რა იცვლება კანონში, “შავ წერტილებთან” დაკავშირებით, საგზაო შემთხვევების შესამცირებლად?

რა იცვლება კანონში, “შავ წერტილებთან” დაკავშირებით, საგზაო შემთხვევების შესამცირებლად?

813
გაზიარება

საქართველოს საავტომობილო გზებზე “შავი წერტილების” იდენტიფიცირება კანონით დარეგულირდება. ცვლილება შედის “საავტომობილო გზების შესახებ” კანონში, რომელსაც ემატება ახალი მუხლი – “შავი წერტილების” იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.

არსებული ინიციატივის მიხედვით, “შავ წერტილად” განისაზღვრება საავტომობილო გზის არაუმეტეს 300-მეტრიანი მონაკვეთი, რომლის ფარგლებში, 3 წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ადამიანის დაღუპვით დასრულებული არანაკლებ 4 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ან/და ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და დაღუპვით დასრულებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომელთა რიცხვი ჯამურად შეადგენს არანაკლებ ათს.

ამგვარი ზონების იდენტიფიცირებასა და მის შესახებ ინფორმირებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ან/და მუნიციპალიტეტების ორგანოებისთვის, მათ მართვაში არსებული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ავტორი – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. პროექტი პარლამენტშია უკვე ინიცირებული.

არასამთავრობო ორგანიზაციის – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ – თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი აღნიშნულ ცვლილებას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ შავი წერტილების შეფასებას თან უნდა სდევდეს აღსრულების მექანიზმი, რომელიც დაადგენს და აღმოფხვრის ავარიების გამომწვევ მიზეზებს.

ეკა ლალიაშვილი – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე

“შავი წერტილების შესახებ კანონში შესატან ცვლილებას ცალსახად დადებითად შევაფასებ, რადგან ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით ამ ტიპის სივრცეების არსებობაზე, როგორც დედაქალაქში, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით. შავ წერტილებად მონიშნულ ტერიტორიებზე მუდმივად ხდება ავტოსატრანსპორტო შემთხვევები, რაც ხშირად მძიმე ტრავმით ან ფატალური შედეგით სრულდება. არსებული მდგომარეობის შესაცვლელად მნიშვნელოვანია, როგორც საკანონმდებლო ჩანაწერი, ისე მზაობა, რათა მსგავსი ლოკაციების საფრთხისშემცველობა ადეკვატურად შეფასდეს. შეფასებას თან უნდა სდევდეს აღსრულების მექანიზმი, რომელიც დაადგენს და აღმოფხვრის ავარიების გამომწვევ მიზეზებს. უნდა გვესმოდეს, რომ კანონში ჩანაწერი პრობლემას მთლიანად ვერ მოაგვარებს, თუმცა, ამ მიმართულებით, ის მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორად შეგვიძლია განვიხილოთ. აგრეთვე, ყურადსაღებია კანონში ცვლილების შემდგომ განსახორციელებელი აქტიური მოქმედებები, რადგან შემდგომი პრევენციული ზომების მისაღებად აუცილებელია არსებული მდგომარეობის შესახებ სტატისტიკის წარმოება. ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ ის საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც ჩვენთვის ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს და სწორად რეაგირების საშუალებას მოგვცემს.“ – აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

სიახლეს მიესალმება, ასევე, ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარე გელა კვაშილავა, რომელიც გზების უსაფრთხოების რეგულარული ინსპექტირების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ადგილობრივი გზების უსაფრთხოებაზე პასუხი ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა აგოს.

გელა კვაშილავა – ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარე

“საქართველოში სამი ტიპის გზაა: საერთაშორისო მაგისტრალი, საქალაქთაშორისო და ადგილობრივი გზა. საერთაშორისო გზებზე ტარდება ხოლმე საგზაო უსაფრთხოების აუდიტი, მაგრამ, ასევე, მნიშვნელოვანია არსებული საგზაო უსაფრთხოების ინსპექტირება. აუდიტი ყველა გზაზე უნდა ჩატარდეს როგორც მშენებლობის წინ, ასევე, მშენებლობის დასრულების შემდეგ. ინსპექტირება კი უნდა მოჰყვეს გარკვეულ პერიოდში, რადგანაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დიდი ნაწილი გამოწვეულია არა მძღოლის და ქვეითის გამო, არამედ კონფლიქტური სიტუაციებით, რომლებსაც, თავის მხრივ, განაპირობებს ნიშნების მოუწესრიგებლობა, გადასასვლელების ნაკლებობა, სიჩქარის გადაჭარბება, ინფრასტრუქურა და ა.შ.

ე.წ. შავი წერტილების აღმოჩენა და ამ გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულო დიდი ხნის წინ უნდა გამხდარიყო. მნიშვნელოვანია, კანონში გარკვევით ჩაიწეროს, რომ ადგილობრივ გზებზე ადგილობრივი ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. ამისთვის უნდა გამოიყოს ბიუჯეტში შესაბამისი რესურსებიც და კადრების ტრენინგიც უნდა ჩატარდეს.” – განმარტავს გელა კვაშილავა.

მისივე მოსაზრებით, საკითხზე მუშაობისას აუცილებელია, ფატალურ შემთხვევებთან ერთად, აღირიცხოს ტრავმატიზმის შემთხვევებიც, რათა ერთობლივი მონაცემებით, სწორად განისაზღვროს ე.წ. შავი წერტილები.

“დღესდღეობით, მსოფლიოში არსებული ტენდენციით, გზების აუდიტზე, ინსპექტირებასა და საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებაზე საუბრისას, ფატალურ შედეგებთან ერთად, მძიმე ტრავმების შემთხვევებსაც სწავლობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ ამ სისტემას ვნერგავთ, მაშინ ის თანამედროვე ფორმით უნდა დავნერგოთ.” – აღნიშნავს სპეციალისტი.

კომენტარი