ოქროს უბნის მოსახლეობა, მოასფალტებული მოედნის ნაცვლად, პარკის მოწყობას ითხოვს

ოქროს უბნის მოსახლეობა, მოასფალტებული მოედნის ნაცვლად, პარკის მოწყობას ითხოვს

1236
გაზიარება

ქალაქს სარეკრეაციო სივრცეები აკლია, ოქროს უბანს – განსაკუთრებით. აქაურებს დასვენების და სპორტული აქტივობის საშუალებები არ აქვთ, ცხოვრების პირობები კი ძალიან მძიმეა – გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერი, მანქანების ხმაური, ურთიერთობებისთვის გამოსადეგ საზოგადოებრივ სივრცეთა არარსებობა, ბინების სავალალო მდგომარეობა. სწორედ ამიტომ მოითხოვს მოსახლეობა ოქროს უბანში პარკის მოწყობას. ამ მოთხოვნით, მათ ბოლო დროს არაერთი აქცია გამართეს, ახლა კი, ეს იდეა გასამარჯვებლად დედაქალაქის მერიის მიერ შექმნილ პლატფორმაზე იბრძოლებს. თუ წინადადება 2500-ზე მეტ ხმას დააგროვებს, ქალაქის ხელმძღვანელობა მას განიხილავს.

“ოქროს უბანში ცხოვრების გაუსაძლისი პირობებია – ავტოტრანსპორტის მოძრაობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება და ხმაური ამ ადგილს ცხოვრებისთვის უვარგისად ხდის. ასეთ პირობებში დასასვენებელი, სათამაშო, სპორტული სივრცე მისწრება იქნებოდა და საამისო ადგილი ოქროს უბანს აქვს კიდეც – 1,5 ჰექტრამდე ფართობის( 15913 კვ.მ.) მქონე ყოფილი სპორტული მოედანი ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილისა და კლდიაშვილის ქუჩებს შორის არსებულ კვარტალში. თუმცა, ეს სარეკრეაციო სივრცე ამ 10 წლის წინ გაანადგურეს და ახლა იქ მოასფალტებული მოედანიღაა დარჩენილი. ეს თბილისის თვითმმართველობის, ე.ი. მოქალაქეების საკუთრებაში მყოფი ერთადერთი ადგილია არა მარტო ამ უბანში, არამედ გაცილებით დიდ არეალზე, სადაც გამწვანებული, დასასვენებელი სივრცის მოწყობა შეიძლება. ოქროსუბნელებმა რამდენჯერმე მიმართეს ქალაქის მმართველობას აქ პარკის მოწყობის მოთხოვნით. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ქალაქის მმართველობას აღნიშნული კვარტლის არც გამოსყიდვა ჭირდება ვინმესგან, არც ადგილმონაცვლეობა – ის მოქალაქეებისაა. არც ხარჯია გასაწევი ისეთი, თბილისის მმართველობამ რომ ვერ იტვირთოს. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ აქ, ტრანსპორტით გადაჭედილ ქალაქის ისტორიულ უბანში, პარკის მოწყობა ამოასუნთქებდა არა მარტო ოქროს უბნის მაცხოვრებლებს, ეს მთლიანად თბილისის პრესტიჟსაც ერთი ორად აამაღლებდა. ამიტომ სწორი იქნება, ქალაქის მერმა დააკმაყოფილოს მოქალაქეების მოთხოვნა და აღნიშნულ ადგილას გააკეთოს პარკი.” – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ვებგვერდზე – შენი იდეა ქალაქის მერს – მოქალაქე მიხეილ ტარასაშვილმა ატვირთა.

მოსახლეობის ამ მოთხოვნას უერთდება “ქალაქგეგმარების რეალური ლაბორატორია” და “საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები”.

ეს კი ის ადგილია, რომელსაც იდეის ავტორები მომავალ საპარკო ტერიტორიად განიხილავენ👇

კომენტარი