რამ გამოიწვია ხანძარი ავსტრალიაში და რა გავლენა ექნება მას მსოფლიო ეკოსისტემაზე?

რამ გამოიწვია ხანძარი ავსტრალიაში და რა გავლენა ექნება მას მსოფლიო ეკოსისტემაზე?

1266
გაზიარება

ბოლო დროს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ავსტრალია მოექცა, სადაც გამძვინვარებულმა ხანძარმა ადამიანები და ასობით მილიონი ცხოველი იმსხვერპლა. გაანადგურა უამრავი საცხოვრებელი სახლი და უზარმაზარი მწვანე ტერიტორია. საინტერესოა, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული ეკოლოგიური კატასტროფა, რა გავლენა ექნება მას მსოფლიო ეკოსისტემაზე და რა პრევენციული მექანიზმები არსებობს ამგვარი ტრაგედიების თავიდან ასარიდებლად? “სითი კვირა” ეკოლოგ ბიძინა გიორგობიანის მოსაზრებას წარმოგიდგენთ.

“როგორც ჩანს, ავსტრალიაში განვითარებულ მოვლენებში ადამიანის ხელი ურევია. როგორც საინფორმაციო სააგენტოები იტყობიანებიან, დაახლოებით, 189 ადამიანია დაპატიმრებული ავსტრალიაში ხანძრის ხელოვნურად გაჩენის მოტივით. იქ, ძირითადად, იწვის ევკალიპტის ხეები, რომლებიც სწრაფად ალდება, რასთან გამკლავებაც ძალიან რთულია. როგორც ჩანს, აქ ადამიანის მონაწილეობა უფრო დიდ როლს თამაშობს, ვიდრე ბუნებრივი მოვლენები.

რაც შეეხება მომხდარის გავლენას კლიმატის ცვლილებაზე, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩვენს ყოველდღიურობაზე საკმაოდ მძიმედ აისახება. კლიმატის ცვლილება რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული, ეს ეხება არამხოლოდ ტემპერატურის ცვლილებას, არამედ ე.წ. სათბურის ეფექტს. ამ დროს დნება ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსზე არსებული ყინულის მასა, რაც იწვევს დიდი რაოდენობით CO2-ის გამოთავისუფლებას, რომელიც ატმოსფეროში გავრცელების შემდეგ ხელს უწყობს ტემპერატურის მატებას. აქედან გამომდინარე, ამას ექნება ძალიან უარყოფითი ეფექტი, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ტემპერატურის მატებამ გაუსწრო პროგნოზს, რომელსაც მეცნიერები 2050 წლამდე ვარაუდობდნენ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ტემპერატურა 1,5 გრადუსამდეც არ მოიმატებდა, თუმცა გერმანიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2010-2016 წლებში ევროპაში გამოვლენილი ტემპერატურა 2019 წლის მაჩვენებელს, თითქმის, 3 გრადუსით ჩამოუვარდება. შესაბამისად, ეს შეუქცევადი პროცესია და მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ მომდევნო 3-4 წელიწადში იდენტური ტენდენცია შენარჩუნდება, ყოველგვარი დრამატიზების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგომარეობა იქნება უკონტროლო და ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდება, ადამიანის გავლენით, ვითარების სასიკეთოდ შემობრუნება.

მსგავსი კატასტროფების პრევენციული მექანიზმი მდგომარეობდა იმ საერთაშორისო პასუხისმგებლობაში, რომელიც ცივილიზებულ სამყაროს აკისრებდა CO2-ის გამოყოფის რეგულირებას. თუმცა, ეს შეთანხმება დატოვა აშშ-მ, ჩინეთმა, რუსეთმა და ა.შ. შესაბამისად, ეს ქვეყნები განაგრძობენ თავიანთი სამრეწველო აირების ჰაერში გამოფრქვევას და არ ასრულებენ საერთო კეთილდღეობისთვის აუცილებელ მოვალეობას. საბოლოოდ, ვიღებთ შედეგს, როდესაც რამდენიმე ქვეყნის წინდაუხედავი ქმედების გამო, ისჯება მთელი პლანეტა. პრევენციულ ზომებზე საუბარი იყო 10-20 წლის წინაც, თუმცა მაშინაც გამოჩნდნენ ფსევდო მეცნიერები, რომლებიც ამტკიცებდნენ გლობალური დათბობის სიყალბესა და მის წინააღმდეგ შექმნილი ერთობის კორუფციულ ხასიათს.

ჩვენი ქვეყნის მაგალითზე რომ განვიხილოთ, ალბათ, ამჩნევთ, მეოთხე ზამთარია, რაც საქართველოში არათუ თოვლი, არამედ ნალექი არ მოდის. უნალექო ზამთრებს მოჰყვება მიწისქვეშა გრუნტის წყლების რაოდენობის შემცირება, მცენარეული საფარის დაავადება. თბილი ზამთარი მცენარეული საფარისთვის ძალიან მძიმე შედეგის მომტანია, რაც მთელს ეკოსისტემაზე ახდენს გავლენას. ამ დროს ნალექი არასწორად ნაწილდება, თითო გრადუსის მატებაც კი იწვევს ტყეების ზოლის ზღვის დონიდან 60-80 მეტრამდე აწევას, რასაც ათწლეულები ჭირდება, თუმცა გარდაუვალი პროცესია. შემდეგ მატულობს აორთქლება, რაც იწვევს გაზაფხულზე ღვარცოფული წვიმების მატებას. მინდა გითხრათ, რომ კლიმატის ცვლილება არ იზომება მხოლოდ ტემპერატურის ცვლილებით, ეს გაცილებით კომპლექსური საკითხია, რომელიც განსხვავებულ ყურადღებას საჭიროებს.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ტრადიციული ეკოსისტემის ცვლილება ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ადამიანის მეურნეობასა და ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაზე მომავალში. პრევენცია ჯერჯერობით შესაძლებელია და ის უნდა გამოიხატოს გამონაბოლქვი აირების შემცირებაში, ხელოვნური ხანძრების გაჩენის პრევენციაში, ნერგების დარგვაში და ა.შ. მაგალითად, გერმანიაში მომავალ წელს განსაზღვრულია 16 მილიონი ხის დარგვა, რადგან იქ აცნობიერებენ ვითარების სიმძიმეს და ცდილობენ, გაუმკლავდნენ ადგილობრივ პრობლემებს, რაც გამოიხატება როგორც ბავარიაში ე.წ. ქერქიჭამიის მიერ ათასობით ხის განადგურებაში, ისე ალპების ტყეებში არსებული ანტისანიტარიული მდგომარეობით. შესაბამისად, ჩვენ, არსებული რესურსებით, უნდა შევეცადოთ პრევენციული ზომების მიღებას, მაგალითად, ბორჯომის ხეობის სოფელ დაბაში, სადაც ხანძარი მძვინვარებდა, აღსადგენია რამდენიმე ასეული ჰექტარი ტყე, რისი დაპირებაც გაიცა, თუმცა დღემდე შეუსრულებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ განვითარდება ეროზია, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს არსებულ რეალობას. ამიტომ, საჭიროა, როგორც აღდგენითი მოქმედებები, ისე დაზიანებული ზონების განაშენიანება, რითიც ჩვენს წვლილს შევიტანთ გლობალური დათბობის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში.“ – აღნიშნავს ბიძინა გიორგობიანი

კომენტარი