ვაკის პარკში „ბუდაპეშტის“ აშენება ისევ სურთ – შეძლებს თუ არა ინვესტორი სურვილის...

ვაკის პარკში „ბუდაპეშტის“ აშენება ისევ სურთ – შეძლებს თუ არა ინვესტორი სურვილის ასრულებას?

1003
გაზიარება
დაბინდული ნაწილი წარმოადგენს იმ არეალს, რომელსაც მერია ოფიციალურად მიიჩნევს ვაკის პარკის ტერიტორიად. წითლად მონიშნულია უშუალოდ ის ნაკვეთი, სადაც ინვესტორს სასტუმროს აშენება სურს

ზუსტად ერთი წლის წინ გავიგეთ, რომ სასტუმრო „ბუდაპეშტი“ ვაკის პარკის ტერიტორიაზე აღარ აშენდებოდა და ჩავთვალეთ, რომ რამდენიმეწლიანი პროტესტი წარმატებით დასრულდა – ვაკის პარკი გადარჩა და მოსახლეობამ გამარჯვება იზეიმა, თუმცა დღეს, ამ ამბიდან 1 წლის თავზე საკითხი ისევ აქტუალური გახდა.

როგორც Bm.ge-სთან საუბრისას სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელმა, გიორგი ზაქაიძემ განაცხადა, ისინი 1 წელი ელდებოდნენ მერიის პასუხს, აუნაზღაურებდნენ ინვესტირებულ თანხას თუ ადგილმონაცვლეობას შესთავაზებდნენ. ზაქაიძის თქმით, მერიას გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია, ამიტომ „ბუდაპეშტის“ მესვეურები მშენებლობას ისევ აპირებენ.

„მეტი დროის კარგვას აღარ ვაპირებთ. ჩვენ გვაქვს მშენებლობის უფლება და იანვრის ბოლოს შევიტანთ მერიაში განცხადებას, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ავაშენოთ სასტუმრო „ბუდაპეშტი“. რადგან შევთანხმდით, დაველოდეთ, რას შემოგვთავაზებდნენ. მათგან კი კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ… თუ კანონი არსებობს ამ ქვეყანაში, მაშინ მშენებლობის ნებართვის ქონის პირობებში, ვერაფერი შეგვიშლის ხელს. თუ უკანონოდ, ვიღაცის გულის მოგების გამო დაგვაბრალებენ, თითქოს ჩვენ რამეს ვაფუჭებთ, კი, ბატონო. მაშინ ეს უკვე იქნება ფიზიკური დაპირისპირება, ვის რა შეუძლია”, – აღნიშნა Bm.ge-სთან საუბრისას გიორგი ზაქაიძემ.

ზაქაიძისგან განსხვავებით, არქიტექტორი და იურისტი თემო კალანდაძე მიიჩნევს, რომ ინვესტორი მოცემულ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებას ვერ შეძლებს. არქიტექტორის განმარტებით, „ბუდაპეშტის“ მესვეურებს შესაბამისი ნებართვა არ გააჩნიათ.

თემო კალანდაძე – არქიტექტორი, იურისტი

„მე ერთ-ერთი მოსარჩელე გახლავართ „ვაკის პარკში“ სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებული საქმისა, რომელიც პირველ ინსტანციაზე მოვიგეთ. კომპანიამ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და გადაწყვეტილება გაუქმდა. მიუხედავად ამისა, მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან მიღწეულ იქნა შეთანხმება ადგილმონაცვლეობაზე – მესაკუთრე სანაცვლოდ დათანხმდა შესაბამისი ღირებულების მიწის ნაკვეთის მიღებას. რა მოხდა შემდეგ, არ ვიცი, დღეის მდგომარეობით, კომპანიას მშენებლობის ნებართვა არ აქვს, რადგან ძველს გაუვიდა ვადა, ხოლო ახალი არ მიუღია. მშენებლობის ნებართვას ვერც მომავალში მიიღებენ, რადგან მიწის ნაკვეთი იმთავითვე იყო „ვაკის პარკის“ ისტორიულ ტერიტორიაზე. ხოლო მას შემდეგ, რაც, ჩვენი დაჟინებული თხოვნით, დავით ნარმანიამ მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს შემოუერთა 15 ჰექტარი და „ვაკის პარკის“ ტერიტორია გახდა 34 ჰა, სადავო მიწის ნაკვეთი უკვე ოფიციალურადაც მოექცა პარკის ცენტრალურ ნაწილში. ასე რომ, ზაქაიძის სურვილი – „ბუდაპეშტი“ ააშენოს „ვაკის პარკის“ მიმდებარედ, ვერ განხორციელდება, რადგან მიწის ნაკვეთი შუა „ვაკის პარკშია“. „ვაკის პარკის“ ისტორიულად კუთვნილი ტერიტორია და მისი ისტორიული საზღვრები ცალკე საუბრის თემაა, რომელსაც რატომღაც არიდებდა თავს დედაქალაქის ძველი და არიდებს თავს ახალი ხელისუფლება.“ – აცხადებს თემო კალანდაძე.

რაც შეეხება დედაქალაქის ხელმძღვანელობას, ინვესტორის განცხადებასთან დაკავშირებით, კომენტარი თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ინვესტორი საკუთარი სურვილის ასრულებას ვერ შეძლებს. ხმალაძის განმარტებით, 1-წლიანი მოლაპარაკების მანძილზე მერიამ მათ არაერთი ფართი შესთავაზა, რაზეც თავად განაცხადეს უარი. ინვესტორი ადგილმონაცვლეობისთვის მოითხოვდა ისეთ შენობებს, სადაც სახელმწიფო სტრუქტურები ფუნქციონირებს. ამ მოთხოვნას კი, დედაქალაქის მერია ვერ დააკმაყოფილებდა.

„ვაკის პარკის ტერიტორიაზე რისი აშენებაც უნდათ, ვერ აშენდება. თუ კომპანია ჩათვლის, რომ არბიტრაჟში უნდა წავიდეს, ასეც უნდა მოიქცეს, რადგან მერია არ თვლის, რომ ვინმესთვის რამე აქვს ასანაზღაურებელი. არ მივიღებთ ბრალდებებს, თითქოს მოლაპარაკება დესტრუქციულ რეჟიმში წავიყვანეთ, იმასაც ვიტყვი, რომ მიწის ფონდი მუნიციპალიტეტს საკმაოდ მწირი აქვს. დიდი ფართები მუნიციპალიტეტს ნამდვილად არ აქვს, მაგრამ რაც გვაქვს, იმის შეთავაზებები მოხდა. მათი მხრიდან რა შეთავაზებებიც იყო სახელმწიფო უწყებების მიმართ, ისეთ შენობებს ითხოვდნენ, სადაც სახელმწიფო სტრუქტურები ფუნქციონირებს.

მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვიტეს, დაიწყონ სამართლებრივი დავა მშენებლობის ნებართვის მისაღებად, მაინც ვერაფერს ააშენებენ. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მთავარი, ხოლო მეორეხარისხოვანია, თუ როგორ მორიგდება მუნიციპალიტეტი და ეს კომპანია. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 6-მილიონიანი მიწის მონაცვლეობა თბილისის მუნიციპალიტეტისთვის არ არის ადვილი საქმე და ამას დრო სჭირდება.“ – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

კომენტარი