ლისის ტბის ტერიტორია საზოგადოებრივ-სარეკრეაციო დანიშნულებით უნდა განვითარდეს – ურბანისტი

ლისის ტბის ტერიტორია საზოგადოებრივ-სარეკრეაციო დანიშნულებით უნდა განვითარდეს – ურბანისტი

272
გაზიარება

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ლისის ტბის ტერიტორიაზე მშენებლობებზე შეზღუდვები უახლოეს მომავალში მოიხსნება. გარდა ამისა, მესაკუთრეებს მიეცემათ გაიდლაინები, თუ როგორ უნდა მოხდეს იქ განაშენიანება.

აღსანიშნავია, რომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქაოსური განაშენიანების საფრთხის გამო, ქალაქის ხელმძღვანელობამ მშენებლობა შეზღუდა, რათა სამომავლო განაშენიანება დაგეგმილიყო. როგორც ხმალაძემ განმარტა, გეგმა უკვე მზადაა.

ურბანისტი პაპუნა ძიძიგური მიიჩნევს, რომ ტერიტორიის სამომავლო განაშენიანების პროცესს მერიაც და ინვესტორებიც ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდნონ. მთავარი კონცეფცია, რაზეც განაშენიანება უნდა დაფუძნდეს, რეკრეაციაა.

„ლისის ტბის ტერიტორია ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიურია. ცხადია, ეს უნდა იყოს, პირველ რიგში, რეკრეაციული ტერიტორია. თუ საცხოვრებელიც იქნება, მაშინ ეს მიმართულება უნდა შეიზღუდოს და დაბალსართულიანი, სააგარაკე ტიპის საცხოვრებლებით დაკომპლექტდეს. საფრთხილოა, რადგან გვაქვს ნეგატიური გამოცდილება, როცა მერიამ ამ ტერიტორიებზე სასაფლაოს პროექტი შეათანხმა. საბედნიეროდ, შემდეგ უარი თქვეს, თუმცა ყურადღება რომ არ მიგვექცია, შესაძლოა დაეტოვებინათ. ამ არეალზე სკალპელით მუშაობაა საჭირო. აქ არ უნდა იყოს მკვდარი ზონა. მისი განვითარება საზოგადოებრივ-სარეკრეაციო დანიშნულებით უნდა მოხდეს. თუ მენაშენეები საკუთარ ნებაზე მივუშვით, კატასტროფა იქნება.“ – აცხადებს ურბანისტი.

კომენტარი