რა გავლენა ექნება “შავი წერტილების” შესახებ კანონში შესატან ცვლილებას?

რა გავლენა ექნება “შავი წერტილების” შესახებ კანონში შესატან ცვლილებას?

144
გაზიარება
დავით მესხიშვილი - საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე

საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი საავტომობილო გზებზე “შავი წერტილების” იდენტიფიცირებას კანონით დარეგულირებს. ცვლილება შედის “საავტომობილო გზების შესახებ” კანონში, რომელსაც ემატება ახალი მუხლი “შავი წერტილების” იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.

არსებული ინიციატივის მიხედვით, “შავ წერტილად” განისაზღვრება საავტომობილო გზის არაუმეტეს 300  მეტრიანი მონაკვეთი, რომლის ფარგლებში 3  წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ადამიანის დაღუპვით დასრულებული არანაკლებ 4 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ან/და ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და დაღუპვით დასრულებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომელთა რიცხვი ჯამურად შეადგენს არანაკლებ ათს.

ამგვარი ზონების იდენტიფიცირებასა და მის შესახებ ინფორმირებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ან/და მუნიციპალიტეტების ორგანოებისთვის, მათ მართვაში არსებული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიხედვით,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს.

აღნიშნულ საკითხს „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი, დავით მესხიშვილი ეხმაურება და აღმასრულებელი რგოლის როლზე ამახვილებს ყურადღებას.

„სიახლე, რომლის შესახებაც საზოგადოებამ შეიტყო, ნამდვილად მისაღებია,  რადგან ჩვენ წლებია ამ პრობლემატური საკითხის მოგვარებას ვითხოვთ. პირველ რიგში უნდა მოხერხდეს არსებული „შავი წერტილების“ აღიარება, შემდგომში სათანადო ღონისძიებების გასატარებლად. მნიშვნელოვანია, რომ საფრთხისშემცველი ზონების იდენტიფიცირება მოხდება, თუმცა აუცილებელია ვიცოდეთ, თუ ვინ შეისწავლის ამ სივრცეებს, ვინ დაადგენს  პრევენციულ მექანიზმებს და როგორ წარიმართება პროცესი, რომლის მეშვეობითაც თავიდან ავირიდებთ მოსალოდნელ ტრაგედიებს. ამ მხრივ, არსებობს საერთაშორისო გამოცდილება, მათ შორის ევროკავშირის, რომელიც განსაზღვრავს გასატარებელ ღონისძიებებს. მივესალმები კანონში „შავი წერტილების“ შესახებ განხილულ ჩანაწერს, თუმცა როგორც აღვნიშნე, მთავარია გავიგოთ, თუ როგორ და ვის მიერ დადგინდება ზემოხსენებული ზონების არსებობის გამომწვევი რეალური მიზეზები. იმ ფონზე, როდესაც საქართველოში საგზაო უსაფრთხოების სტრუქტურა არ გვაქვს, რადგან საპატრულო პოლიცია უკვე მომხდარ ფაქტებზე რეაგირებას უზრუნველყოფს, პროცესი ძალიან რთულად წარსამართია. ამიტომ არის გადამწყვეტი საქმიანობაში პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული სტრუქტურის შექმნა, რომელიც საგზაო უსაფრთხოებასა და პრევენციაზე იმუშავებს“. – აცხადებს დავით მესხიშვილმა

კომენტარი