როგორ უნდა განისაზღვროს გზებზე “შავი წერტილები” – სპეციალისტის მოსაზრება

როგორ უნდა განისაზღვროს გზებზე “შავი წერტილები” – სპეციალისტის მოსაზრება

159
გაზიარება

საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი საავტომობილო გზებზე “შავი წერტილების” იდენტიფიცირებას კანონით დაარეგულირებს. ცვლილება შედის “საავტომობილო გზების შესახებ” კანონში, რომელსაც ემატება ახალი მუხლი “შავი წერტილების” იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.

არსებული ინიციატივის მიხედვით, “შავ წერტილად” განისაზღვრება საავტომობილო გზის არაუმეტეს 300 -მეტრიანი მონაკვეთი, რომლის ფარგლებში, 3  წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ადამიანის დაღუპვით დასრულებული არანაკლებ 4 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ან/და ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და დაღუპვით დასრულებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომელთა რიცხვი, ჯამურად, შეადგენს არანაკლებ ათს.

ამგვარი ზონების იდენტიფიცირებასა და მის შესახებ ინფორმირებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ან/და მუნიციპალიტეტების ორგანოებისთვის, მათ მართვაში არსებული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიხედვით,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.

ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” ამ ნაბიჯს მიესალმება. როგორც ფონდის დირექტორი, ირაკლი იზორია “სითი კვირასთან” საუბრისას აღნიშნავს, ინიციატივის საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირება აუცილებელია, თუმცა უმჯობესი იქნება, თუ სახიფათო ადგილები უფრო კონკრეტულად განისაზღვრება.

“ჩვენ 2010 წლიდან ვითხოვდით სახელმწიფოსგან, საქართველოში “შავი წერტილების” იდენტიფიცირების პროგრამა შექმნილიყო. 2013 და 2014 წელს ჩვენ გვქონდა საპილოტე პროგრამა – პლატფორმა, რომელსაც megobruligzebi.ge დავარქვით. აქ მოსახლეობას შეეძლო, დაეფიქსირებინა ის ადგილები, სადაც ხშირად ხდებოდა ავტოსაგზაო შემთხვევები ან მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა იყო. მაშინ, დაახლოებით, 500 წერტილი აღვნიშნეთ. უმეტეს შემთხვევებში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, ვითარება გამოსწორდა, თუმცა ეს ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე არ იყო გაწერილი და ზუსტად ამას ვითხოვდით.

რაც შეეხება, ზოგადად, “შავი წერტილების” პროგრამას, ის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად არის წარმოდგენილი. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში ეს შეიძლება იყოს 100-მეტრიანი მონაკვეთი და 1 ადამიანის სიკვდილიც კი. ჩვენთან საუბარია 300-მეტრიან დისტანციაზე, “შავ მონაკვეთზე”, სადაც ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. კარგი იქნებოდა თუ უფრო კონკრეტულები ვიქნებოდით და მცირე დისტანციებს განვსაზღვრავდით. შეიძლება კონკრეტული “შავი წერტილი” იყოს ერთი ადგილი, სადაც, მაგალითად, სახიფათო მოსახვევი მდებარეობს. სახიფათო მონაკვეთებს აღვნიშნავდით 300-მეტრიანი დისტანციით და უშუალოდ “შავ წერტილებს” უფრო ლოკალურად, კონკრეტულ ადგილებზე, მაქსიმუმ 50-მეტრიან ლოკაციებად დავაფიქსირებდით. თუ ეს ნაბიჯი გადაიდგმება და კანონს მიიღებენ, კარგი იქნება, შემდეგ მის დახვეწაზე ვიმუშაოთ. პირველ ეტაპზე, კანონში ამ ცვლილების შეტანა აუცილებელია და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ.

რაც მთავარია, კანონის მიღების შემდეგ უნდა შეიქმნას მისი აღსრულების ეფექტური მექანიზმი. თუ “შავ წერტილს” დააფიქსირებენ, ინსპექტირება მყისიერად უნდა ჩაატარონ და პრობლემა მოაგვარონ.” – აცხადებს ირაკლი იზორია.

კომენტარი