ცოცხალი ადამიანი ვარ და მეც მეშინია, უნდა იცოცხლოო და მეც ვცოცხლობ –...

ცოცხალი ადამიანი ვარ და მეც მეშინია, უნდა იცოცხლოო და მეც ვცოცხლობ – „მარტოობის 40 წელიწადი“

275
გაზიარება

სოფელი სტუდიონკა 60 წლის წინ დაიღუპა, მაშინ, როდესაც მისი გული – მაზუთის ქარხანა დაიხურა, რომელიც ადგილობრივებს სამსახურით უზრუნველყოფდა. მოსახლეობა ისე გაქრა, თითქოს არც არასდროს უცხოვრია იქ ვინმეს. დროთა განმავლობაში, სახლები მიწასთან გაასწორეს, ადგილებზე, სადაც აქამდე ბავშვები იზრდებოდნენ, ახლა ბუჩქები და სოკოები ამოდის, მიტოვებულმა წყაროს წყალმა მინდორი დატბორა.

გორაკზე, რომელიც ტყემ ქალაქისგან შორს გადამალა, ერთი სახლი დარჩა, სადაც ერთი ადამიანი შუქის, ბუნებრივი აირის, ტელეფონისა და წყალგაყვანილობის გარეშე ცხოვრობს. მან არაფერი იცის ვალუტის კურსის ან ახალი თაობის სმარტფონების შესახებ. ის მაინც და მაინც არაა კმაყოფილი მომხდარით, მაგრამ, მას კარგად ესმის, რომ წარსულს ვერ შევცვლით, ხოლო სიცოცხლე უნდა განვაგრძოთ.

ბელორუსიის დასავლეთით მაღალი დამცავი ღობეა  – ეს იმას ნიშნავს, რომ საზღვართან მოვედით. ირგვლივ მხოლოდ ტყეა. ტბორის მიღმა ხის სახლი ჩანს, ეს ქვეყანაში ბოლო სახლია.

იქ სტანისლავა მელიუტი ცხოვრობს, მოხუცი ქალბატონი, რომელიც 82 წლისაა.

სახლი არასახარბიელოდ გამოიყურება, მაგრამ ქალი მაინც ცდილობს წესრიგი შეინარჩუნოს. პატარა ოთახის კედლებზე მტვრისგან გაწმენდილი სურათებია ჩამოკიდებული, მაგიდაზე, რომელზეც მოჩუქურთმებული სუფრაა გადაფარებული, ახალი ყვავილები დგას, ფანჯრებს „გაკრახმალებული“, ქათქათა ფარდები ამშვენებს. სტუმრები აქ იშვიათად მოდიან.

57 წლის წინ ახალგაზრდა სტანისლავა აქ მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. სოფელში მაზუთის ქარხანა იყო, რომელსაც თანამშრომლებისთვის საერთო საცხოვრებელიც კი ჰქონდა. შემდეგ სამსახურიც დაიკარგა, რადგან ქარხანა დაიკეტა. ახალგაზრდები პოლონეთში წავიდნენ, მოხუცები კი გარდაიცვალნენ. სოფელში მხოლოდ ერთი ოჯახი დარჩა.

„ჩვენც გვინდოდა გადასვლა, როგორც ყველას, მაგრამ ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გვინდა. სხვა სოფელში გვინდოდა გადაგვეტანა სახლი, მაგრამ მალევე ჩემი მეუღლე დაიღუპა და ორ შვილთან: 5 წლის ვაჟთან და 9 წლის გოგონასთან დავრჩი მარტო. დამხმარე ჩვენ არავინ გვყავდა, ამიტომ საკუთარი თავი თავად გაგვქონდა. ძალიან რთული იყო ასეთ პირობებში მათი გაზრდა. დილას ძალიან ადრე გვიწევდა გაღვიძება, გვერდზე სოფელში მდებარე სკოლაში რომ მიმეყვანა, მაგრამ რას იზამ, როდესაც საჭიროა… მარტომ სხვაგან გადასვლა ვერ შევძელი. დღეს დღე მისდევდა და აი, სიბერეც მოვიდა.“ – ამბობს მოხუცი.

ახლა ის სახლში მარტო ცხოვრობს. შვილები სასწავლებლად ქალაქში წავიდნენ და ოჯახებიც შექმნეს. ისინი ცდილობენ ხშირად ინახულონ დედა და მიეხმარონ კიდეც.

„აქ მათ არაფერი ესაქმებათ. ქალაქში სამსახურია, ქალაქში ცხოვრებაა… აქ მხოლოდ მოხუცები თუ გაჩერდებიან. მათ აქ ბავშვობაშიც არ ჰქონდათ გასართობი, მოდიოდნენ სკოლიდან და იყვნენ ორნი, მარტო… როცა წამოიზარდნენ, სხვა სოფელში მიდიოდნენ საცეკვაოდ, მეგობრების სანახავად. ამაში ცუდი არაფერია. ახლა ისინი, შეძლებისდაგვარად, ხშირად ჩამოდიან, მათ საკუთარი საქმეებიც ბევრი აქვთ. მეხმარებიან მესაზღვრეები – ხან წყალს მიზიდავენ, ხანაც ქალაქიდან პურს ამომიტანენ, მაგრამ მე ლაპარაკი მინდა, მათ კი არ სცალიათ, ორიოდე წუთით თუ შემომივლიან ხოლმე. ხანდახან საშინელ სიმარტოვეს ვგრძნობ, მაგრამ არაუშავს, შევეჩვიე. მე ცოცხალი ადამიანი ვარ. მეც მეშინია, მაგრამ უნდა ვიცოცხლო და აი, მეც ვცოცხლობ“.

მოხუცის სახლში არასდროს ყოფილა წყალგაყვანილობა, ბუნებრივი აირი, დენი და ტელეფონი. გასართობი საშუალებებიდან მას მხოლოდ წიგნები და ელემენტებზე მომუშავე რადიო აქვს.

მოხუცს არაფრის შეცვლა არ სურს. როგორ ამბობს, ამ ასაკში სხვა ტალღაზე გადაწყობა ძნელია. ქალბატონს უკვე დიდი ხანია, არ დაუტოვებია თავისი შემოუღობავი მიწის ნაკვეთი. ყველაზე დიდი მოგზაურობა, რომლის ნებაც მან შეიძლება საკუთარ თავს დართოს, სოკოების მოკრეფაა, სახლიდან ათიოდე მეტრში.

კომენტარი