რამდენიმე მონაკვეთზე მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული რეაბილიტაცია იგეგმება – კახა ლაბუჩიძე

რამდენიმე მონაკვეთზე მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული რეაბილიტაცია იგეგმება – კახა ლაბუჩიძე

132
გაზიარება

ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელობას შეხვდა.

აღნიშნულმა კომპანიამ ისნის რაიონში დაგეგმილი პრიორიტეტული პროექტები წარმოადგინა. ასევე, მხარეებმა რაიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელსაც, ძირითადად, გაუმართავი წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები იწვევს.

ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ მადლობა გადაუხადა კომპანიას გასულ წელს იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის, რომელიც სამივე საუბნო ტერიტორიას: ნავთლუღს, ავლაბარი – მეტრომშენსა და ვაზისუბანი – მერვე ლეგიონს შეეხო. კერძოდ, ციხისძირის, ნოე რამიშვილის (ყოფილი ვ.მიქელაძის) და ჯუმბერ ლეჟავას ქუჩებს.

„უკვე მესამე წელი დაიწყო, რაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ წყალმომარაგების კომპანია GWP-სთან და ერთობლივი ძალისხმევით, ისანში არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მოვაგვარეთ. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ეტაპობრივად მივყვებით პრიორიტეტების მიხედვით ყველა ქუჩას. წელს, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან მონაკვეთზე მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული რეაბილიტაცია იგეგმება, რაც საშუალებას გვაძლევს, საგზაო სამუშაოები ჩავატაროთ და ქუჩებს მოწესრიგებული, თანამედროვე იერსახე მივცეთ“, – აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.

ისნის რაიონის გამგეობა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2020 წლის პრიორიტეტებზე შეჯერდნენ და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ეფექტური გზებიც დაისახეს.

კომენტარი