სახვითი ხელოვნების მუზეუმი ლევან ცუცქირიძის სოლოგამოფენას უმასპინძლებს

სახვითი ხელოვნების მუზეუმი ლევან ცუცქირიძის სოლოგამოფენას უმასპინძლებს

207
გაზიარება

14 იანვარს, 19 საათზე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ლევან ცუცქირიძის სოლოგამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ცნობილ ქართველ მხატვარს, ლევან ცუცქირიძეს 12 იანვარს 94 წელი უსრულდება. მხატვრის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მის სოლოგამოფენას უმასპინძლებს.
გამოფენა 26 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
„ექსპოზიცია აერთიანებს მხატვრის უახლესი და ძველი პერიოდის ნამუშევრებს. დამთვალიერებელს საშუალება ექნება ხელოვანის ძიებები და ტრანსფორმაციის ეტაპები ქრონოლოგიურად იხილოს. წარმოდგენილი ნამუშევრების ნაწილი ბოლო პერიოდშია შექმნილი, რაც ცხადყოფს ცუცქირიძის უწყვეტ და თანმიმდევრულ ვიზუალურ ენას.
თემატურად იკვეთება – რელიგიური, ისტორიული, ლიტერატურული სიუჟეტები. მხატვრის ინდივიდუალური სტილი ამავდროულად ქმნის ქართული კულტურის იდენტობას. კომპოზიციაში უმთავრესად განყენებულია დრო, სივრცე. დროის მიღმა არსებული სცენები ეხმაურება შუა საუკუნეების მონუმენტურ მხატვრობას, რითიც იქმნება სუბიექტურად გააზრებული ერთგვარი არქაიკა.
1960-იანი წლებიდან დღემდე მხატვრის ხელწერა ზომიერი ქრომატულობით და სახვითი ტემპერამენტით თავის თავში მოიცავს ფეოდალური კედლის მხატვრობისა და ფორმალისტური ნიშნების ეკელექტურ სინთეზს.
მოცემული ექსპოზიცია, უახლესი და ძველი პერიოდის ნამუშევრებით, კრავს ფეოდალურ, მოდერნისტულ, საბჭოთა და პოსტსტალინურ ხელოვნებას, რაც შესაძლოა თანამედროვე ქართული ხელოვნების ფორმაციის წინაპირობად აღვიქვათ.
1960-იან წლებში ხრუშჩოვის დათბობის პერიოდის მხატვრები უკუაგდებენ სოცრეალისტურ დოგმებს და ისინი ქმნიან დასავლურ ხელოვნებას, ფერისა და ფორმის სუბიექტური გადააზრებით. ლევან ცუცქირიძე, მისი თანამედროვე მხატვრებისგან განსხვავებით, გააზრებულად იწყებს გაყალბებული ქართული ცნობიერების გადაფასებას და კიდევ უფრო ინდივიდუალური სტილი შემოაქვს.
ლევან ცუცქირიძიის ახალი თემატიკა – რელიგია, ფოლკლორი, ეთნოგრაფია, ლიტერატურული ძეგლები და ისტორია, როგორც ეროვნული მეხსიერების მთავარი ფორმები ემსახურებოდა ქართული ხელოვნების გამოცოცხლებას. მისეული საგმირო პათოსი, სულიერებაზე აქცენტი, უტრირებულ-აზიდული ფიგურები და გეომეტრიულ ფორმებზე აღმოცენებული სიმბოლიზმი ხდება შთაგონების წყარო არაერთი თაობის მხატვართათვის, ესენი არიან: ელგუჯა ამაშუკელი, მერაბ ბერძენიშვილი, ირაკლი ფარჯიანი, მერაბ აბრამიშვილი, ლევან ჭოღოშვილი და ა.შ.
ამ მხატვრებში ქართული ხელოვნების იდენტობა გულისხმობდა მის გადააზრებასა და შერწყმას თანამედროვეობასთან. ცუცქირიძის მოცულობითი და აზიდული ფორმები პასტელური ფერების საშუალებით, როგორც სტილური ტენდენცია, ფართოდ გავრცელდა სკულპტურაში, გრავიურასა და ჭედურ ხელოვნებაში.
დათბობის პერიოდში სოცრეალისტური და, ამავდროულად, ევროპული ტენდენციების უკუგდება მეტყვეებს ლევან ცუცქირიძის გულწრფელ არტისტულ ბუნებასა და ეროვნულ მსოფლმხედველობაზე“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარი