – აცხადებს მევლუდ მელაძე.

კომენტარი