პასუხი უნდა მოეკითხოს როგორც ინვესტორს, ისე ქალაქის მმართველობას – ზურაბ ბაქრაძე „ბუდაპეშტზე“

პასუხი უნდა მოეკითხოს როგორც ინვესტორს, ისე ქალაქის მმართველობას – ზურაბ ბაქრაძე „ბუდაპეშტზე“

427
გაზიარება

ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხი, რომელიც ერთი წლის წინ მოსახლეობის სასიკეთოდ გადაწყდა, კვლავ აქტუალურია. პროექტის ხელმძღვანელმა, გიორგი ზაქაიძემ განაცხადა, რომ ის საკმარისად ელოდა მერიის გადაწყვეტილებას ინვესტირებული თანხის ანაზღაურების ან ადგილმონაცვლეობის შესახებ და მეტ ლოდინს არ აპირებს. ამიტომ, სასტუმროს მშენებლობა გაგრძელდება.

დედაქალაქის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ ინვესტორი საკუთარი სურვილის ასრულებას ვერ შეძლებს. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის, განმარტებით, 1-წლიანი მოლაპარაკების მანძილზე მერიამ მათ არაერთი ფართი შესთავაზა, რაზეც თავად განაცხადეს უარი. ინვესტორი ადგილმონაცვლეობისთვის მოითხოვდა ისეთ შენობებს, სადაც სახელმწიფო სტრუქტურები ფუნქციონირებს. ამ მოთხოვნას კი, დედაქალაქის მერია ვერ დააკმაყოფილებდა.

აღნიშნულ საკითხს ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე ეხმაურება და ინვესტორის მიერ წარმოებული საქმიანობის უკანონობაზე მიუთითებს.

„მშენებლობის უფლება, მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებით, თავიდანვე იყო კანონდარღვევით გაცემული, რაც იმის საფუძველია, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა არ წარიმართოს. სამწუხაროდ, სასამართლოს მეორე და მესამე ინსტანციებმა ეს ფაქტი არ გაითვალისწინეს, რაც ჩვენი სასამართლო სისტემის პირობებში გასაგებია. თუმცა მე, როგორც სპეციალისტმა, რომელმაც ვიცი საქართველოს სამშენებლო სამართალი, შემიძლია დავადასტურო, რომ ეს გადაწყვეტილება, ყველა ფორმალური წესის მიხედვით, იყო უკანონო.

ამ ყოველივეს შემდეგ ქალაქის მმართველობა მიხვდა საკითხის მთელ სიმწვავეს და ზიანს, რომელიც მიადგა ვაკის პარკსა და თბილისის მოსახლეობას. პრობლემის გაცნობიერებას მოჰყვა მერიის ინიციატივა სამშენებლო ზონის ადგილმონაცვლეობის შესახებ, რაც დადებითად გადაწყდა.“ – აღნიშნავს ზურაბ ბაქრაზე.

ქალაქმგეგმარებელი მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა მენაშენესა და სახელმწიფო სტრუქტურებს თანაბრად ეკისრებათ და აქცენტს ინვესტორის მიერ საქმის შეგნებულად ჩიხში შეყვანაზე აკეთებს.

„რაც შეეხება სიახლეს, რომლის მიხედვითაც ზემოხსენებული შეთანხმება არ განხორციელდება, ამაზე პასუხი უნდა მოეკითხოს, როგორც ინვესტორ გიორგი ზაქაიძეს, ისე ქალაქის მმართველობას. ის, რაზეც ზაქაიძე საუბრობს, შესაძლოა იყოს ცალმხრივი სიმართლე და იგი მიზანმიმართულად აყენებს შეუსრულებელ მოთხოვნებს, რათა საქმე ჩიხში შეიყვანოს. თავის მხრივ, მერიას მოუწევს აღებული პასუხისმგებლობის შესრულება.

იმ შემთხვევაში, თუ გაირკვა, რომ მენაშენე შეგნებულად მიმართავს საქმის ჩიხში შემყვან მოქმედებებს, მით უარესი მისთვის, რადგან სამოქალაქო საზოგადოება, ისევე როგორც წარსულში, მშენებლობას არაფრით დაუშვებს. ეს მოცემულობა კი საქმეს გაართულებს, როგორც მენაშენისთვის, ისე ქალაქის მმართველობისა და მოსახლეობისთვის. სწორედ ამიტომ, შესაბამისმა პირებმა უნდა მიიღონ ისეთი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს. საუბარი იმაზე, რომ მშენებლობა უნდა განხორციელდეს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, არის თავხედობა, რადგან მრავალჯერ დადასტურდა, რომ ეს არის შუაგული ვაკის პარკის ზონა. შესაბამისად, კეთილი უნდა ინებოს ორივე მხარემ, მოილაპარაკონ და საზოგადოებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ.“ – აცხადებს ზურაბ ბაქრაძე.

კომენტარი