რას მოიტანს ქარის ელექტროსადგურების დაანონსებული პროექტი?

რას მოიტანს ქარის ელექტროსადგურების დაანონსებული პროექტი?

149
გაზიარება

თბილისთან და კასპთან ქარის ელექტროსადგურებს ააშენებენ. პროექტზე კომპანია „საქართველოს კაპიტალი“ იმუშავებს. მთავრობამ აღნიშნული კონცეფცია მოიწონა და ელექტროსადგურების მშენებლობა 2022 წლის მეორე ნახევარში დასრულდება.

საუბარია 108 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურებზე, რაც, დაახლოებით, ხუთჯერ აღემატება გორთან მოქმედი ქარის ელექტროსადგურის სიმძლავრეს, რომელიც 20.7 მეგავატს შეადგენს.

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ საქართველოში წყლის ენერგიის გარდა, ქარის გამოყენების ძალიან კარგი პოტენციალი არსებობს. ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ ეს ორი ბუნებრივი რესურსი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და მათი ცალკეული მიმართულებების განვითარება არაპროდუქტიული იქნება.

გიორგი ჩიქოვანი – საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი

„ქარის გარეშე რთულია ჰიდრორესურსის განვითარება და პირიქით. რეზერვების არ ქონის შემთხვევაში, ქსელზე ქარის მიერთება ძალიან ჭირს, ვინაიდან ის არ წარმოადგენს სტაბილურ წყაროს. ჩვენგან დამოუკიდებლად შესაძლებელია მისი შეფერხება, გაჩერება და გააქტიურება, რაც სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. “ – აღნიშნავს ჩიქოვანი “სითი კვირასთან” საუბრისას.

ის მიესალმება არამხოლოდ დაანონსებულ პროექტს, არამედ 2030 წლამდე ენერგეტიკის სისტემაში გაწერილ გეგმას, რომელიც  საქართველოში აღნიშნული დარგის თანმიმდევრულ განვითარებას გულისხმობს.

„ქარის რესურსის გარდა, ჩვენთვის საინტერესოა მზე, ბიომასა და ა.შ. ზოგადად, ალტერნატიული წყაროების განვითარება არის ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სტრატეგიის ძირითადი ნაწილი.

საქართველოში არსებობს გარკვეული ზონები, სადაც პოტენციურად განიხილება ქარის ენერგიის გამოყენება. ეს ტერიტორიები, ძირითადად, განლაგებულია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ნაწილში, კერძოდ, ზესტაფონის, საჩხერის, მუხათგვერდის, კასპის, გორისა და თბილისის მიმდებარე ტერიტორიებზე. საერთო ჯამში, 2030 წლამდე ჩვენს ქვეყანას ქარის ენერგიიდან 1200 მეგავატის გამომუშავება შეუძლია.” – აცხადებს გიორგი ჩიქოვანი.

დაანონსებულ სიახლეს დადებითად აფასებს ენერგეტიკოსი გია არაბიძეც და აღნიშნავს, რომ როგორც ეკოლოგიურად, ისე ეკონომიკურად მისაღებ ნებისმიერი ტიპის წამოწყებას მიესალმება.

გია არაბიძე – ენერგეტიკოსი

„ზოგადად, შეფასებულია, რომ საქართველოში ქარის ენერგიით, ჯამურად, ერთ წელიწადში, დაახლოებით, 4,5 მილიარდი კილოვატი საათის გამომუშავებაა შესაძლებელი. მე, როგორც ენერგეტიკოსი, მივესალმები ნებისმიერი გენერაციის ობიექტის აშენებას, რომელიც ეკოლოგიურად და ეკონომიკურად იქნება მომგებიანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავიწყეთ ქარის ენერგიის ათვისება, რისი ბიძგიც გორში აშენებულმა ელექტროსადგურმა მოგვცა, რომელმაც ნამდვილად გაამართლა, როგორც ტექნიკური პარამეტრებით, ისე წლიური გამომუშავებით. აქამდე დიდ პრობლემას წარმოადგენდა ჩვენი სისტემის მდგრადობა და უსაფრთხოება. კერძოდ, ქარისა და მზის რესურსი არ არის სანდო და სტაბილური წყარო, რადგან ჩვენ არც ერთი გვემორჩილება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც პარალელურ რეჟიმში მხოლოდ ერთ მეზობელთან მუშაობა შეუძლია, ეს საკითხი პრობლემატურია. შესაბამისად, ჩვენ გვიჭირდა იმ სიმძლავრეების შეყვანა, რომელთა ერთბაშად გამოთავისუფლება სისტემას პრობლემას შეუქმნიდა. ამის გათვალისწინებით, სულ შეირჩა 9-10 ლოკაცია, სადაც სხვადასხვა სიმძლავრის ობიექტი განისაზღვრა. ეს მიდგომა კი, ენერგეტიკის სისტემის წარმომადგენლების მტკიცებით, საფრთხეს არ შეუქმნის მის მდგრადობას. ისეთ შემთხვევებში, როდესაც ჩვენს ქარის ელექტროსადგურს უეცრად შეუწყდება ენერგია, ჩვენ უნდა გვქონდეს სარეზერვო სიმძლავრე, რათა თავი დავიზღვიოთ. მალე ექსპლუატაციაში შევა გარდაბნის სადგური, რომელიც ამ ტიპის პრობლემის პრევენციისთვის კიდევ ერთი საშუალება იქნება. და ბოლოს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, განახლებადი ენერგიის თვითღირებულება, ქარის შემთხვევაში, ძალიან ახლოს არის ნაყიდ ელექტროენერგიასთან და ახალ აშენებულ ჰიდროელექტროსადგურებთან, შესაბამისად, ეკონომიკური თვალსაზრისითაც ვერ ვხედავ პრობლემას.“ – აცხადებს გია არაბიძე.

კომენტარი